რეჟისორ თამარ შავგულიძის სადებიუტო ნამუშევარი ოთხი ახალგაზრდას ისტორიას გვიამბობს, სრულიად განსხვავებული ხასიათის გმირებისა და მათში ასახული ქვეყნის პოლიტიკური თუ სოციალური მდგომარეობის შესახებ.
როგორც ფილმიდან გამოსული მაყურებლები ამბობენ, მიუხედავად იმისა, რომ ომის კადრები და სისხლი ფილმში თითქმის არ არის, მათ მაინც მძაფრად იგრძნეს 2008 წლის ომის გავლენა.
ჩვენებას თავად რეჟისორიც ესწრებოდა:
“ამ ფილმში მხოლოდ ომი არ არის, ომის გარდა ფილმი არის ადამიანებზე, მათ განწყობებზე, რას ნიშნავს ის, რომ იბადები აქ, ამ ქვეყანაში, უბრალოდ, ეს ფონი ჩავთვალე რომ აუცილებელი იყო, მაგრამ მთავარი მაინც ადამიანები არიან და ის, თუ როგორ გრძნობენ ისინი თავს, ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი– ახალგაზრდები”.
ფილმს ოთხი მთავარი გმირი ჰყავს ნიკა (ვანიკო თარხნიშვილი), თამარი (თამარ ბზიავა), თინა (ნუცა კუხიანიძე) და გიორგი (გიორგი გიორგანაშვილი). როგორც თამარ შავგულიძე ამბობს, სცენარის დაწერისას უკვე იცოდა, ვის უნდა ეთამაშა ფილმში, ამიტომ მსახიობები არ უძებნია, თუმცა საკუთარ ნამუშევარს მაინც კრიტიკულად აფასებს:
“ოთხივე მსახიობი გვაძლევდა საშუალებას, რომ უფრო კარგები ყოფილიყვნენ, უფრო უკეთესად რომ მემუშავა მათთან, ამაზე ძალიან გული მწყდება. მე მგონი, ჩანაფიქრი ბოლომდე არ გამომივიდა ორი მიზეზის გამო– ერთი, რომ გამოცდილება არ მეყო და ამაზე არ ვბრაზდები, მაგრამ მეორე ჩემი უყურადღებობაა, იყო კონკრეტული სცენები, რომლებსაც შემდეგ რომ ვუყურე, ვიფიქრე, რომ უფრო ყურადღებით რომ ვყოფილიყავი, სხვანაირად გადავიღებდი”.
ჯერჯერობით, “დაბადებულები საქართველოში” საზღვარგარეთ არც ერთ ფესტივალზე არ უჩვენებიათ, “ვერ აღმოვჩნდი ისეთი ყოჩაღი, რომ ფილმი ფესტივალებზე გამეგზავნა”, –ამბობს რეჟისორი. ის მომავალი წლიდან აქტიურ მუშაობას გეგმავს, “ვაპირებ, რომ ჩემი მეგობრების დახმარებით მთელი წლის მანძილზე რაც შეიძლება მეტი მოკლემეტრაჟიანი ფილმი გადავიღო”.
“დაბადებულები საქართველოში” კი ჯერჯერობით მხოლოდ ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალის (BIAFF) და თბილისის საერთასორისო ფესტივალის ფარგლებში აჩვენეს.




