მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრი ბერძენი რეჟისორის, მიხეილ მარმარინოსის რიგით მესამე სპექტაკლს მასპინძლობს.
სპექტაკლში არ არის ერთი რომეო, ან ერთი ჯულიეტა, 7 მსახიობის როლი მუდმივად იცვლება, ისინი ცალკეულ ეპიზოდებში სხვადასხვა პერსონაჟებს თამაშობენ, მთხრობელის როლსაც ითავსებენ და ამ ყველაფრის საშუალებით მაყურებელს თანდათან რომეოსა და ჯულიეტას ამბავს უყვებიან.
ბერძენმა რეჟისორმა მიხეილ მარმარინოსმა ექსპერიმენტული სპექტაკლისთვის “R+J ბედისწერა დაბნეულია, რომეო და ჯულიეტა მესამე მეხსიერება” მსახიობები კასტინგის მეშვეობით აარჩია.
“ძალიან დიდი შოკი იყო ჩემთვის, როცა გავიგე, ვისთან მოვხვდი, ეს არის რეჟისორი, რომელიც სრულიად სხვა კუთხით მუშაობს, ფიზიკურ მოქმედებებზე აქვს დამყარებული ყველაფერი და არა ფსიქოლოგიური ემოციების გამოწვევაზე”, – ამბობს ერთ–ერთი მსახიობი, ქეთა შათირიშვილი.
შექსპირის “რომეო და ჯულიეტას” მიხეილ მარმარინოსისეულ ვერსიას თან ახლავს ტექსტი, რომელიც რეჟისორმა თავად შექმნა.
როგორც რეჟისორის ასისტენტი დათა თავაძე ამბობს, “შექსპირის ორიგინალურ ტექსტთან ერთად გამოყენებულია ძალიან საინტერესო, ახალი, ორიგინალური ტექსტი. ერთ–ერთი საინტერესო ვერსია, რომელიც ამ პიესაზეა შექმნილი. ქართველ მაყურებელს უნიკალური შესაძლებლობა ეძლევა, ნახოს კლასიკური მასალა გაკეთებული თანამედროვე ენაზე.”
მარმარინოსმა გადაწყვიტა, სპექტაკლში მსახიობებთან ერთად მაყურებელიც ყოფილიყო ჩართული. დღეს მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრის სცენაზე, ჟურნალისტებისთვის გამართულ სპეციალურ ჩვენებაზე, მსახიობებმა სწორედ სპექტაკლის ეს ნაწილი წარმოადგინეს.
კაცის შოვნა უფრო ადვილია თუ სამსახურის? ოდესმე გყვარებიათ ისე, როგორც რომეოს და ჯულიეტას? გჯერათ თუ არა მარადიული სიყვარულის ან უკვდავების? ეს ის შეკითხვები იყო, რომლებზეც პასუხის გაცემა მაყურებელს მოუხდა.
როგორც რეჟისორი ამბობს, სპექტაკლის მიზანი ერთი კონკრეტული მესიჯის გადაცემა არაა, ყველა ადამიანი ნანახს თავისებურად აღიქვამს და განიცდის.
დათა თავაძის აზრით, სწორედ ექსპერიმენტულობის გამოა სპექტაკლი ძალიან საინტერესო: “ჩვენ არ ვართ განებივრებული ისეთი ექსპერიმენტებით, როგორსაც მაყურებელს მარმარინოსი სთავაზობს”, – აღნიშნავს რეჟისორის ასისტენტი. მისი აზრით, ეს სწორედ ისაა, რაც ქართულ თეატრს აკლია.
“რომეო და ჯულიეტა” მიხეილ მარმარინოსის მესამე სპექტაკლია, რომელსაც კინომსახიობთა თეატრში დგამს. გასულ წლებში ქართველ მაყურებელს უკვე ჰქონდა შესაძლებლობა, მისი სპექტაკლები “ეროვნული ჰიმნი” და “მედეა ორი წერტილი მასალა” ეხილა.
მსახიობი გიორგი ნაკაშიძე მარმარინოსის მიერ საქართველოში დადგმულ ყველა სპექტაკლში მონაწილეობდა, მათ შორის რომეოსა და ჯულიეტას ისტორიის შესახებ დადგმული სპექტაკლის მონაწილეცაა:
“ჩემთვის ყოველთვის საინტერესოა ამ რეჟისორთან მუშაობა, რადგან ყოველთვის ზუსტად იცის, რა უნდა და ყოველთვის განსხვავებულად ხედავს თითოეულ ამბავს”, – ამბობს გიორგი ნაკაშიძე.
ბერძენი რეჟისორის, მიხეილ მარმარინოსის მოღვაწეობა 1983 წლიდან იწყება და ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო ექსპერიმენტატორ რეჟისორადაა მიჩნეული, 2002 წელს კი კრიტიკოსებმა წლის საუკეთესო რეჟისორადაც აღიარეს.




