ხელოვნება

პაატა შამუგიას “დაუჯდომელი”

21 დეკემბერი, 2011 •
პაატა შამუგიას “დაუჯდომელი”
ხვალ კაფე–მაღაზია “ლიგამუსში” პაატა შამუგიას ახალი წიგნის პრეზენტაცია გაიმართება. წიგნის სახელწოდებაა “დაუჯდომელი”. როგორც პაატა შამუგია ამბობს, სათაური ერთ–ერთი პოემის სახელწოდებიდან მომდინარეობს:
“პოემას ეს სახელი იმიტომ დავარქვი, რომ ეს არის იმ ფორმით დაწერილი, როგორც დაუჯდომელი იწერება ხოლმე. ბერძნული რელიგიური საგალობელია აკათისტო, იქიდან მოდის და იგალობება მღვდლების მიერ”.
აკათისტო ღვთისმშობლის სამადლობელი საგალობელია, მისი შესრულების დროს მღვდელმსახურებსაც და მრევლსაც ფეხზე დგომა ევალებათ, აქედან მოდის სახელწოდებაც.
წიგნში სამი პოემა და ლექსებია შესული, აქედან, ავტორის თქმით, ერთის გარდა, ყველა პირველად ქვეყნდება. წიგნის პრეზენტაციის ანონსი რამდენიმე დღეა განთავსდა სოციალურ ქსელებში, “თუმცა ჯერჯერობით არავინ იცის, შიგნით რა წერია, ამიტომ არანაირი გამოხმაურება არ მოჰყოლია”, – ამბობს პაატა შამუგია.
ტექსტების iphone–ში ჩამოტვირთვაცაა შესაძლებელი, საღამოზე აპლიკაციის პრეზენტაციაც შედგება.
პაატა შამუგიას შემოქმედებამ საზოგადოების ინტერესი პირველად “ანტიტყაოსანის” გამოცემის შემდეგ დაიმსახურა. 2010 წელს ავტორმა პოეტური კრებული “უპირატესობა” გამოსცა.
“დაუჯდომელის” პრეზენტაცია კი ხვალ, 22 დეკემბერს, 18:00 საათზე შედგება.

მასალების გადაბეჭდვის წესი