ხელოვნება

64 მილიონიანი ანბანის კოშკი „ანის” და „ჰაეს” გარეშე

13 თებერვალი, 2012 • 2479
64 მილიონიანი ანბანის კოშკი „ანის” და „ჰაეს” გარეშე

ანბანის კოშკი
ანბანის კოშკი

ქართული ანბანის სიმბოლოდ წოდებულ 140-მეტრიან კოშკს, რომელიც ბათუმში სასტუმრო „კემპინსკის“ გვერდით დგას, ორი ქართული ასობგერა, – ანი და ჰაე აკლია. ანბანის კოშკზე ქართული ასობგერები მეტალის ორ გრეხილზეა განლაგებული. პირველ გრეხილზე ქართული ანბანი არა ა-ნიდან, არამედ ბ-ანიდან იწყება. ერთ გრეხილს ანბანის დასაწყისი ანუ „ა“ არ აქვს, მეორეს კი დასასრული – „ჰ“.

კოშკის მშენებლობაზე 64 მილიონი ლარი დაიხარჯა და მასზე ესპანური კომპანია ცმდ-ი მუშაობდა. მარტივი გათვლებით, თითოეულ ასობგერაზე ორი მილიონი ლარი უნდა დახარჯულიყო. სად გაქრა ოთხი მილიონი და რატომ გამორჩათ  ესპანელ არქიტექტორებს ქართული ანბანის ასობგერები პროექტში? ამ კითხვაზე ქალაქის მერიას პასუხი არ აქვს: „არა მგონია, გამოტოვებული იყოს, არ ვიცი, გადავამოწმებ“ – ამბობს, „ბათუმელებთან“მერიის ადმინისტრაციის უფროსი, გელა მახარაძე.

ანბანის კოშკის მშენებლობაზე დასაქმებული ერთი-ერთი თანამშრომელი (მან ინფორმაციის გაცემა ოფიციალურად არ ისურვა) „ბათუმელებთან“ საუბარში ადასტურებს, რომ კოშკზე გამოსახულ ანბანს ნამდვილად აკლია ორი ასობგერა: „ეგ ორი ასო შენახულია და როცა დასრულდება სამუშაოები, მერე ვაპირებთ დამონტაჟებას“. კითხვაზე, სად განთავსდება ასობგერა „ა„, როცა გრეხილზე ფაქტობრივად აღარ არსებობს დასამონტაჟებელი ადგილი, აღნიშნული პიროვნება გვპასუხობს: „ნახევრად კოშკზე იქნება მიმაგრებული, ნაწილი კი მიწაზე დამაგრდება“.

„..აქ მთავარი იდეა არის ქართული ანბანი. ქართული ანბანი არის ჩვენი დნმ და აქ ანძა არის გაკეთებული, როგორც გენეტიკური კოდი და თუ დააკვირდებით, ის არც ერთ სხვა ანძას მსოფლიოში არ ჰგავს. ეს პრაქტიკულად არის ქართული ანბანის დიდი მონუმენტი“ -განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა 2010  წლის 10 ოქტომბერს, ანბანის კოშკის გახსნის დღეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი