ხელოვნება

“ზვავის” პრემიერა ხვალ შედგება [Video]

16 თებერვალი, 2012 •
“ზვავის” პრემიერა ხვალ შედგება [Video]

მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრში სპექტაკლ “ზვავის” პრემიერა ხვალ შედგება.

თანამედროვე თურქი დრამატურგის თუნჯერ ჯეჯენოღლუს პიესის დადგმა, რომლის მთავარი თემაც შიშია, რუსუდან ბოლქვაძემ გადაწყვიტა. როგორც თავად ამბობს, იმ მსახიობების რიცხვს არასოდეს მიეკუთვნებოდა, ვინც მთელი ცხოვრება რეჟისორობაზე ოცნებობენ და სპექტაკლის დადგმა ბევრი ფიქრის შემდეგ გადაწყვიტა:

“პიესა მთელ მსოფლიოში პოპულარულია და ძალიან ხშირად იდგმება. მას შემდეგ, რაც ქართულად ითარგმნა და წავიკითხე, ძალიან ბევრი ვიფიქრე და თანდათან მომწიფდა ამ სპექტაკლის დადგმის იდეა, რადგან, როგორც ავტორიც ამბობს, შიშის თემა ყველა ქვეყანაში და ყველა ეპოქაში აქტუალურია”, – განაცხადა რეჟისორმა.

სპექტაკლი იმ ადამიანების შესახებ მოგვითხრობს, რომლებიც ზვავსაშიშ ზონაში ცხოვრობენ, აქედან გამომდინარე, მათ ცხოვრების განსხვავებული სტილი აქვთ. აქ ნებისმიერმა ხმაურმა შესაძლოა ზვავის ჩამოწოლა გამოიწვიოს, ამიტომ აკრძალულია ისეთი მცირედი ხმაურიც კი, როგორიც დაცემინებაა, სპეციალური დროა დაწესებული მშობიარობისთვისაც, რადგან ბავშვის გაჩენა დიდ ხმაურთანაა დაკავშირებული.

სპექტაკლში მონაწილეობას სხვადასხვა თაობის მსახიობები იღებენ, მათ შორის, გიორგი ყიფშიძე და ანი იმნაძე, ისინი სპექტაკლში ცოლ–ქმრის როლს ასრულებენ. მას შემდეგ, რაც ცოლს ნაადრევი მშობიარობა ეწყება, საზოგადოება მის მოკვლას გადაწყვეტს, ქმარი კი, რომელიც ოჯახს ვერ წირავს, ხალხს უპირისპირდება.

სპექტაკლზე დასასწრებად თავად პიესის ავტორიც აპირებდა ჩამოსვლას, თუმცა ვერ მოახერხა. სწორედ ამ პიესის მიხედვით სპექტაკლი უკვე დაიდგა მარჯანიშვილის თეატრში, თუმანიშვილის თეატრი კი მაყურებელს 17 თებერვლიდან ელოდება. სპექტაკლის პრემიერა 17,18 და 19 თებერვალს შედგება.

მასალების გადაბეჭდვის წესი