ხელოვნება

გაიყიდება თუ არა სახელოვნებო სასწავლებლები

10 მარტი, 2012 •
გაიყიდება თუ არა სახელოვნებო სასწავლებლები

უმაღლესი სახელოვნებო სასწავლებლების სტატუსის შეცვლა მათ გაყიდვას არ გამორიცხავს.

იმის შიში, რომ სამი უმაღლესი სახელოვნებო სასწავლებელი – შოთა რუსთაველის თეატრისა და სახელმწიფო უნივერსიტეტი, სახელმწიფო სამხატვრო აკადემია და კონსერვატორია – გაიყიდება ან გასხვისდება, საზოგადოების ნაწილში, განსაკუთრებით სტუდენტებში, ამ სასწავლებლების სტატუსის შეცვლამ გამოიწვია.

აღნიშნული სახელოვნებო უმაღლესი სასწავლებლებიც, სხვა რამდენიმე სახელმწიფო უნივერსიტეტეტის მსგავსად, სსიპ-დან (საჯარო სამართლის იურიდიული პირი) აიპ–ად (არასამეწარმეო იურიდიული პირი) მთავრობის დადგენილების საფუძველზე გადავიდნენ.

„მას შემდეგ, რაც  გავიგეთ, აკადემიას სტატუსი გადაუკეთეს, ყველა იმაზე ლაპარაკობს, რომ ალბათ გაიყიდება და ჩვენ, სტუდენტებს, სადმე სხვაგან გადაგვიყვანენ, თუმცა დაზუსტებით ჯერ არავინ არაფერი ვიცით, “– ამბობს საქართველოს სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის სტუდენტი მარიამ გეგეჭკორი.

თუმცა სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ყოფილი რექტორი გია ბუღაძე ნეტგაზეთთან საუბარში ამბობს, რომ აკადემიის გაყიდვის საკითხი მისი სტატუსის შეცვლამდეც იდგა.

ბუღაძის თქმით, სამივე სახელოვნებო სასწავლებელმა შენობების გაყიდვის შესახებ ინფორმაცია პარლამენტიდან მოიპოვეს.

„ეს დაახლოებით წლინახვრის წინ იყო. სამივე უმაღლესი სასწავლებლის ხელმძღვანელი შევიკრიბეთ, ვიმსჯელეთ, შევხვდით მინისტრის მოადგილეს. მაშინ შევთანხმდით, რომ ეს საკითხი ძალიან რთული იყო,“ – ამბობს ბუღაძე.

სამხატვრო აკადემიის ყოფილი რექტორი ამ სასწავლებლების სახელმწიფოს მიერ გაყიდვას არც ამჟამად, მათი სტატუსის შეცვლის შემდეგ გამორიცხავს.

იმის მიუხედავად, რომ მთავრობის დადგენილებით, არა მხოლოდ შენობა, სასწავლებლის სრული ქონება, რომელიც იქამდე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საკუთრებაში იყო, მთლიანად სასწავლებელს გადაეცემა, სასწავლებლის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით შეიძლება მაინც გასხვისდეს.

მთავრობის დადგენილებით სამივე სასწავლებელს ხელმძღვანელობა უკვე შეუცვალეს.

რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს გოგი მარგველაშვილს, პრემიერ–მინისტრის 29 თებერვლის ბრძანებით, უფლებამოსილება უკვე შეუწყდა.

მარგველაშვილი სასწავლებლის შენობის შესაძლო გაყიდვის საკითხზე საუბრის დროს სწორედ რეგენტთა საბჭოს უფლებამოსილებაზე საუბრობს.

შეცვლილი სტატუსის შესაბამისად, სასწავლებლის ზედამხედველობით უფლებამოსილებებს  საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილი კოლეგიური ორგანო, რეგენტთა საბჭო ახორციელებს.

მსხვილი ფინანსური ოპერაციებიც, რომლებსაც უმაღლესი სასწავლებლები განახორციელებენ, სწორედ რეგენტთა საბჭოსთან უნდა იყოს შეთანხებული.

აღნიშნულ საბჭოს საქართველოს განათლებისა მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე კოკა სეფერთელაძე თავმჯდომარეობს, მის შემადგენლობაში კი შედიან: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილეები, პრემიერ-მინისტრის მთავარი მრჩეველი, საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე ფინანსთა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთა მოადგილეები.

მოყვება თუ არა სასწავლებლების რეორგანიზაციას მათი გაყიდვა, მარგველაშვილს ზუსტი პასუხი არ აქვს, თუმცა ამბობს, რომ დაახლოებით წელიწადნახევრის წინ თეატრალურის ერთ–ერთი, რუსთაველის 21 ნომერში მდებარე შენობის განკარგვის სურვილს საქართველოს საპატრიარქოც გამოთქვამდა.

აღნიშნული შენობის პირველ სართულზე საქართველოს საპატრიარქოს ფონდი რამდენიმე წელია განთავსებული, მეორეზე ეროვნულ–დემოკრატიული პარტიაა, სასწავლებელი მხოლოდ მესამე სართულს განკარგავს.

„მრავალი წლის წინ იქ თვითნებურად შეიჭრა ეროვნულ–დემოკრატიული პარტია, შემდგომში ისე განვითარდა მოვლენები, რომ პირველ სართულზე მათი მოწვევით განლაგდა საპატრიარქოს ფონდი. დაახლოებით წელიწადნახევარის წინ კი საკითხიც იყო დაყენებული, ეს შენობა მთლიანად საპატრიარქოს განკარგვაში გადასულიყო. ამის გარშემო იყო მსჯელობა, თუმცა ჩვენთვის მისი დათმობა ძალიან საზარალო იქნებოდა. ამიტომ მაშინ ეს საკითხი შეჩერდა,“–ამბობს გოგი მარგველაშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი