ნოდარ დუმბაძის სახელობის ცენტრალურ საბავშვო თეატრში საბავშვო წიგნების პრეზენტაცია გაიმართა. წიგნებში შესული ისტორიების ავტორები და ილუსტრატორები სამხატვრო აკადემიის კურსდამთავრებულები არიან.
“ზოლემია”, “ლაშას და ლუკას თავგადასავალი”, “პატარა ობობას საათი”, “აი ია” და “მდინარე”, ეს იმ წიგნების ჩამონათვალია, რომლებიც ავტორებმა ბავშვებს დღეს თავად წაუკითხეს.
ერთ–ერთი წიგნის ავტორი თათია ნადარეიშვილია:
“ჩემი წიგნი პატარა გოგონაზეა, რომელსაც საყვარელი ადგილი აქვს მდინარის ნაპირზე. მდინარე მთლიანად შავია, შავია წყალიც და შიგნით მცხოვრები არსებებიც. მგონია, რომ ბავშვებს მოეწონებათ და საერთოს იპოვნიან ამ გოგონაში, რადგან ყველა ბავშვს აქვს ასეთი ადგილი, რომელიც განსაკუთრებულად უყვარს და თავისებურად აღიქვამს”.
ეს ხუთი წიგნი პირველია, რომლებიც დაიბეჭდა, ვირტუალურ გამომცემლობაში კი წიგნების გაცილებით მეტი რაოდენობაა:
“ჩვენ ყველანი წრეში ვსხდებით და ვიწყებთ რაღაც ამბის მოყოლას, ერთმანეთის დაწყებულ ისტორიებს ვაგრძელებთ, ვმსჯელობთ, როგორ უფრო საინტერესო იქნება და თანდათან ისტორიები იხვეწება, ზღაპრის პარალელურად კეთდება ილუსტრაციებიც. პროექტი მესამე წელია უკვე მიმდინარეობს და საკმაოდ უნიკალურია”, – განაცხადა ვირტუალური გამომცემლობის ხელმძღვანელმა ოთარ ყარალაშვილმა.
ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის დირექტორის, თინა მამულაშვილის თქმით, წიგნების გამოცემა ერთგვარი ექსპერიმენტია:
“ამ ტიპის წიგნები ბევრი არ არის ქართულ ბაზარზე, მხოლოდ რამდენიმეა თარგმნილი. წიგნები ილუსტრირებული და დაწერილია ძალიან ნიჭიერი ადამიანების მიერ, ამიტომ ვფიქრობ, რომ ქართველი მშობლები სიამოვნებით შეიძენენ თავიანთი ბავშვებისთვის”.
წიგნების წაკითხვის შემდეგ, მოსმენილი ისტორიებიდან გამომგინარე, ბავშვებს სხვადასხვა თემატური თამაშებიც შესთავაზეს, “ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა” მათ სიმბოლური საჩუქრებიც გადასცა.
სულ მალე გამომცემლობა ბავშვებს ბარონ მიუნჰაუზენის ამბებსაც შესთავაზებს, ილუსტრაციები წიგნისთვის თაკო ბაქრაძემ გააკეთა. სასაჩუქრე გამოცემა, რომელიც უკვე დაბეჭდილია, გაყიდვაში ცოტა ხანში გამოვა.




