პიკასოს ნახატი ერთ-ერთია იმ სამთაგან, რომელიც საბერძნეთის გალერეიდან ორშაბათს მოიპარეს. ნამუშევარი ათენის ეროვნულ გალერეას ავტორმა თავად გადასცა.
პიკასოს ”ქალის თავი” საბერძნეთს 1949 წელს გადაეცა, საბერნეთის მიერ ფაშისტური გერმანიის მიმართ წინააღმდეგობის გაწევის მოწონების ნიშნად.
პოლიციის განცხადებაში წერია, რომ პიკასოს ნამუშევრის გარდა, მონდრიაანის ნახატი და იტალიელი მხატვრის Guglielmo Caccia-ს ესკიზიც მოიპარეს.
პოლიციის განცხადებით, ყაჩაღობა ადგილობრივი დროით 5 საათისთვის მოხდა და მხოლოდ 7 წუთს გაგრძელდა. ქურდი ან ქურდები გალერეის უკანა მხრიდან შევიდნენ, მას შემდეგ, რაც აივნის კარი გააღეს. სამივე ნამუშევარი ჩარჩოებიდან არის ამოღებული. სიგნალიზაციის ჩართვის შემდეგ გალერეის დაცვამ მხოლოდ ადამიანის სილუეტის დანახვა მოასწრო, რომელიც შენობიდან გარბოდა.
პოლიციის განცხადებით, ქურდობა გამოფენის”უცნობი საგანძური” ბოლო დღეს მოხდა, გამოფენის ფარგლებში გამოტანილი იყო დიურერისა და რემბრანდტის ნამუშევრები.
პიკასოს ”ქალის თავი” კუბისტური ბიუსტია, რომელიც 1939 წელს შეიქმნა. მონდრიაანის ზეთში შესრულებული პეიზაჟი 1905 წლით თარიღდება, ხოლო Guglielmo Caccia-ს მოპარული ნახატი მელნით შესრულებული პირველი ნამუშევარია
მუზეუმის წარმომადგენლებს ჯერ არ დაუთვლიათ ზარალი, რომელიც ძარცვის შედეგად მიადგათ. მუზეუმი ამჟამად დახურულია. როგორც მუზეუმის წარმომადგენლები აღნიშნავენ, დახურვა ძარცვამდეც იყო გადაწყვეტილი, რადგან ”უცნობი საგანძურის” დასრულების შემდეგ სარემონტო სამუშაოები იყო დაგეგმილი.
აღნიშნულ მუზეუმში დაცულია პოსტბიზანტიური ბერძნული ხელოვნების ნიმუშების დიდი რაოდენობა, მცირე რაოდენობის ნამუშევრები რენესანსის ეპოქიდან და ელ გრეკოს რამდენიმე ნახატი.




