ხელოვნება

თბილისი მუზეუმების საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლებს

6 მარტი, 2012 •
თბილისი მუზეუმების საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლებს

2012  წლის სექტემბერში საქართველოს ეროვნული მუზეუმი საერთაშორისო კონგრესს უმასპინძლებს. ფორუმის მთავარ თემები სამუზეუმო გაერთიანებები, მათი როლი ტურიზმის განვითარებაში და ქალაქებში სამუზეუმო ქუჩების არსებობა და მათი მნიშვნელობა იქნება. მერიის განცხადებით, ამ მასშტაბის კონგრესი რეგიონში პირველად ტარდება და მასში მონაწილეობას ევროპის, ამერიკისა და აზიის წამყვანი მუზეუმების ხელმძღვანელები და საყოველთაოდ აღიარებული არქიტექტორები მიიღებენ.

კონფერენციის ორგანიზატორების აზრით, სამუზეუმო ქუჩის არსებობას ქალაქის ინფრასტრუქტურისა და ტურიზმის განვითარებაში დიდი როლი აქვს. მერიის განცხადებით, მუზეუმების ქუჩის განხორციელების პროექტი დიდი ხანია არსებობს. საქართველოს ეროვნული მუზეუმის შექმნით დაიწყო რეფორმა, რომელიც მთლიანად ამ სისტემის შეცვლას ისახავს მიზნად. პროექტით გათვალისწინებულია გუდიაშვილის ქუჩაზე საზოგადოებრივი სივრცეების, კაფეებისა და საზოგადოებრივი თავშეყრის სხვადასხვა ადგილების გახსნა.

კონფერენციასთან დაკავშირებული დეტალები ორგანიზატორებმა დღეს საზოგადოებას ეროვნულ მუზეუმში გამართულ პრესკონფერენციაზე გააცნეს. თბილისი მერმა გიგი უგულავამ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ საერთაშორისო ფორუმის მასპინძლობისთვის რამდენიმე თვით ადრე დაიწყება მუშაობა:

“ეს პროექტი სათავეს იღებს 2005 წლიდან. სამუზეუმო ქუჩა არ მოიცავს მუზეუმების მხოლოდ მექანიკურ გაერთიანებას, ის უნდა გახდეს ერთგვარი მაგნიტი საზოგადოებისთვის, ამიტომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამ პროცესში საერთაშორისო გამოცდილების  გაზიარებას. ჩვენი ქალაქი სულ უფრო მეტად იკვეთება რუკაზე, როგორც ერთგვარი შეკრების ადგილი, ეს ეხება როგორც კულტურულ, ასევე სპორტულ ღონისძიებებს. მე მიმაჩნია, რომ ჩვენი ქალაქისთვის ეს იქნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოვლნა. ამ ქუჩაზე არის რამდენიმე ობიექტი, რომელიც ჩამორჩება, მაგალითად, მხატვრის სახლის ადგილი, რომელიც დაახლოებით 20 წელია რუსთაველს და გუდიაშვილის ქუჩას ჭრილობასავით ამჩნევია, რომ აღარაფერი ვთქვათ იმაზე, რომ სამოქალაქო ომის გადმონაშთია. ჩვენ ინტენსიური მუშაობა გვქონდა მეპატრონეებთან, მალე დაიწყება სარეკონსტრუქციო სამუშაოები და თბილისს ახალი საგამოფენო სივრცე შეემატება. ეს პროექტი დაძრულია და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია ჩაერთოს მასში.”

საქართველოს ეროვნული მუზეუმი და თბილისის მერია აღნიშნულ თემაზე  დიალოგისთვის იწვევს როგორც ფართო საზოგადოების წარმომადგენლებს, ასევე ბიზნესმენებს, რათა საერთო ინტერესების გათვალისწინებით, სექტემბრის კონფერენიაზე წარმოდგენილი იქნას მზა კონცეფცია “თავისუფალი სივრცეების” შევსების და “სახელოვანი ქუჩის” ერთიან ქსოვილში მათი ინტეგრაციის შესახებ.

მასალების გადაბეჭდვის წესი