მარჯანიშვილის მოედანზე ახალი სკულპტურა დაიდგმება. გამარჯვებული პროექტის გამოსავლენად განაცხადების მიღება გუშინ დასრულდა.
თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურმა მონუმენტის პროექტებზე საკონკურსო განაცხადების მიღება 2011 წლის 20 დეკემბრიდან დაიწყო.
მონაწილეობის მსურველები თემის მიხედვით შეზღუდულები არ ყოფილან.
“კონკურსის მიზანია გამოვლინდეს პროექტი, რომლის საფუძველზე შექმნილი სკულპტურა, მონუმენტი ყველაზე უკეთ მოერგება არსებულ განაშენიანებას და უზრუნველყოფს უბნის ისტორიული სახის შენარჩუნებას, რაც მოედნის მხატვრულ-ესთეტიკურ განვითარებას შეუწყობს ხელს”, – აღნიშნულია თბილისის არქიტექტურის სამსახურის ოფიციალურ ვებ–გვერდზე.
ამჟამად კონკურსი დასრულებულია და როგორც თბილისის მერიაში აცხადებენ, არქიტექტურის სამსახურში სულ 44 განაცხადი შევიდა.
გამარჯვებულს კომპეტენტური ჟიური გამოავლენს, პირველ ადგილზე გასული სკულპტურა მარჯანიშვილის მოედანზე დაიდგმება, გარდა ამისა, გაიცემა ფულადი პრიზებიც.
პირველი ადგილის მფლობელი 10 000 ლარს, ხოლო მეორე და მესამე ადგილის მფლობელები 5 000–5 000 ლარს მიიღებენ.
მერიის ინფორმაციით, გამარჯვებული დაახლოებით ერთ თვეში გამოვლინდება.