ხელოვნება

მაგდა გურული: “აღმაშენებლის მოედნისთვის სკულპტურების უმეტესობა სტერეოტიპულია”

12 მარტი, 2012 •
მაგდა გურული: “აღმაშენებლის მოედნისთვის სკულპტურების უმეტესობა სტერეოტიპულია”

იმ სკულპტურების ფოტოები, რომელთაგან ერთ–ერთიც მარჯანიშვილის მოედანზე დაიდგმება, მერიის არქიტექტურის სამსახურის ოფიციალურ ვებ–გვერდზე უკვე გამოქვეყნებულია.

როგორც ხელოვნებათმცოდნე მაგდა გურული ამბობს, მასზე “წარმოდგენილმა ნამუშევრებმა ძირითადად დამთრგუნველი შთაბეჭდილება მოახდინა”, თუმცა ზოგადად კონკურსის ჩატარების იდეას მიესალმება:

“დამთრგუნველია–მეთქი, ყველა პროექტზე ვერ ვიტყვი, ერთი–ორი მომეწონა კიდეც, თუმცა მათი უმეტესობა სტერეოტიპული მესიჯის მქონეა, ზოგიერთს კი მესიჯი საერთოდ არ გააჩნია. არის ძალიან მანერული პროექტებიც, ფსევდოპატრიოტული მესიჯების მქონე, რატომღაც მგონია, რომ სწორედ ასეთი გაიმარჯვებს”, – განაცხადა მაგდა გურულმა.

წარმოდგენილ ნამუშევრებს შორის ერთ–ერთი სკულპტურა კუბის ფორმისაა, რომელიც შუშის კონსტრუქციაში ჩასმულ საქართველოს დროშას წარმოადგენს. პროექტი ვლადიმერ ხმალაძეს ეკუთვნის.

ვლადიმერ ხმალაძე ბათუმის განახლებული ხელოვნების ცენტრის ავტორია. ის ბათუმის ხელოვნების ცენტრის რეკონსტრუქციისთვის რესტავრაცია–რეკონსტრუქციის ნომინაციაში “არქიტექტურული პრემია 2011”–ის გამარჯვებულია. ვლადიმერ ხმალაძე საუკეთესო საზოგადოებრივი შენობის ნომინაციაში “არქიტექტურული პრემია 2009”–ის გამარჯვებულიცაა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოს მემორიალის პროექტისთვის.

მაგდა გურული არ გამორიცხავს, რომ ამ შემთხვევაშიც ისეთი ტიპის სკულპტურამ გაიმარჯვოს, როგორიც კონკურსზე ვლადიმერ ხმალაძემ წარადგინა:

“დროშა თავისთავად სიმბოლოა და ამ სიმბოლოს გამოყენება ისე, რომ სკულპტურის ცენტრალური ელემენტი იყოს, მე მგონი, არ არის სწორი”, – აღნიშნა მაგდა გურულმა.

“ტფილისის ჰამქრის” წარმომადგენელი, ხელოვნებათმცოდნე თამარ ამაშუკელი თვლის, რომ წარმოდგენილი სკულპტურებიდან ქალაქის ისტორიული ნაწილის იერსახეს არც ერთი არ შეესაბამება:

“ზოგადად ქალაქის ცენტრში ასეთი სკულპტურის დადგმამდე საჯარო დებატები უნდა გაიმართოს  და შემდეგ გადაწყდეს, რა დაიდგმება, სკულპტურა უნდა იყოს როგორც ღირებული, ასევე შეესაბამებოდეს იმ გარემოს, რომელშიც უნდა განთავსდეს და არ უნდა იყოს დამოკიდებული რამდენიმე ადამიანის გემოვნებაზე”, – განაცხადა თამარ ამაშუკელმა.

კონკურსზე სულ 49 ავტორის 53 ნამუშევარია წარდგენილი. მერიის ინფორმაციით. გამარჯვებული დაახლოებით ერთ თვეში გახდება ცნობილი.

ამავე თემაზე:

ამ სკულპტურებიდან ერთ–ერთი მარჯანიშვილის მოედანზე დაიდგმება[PHOTO]


მასალების გადაბეჭდვის წესი