საქართველოს საპატრიარქომ სვანეთში დაცულ საგანძურთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა, რომელიც მესტიის მუზეუმში დაცული ექსპონატების შენახვის საკითხს ეხმაურება.სვანეთის მუზეუმი, რომელიც ეროვნული მუზეუმის შემადგენლობაში შედის, 1936 წელს დაარსდა. აქ უნიკალური არქეოლოგიური და ეთნოგრაფიული მასალა და ძველი ქართული ხელნაწერების მდიდარი კოლექციაა დაცული, რომელთა შორის განსაკუთრებულია: “ადიშის ოთხთავი“ (897), “იერუსალიმის განჩინება“ (Xს), “მესტიის ოთხთავი“ (1033), სახარების სხვა უძველესი რედაქციები, ქართული ჭედური და ფერწერული ხელოვნების არაერთი მნიშვნელოვანი ძეგლი.
აქვე დაცულია– XII საუკუნის ვერცხლის სასანური სურა, ბიზანტიური ნაქარგი ხატი, XIII საუკუნის ვენეციური ე.წ. დეკორატიული ჯვარი და სხვა მნიშვნელოვანი ექსპონატები.
მუზეუმის დემონტაჟის დაწყების გამო ექსპონატები უცხოეთიდან სპეციალურად ჩამოტანილ კონტეინერებში მოათავსეს, რამაც საზოგადოების გარკვეული ნაწილის აღშფოთება გამოიწვია.
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს შენობის წინ პროტესტის გამოსახატად 2011 წლის 21 ნოემბერს რამდენიმე ათეული ადამიანი შეიკრიბა. არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა სამინისტროს ხელმძღვანელობას მოუწოდეს, მიეღოთ საპატრიარქოს საგანგებო კომისიის შეთავაზება, რომლის მიხედვითაც, მუზეუმის ექსპონატები მესტიის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარში უნდა გადაეტანათ, თუმცა საპატრიარქოს უარით უპასუხეს.
როგორც მესტიის ეროვნული მუზეუმის დირექტორი რუსუდან ქოჩქიანი ამბობს, ამას რამდენიმე მიზეზი ჰქონდა:
“საეპისკოპოსოს რეზიდენციაში ან წმინდა ნიკოლოზის ეკლესიაში გადატანაზე უარი ვთქვით იმიტომ, რომ იქ არა თუ კოლექციები, ხატები და ხელნაწერებიც კი ვერ მოთავსდებოდა. წმინდა ნიკოლოზის ეკლესიის მასშტაბები არ არის იმხელა, მაშინ ეკლესია უნდა შეცვლილიყო და დაზიანებულიყო. ძალიან მაღალი გუმბათი უნდა დაგვედაბლებინა, ერთიანი სივრცე უნდა გაკეთებულიყო და კედლები გახვრეტილიყო.”
“ყველანაირი ვნებათაღელვა იმაზე, თითქოს შეიძლება საგანძური დაზიანდეს, უსინდისო ტყუილია” – განაცხადა საქართველოს კულტურის მინისტრმა ნიკა რურუამ 2011 წლის ნოემბერში მიცემულ ინტერვიუში. მისი თქმით, ექსპონატები კონტეინერებში სამუზეუმო სტანდარტების სრული დაცვით მოთავსდა. საპატრიარქოს ახალი განცხადების შესახებ კი კულტურის სამინისტროს კომენტარი არ გაუკეთებია.
მანამდე, სანამ ახალი მუზეუმი აშენდება, ექსპონატები ლანჩვალის უბანში, მთავარ მაგისტრალთან მდებარე ორსართულიანი სამუსიკო სკოლის შენობაში გადაიტანეს.
საპატრიარქოს განცხადებაში ნათქვამია, რომ სამუსიკო სკოლაშიც ექსპონატების დასაცავად სათანადო პირობები შექმნილი არ არის.
განცხადებას არ ეთანხმება მუზეუმის დირექტორი:
“მუსიკალური სკოლის შენობა კირით და ქვითაა ნაგები, შენობა გარემონტდა, მოხდა ადაპტაცია, დაყენდა დაცვის მექანიზმები. ნესტი სრულებით არ არის და კლიმატ –კონტროლიც უზრუნველყოფილია”, –აცხადებს რუსუდან ქოჩქიანი.
საპატრიარქოს მტკიცებით კი, ახალ შენობაში ექსპონატებს საფრთხე განსაკუთრებით სეისმოლოგიური და სახანძრო უსაფრთხოების თვალსაზრისით ექმნებათ.
მუზეუმის დირექტორის თქმით, ექსპონატების გადატანა ეპარქიის ეპისკოპოსთან და სასულიერო პირებთან შეთანხმებით მოხდა. როგორც რუსუდან ქოჩქიანი “ნეტგაზეთთან” საუბარში ამბობს, 2 დეკემბერს კონტეინერები გაიხსნა, იმის შესამოწმებლად, იყო თუ არა ნივთები კარგად შენახული:
“გაიხსნას ის, რაზეც დიდი ამბავი იყო ატეხილი, ვენეციური ჯვარი და სხვა ექსპონატები, რომლებთან დაკავშირებითაც იყო ბრალდებები. მეც და მუზეუმის სხვა თანამშრომლებიც აღშფოთებული ვართ, იმდენად უსაფუძვლო და ცილისმწამებლური განცხადებები კეთდებოდა. გახსნის პროცესს ესწრებოდნენ ისინი, ვისაც რაიმე პრეტენზია ჰქონდა. ვენეციური ჯვარი რანაირად უნდა გამქრალიყო მუზეუმიდან, ან ადიშის ოთხთავი თოვლში როგორ უნდა დაგვეგდო. ეს იყო არაპროფესიონალიზმი მათი მხრიდან, ვინც ამაზე ერთი ამბავი ატეხა.”
საპატრიარქო 14 დეკემებრს გავრცელებულ განცხადებაში ახალ შენობასაც შეეხო:
“თავიდანვე უნდა ითქვას, რომ გაზაფხულზე სვანეთში სწრაფი ტემპით აგებულ შენობაში ასეთი სიძველეების შენახვა, სპეციალისტების აზრით, კიდევ ახალ პრობლემებს შეუქმნის ამ განძს. ვიმედოვნებთ, ამ შემთხვევაში მაინც იქნება მეცნიერების რჩევა გათვალისწინებული – სიწმინდეებს ნესტიან გარემოში გადატანის საფრთხე არ დაემუქრება და ახალი მუზეუმის მშენებლობის პროექტი შეთანხმებული იქნება საქართველოს საპატრიარქოსთან”, – ნათქვამია განცხადებაში.
ამჟამად ძველი შენობის დემონტაჟი დასრულებულია და ტერიტორიის გაწმენდა მიმდინარეობს. ექსპონატებს მუზეუმის ახალ შენობაში 2012 წლისთვის გადაიტანენ.




