ხელოვნება

მორიგი რუსული თრილერი აგვისტოს ომზე

9 დეკემბერი, 2011 •
მორიგი რუსული თრილერი აგვისტოს ომზე

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომზე რუსების მიერ გადაღებული მორიგი სრულმეტრაჟიანი ფილმის პრემიერა 2012 წლის 21 თებერვალს გაიმართება. ფილმს, რომელშიც საქართველო მთავარი აგრესორია, ჰქვია «Август. Восьмого» და მისი ავტორია რუსი კონორეჟისორი ჯანიკ ფაიზიევი.

«Август. Восьмого»–ს გადაღება 2011 წლის მაისში დაიწყო და აგვისტოში დასრულდა, მას შემდეგ კი ფილმს ამონტაჟებენ და საპრემიეროდ ამზადებენ.

როგორც წინასწარ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ფილმში აღწერილია ცხინვალის რეგიონში დისლოცირებული რუსეთის სამშვიდობო მისიის ჯარისკაცის შვილისა და ყოფილი ცოლის ისტორია. ფილმის 50%-ზე მეტში გამოყენებულია კომპიუტერული გრაფიკა, უხვად არის საბრძოლო სცენები, აფეთქებები და სისხლი.

როგორც რეჟისორი ამბობს, «Август. Восьмого»–ს შექმნის იდეა თავში იმ დროს მოუვიდა, როცა ფინჯან ყავაზე აგვსიტოს ომის სხვადასხვა ამბებს ისმენდა.

ფილმი ერთი ახალგაზრდა ქალის ისტორიას ეფუძნება, რომელიც სოჭში ისვენებს, თავისი 7 წლის ბავშვი კი ყოფილ მეუღლეს ორი კვირით დასასვენებლად მიჰყავს ცხინვალის სამხედრო ნაწილში. მოულოდნელად ომი იწყება და ახალგაზრდა ქალიც საკუთარი შვილის გადასარჩენად ფრონტის წინა ხაზზე მიდის.

რეჟისორმა ფილმის სცენარის შესაქმნელად ამერიკის სცენარისტთა გილდიის წევრი სცენარისტი, მაიკლ ლერნერი მიიწვია. ლერნერი „ნიუსვიკის“ სამხედრო კორესპონდენტი იყო, რომელსაც გაშუქებული აქვს აპარტეიდი სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკასა და ომი ავღანეთში.

«Август. Восьмого»–ს ჰოლივუდელი  დენის ვირკლერი დაამონტაჟებს.  სწორედ ვირკლერმა დაამონტაჟა ფილმები „რიდიკის ქრონიკები“, „ბეტმენი და რობინი“,  „ადამიანი-მგელი.“

რუსეთ-საქართველოს ომის შესახებ ფილმის გადაღებებში აქტიურად მონაწილეობდნენ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ვეტერანები, რომლებიც ფილმის ავტორებს საბრძლო სცენების დადგმაში ეხმარებოდნენ, ფილმისთვის ასევე გამოიყენეს სამხედრო საწვრთნელი ბაზების ტერიტორიები.

«Август. Восьмого»–ს გადაღებები სოჭში, სოხუმსა და ცხინვალში მიმდინარეობდა. რუსეთის ფედერაციის ეროვნული კინომატოგრაფიის დახმარების სახელმწიფო ფონდმა ფილმისთვის უმსხვილესი დაფინანსება, 250 მილიონი რუბლი(15 მილიონი ლარი) გამოყო. გადაღებისთვის მოზიდული კერძო ინვესტიციის რაოდენობა უცნობია.

ეს არის მესამე მხატვრული ფილმი, რომელიც რუსებმა 2008 წლის საქართველო-რუსეთის ომზე გადაიღეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი