“მანამდე, სანამ იდეა ფილმის სახეს მიიღებს, საკმაოდ იცვლება. სცენარი არის, როგორც ნოტები ორკესტრისთვის. პირვანდელ სცენარს მთლიანად არასოდეს ვცვლი, შეიძლება შეიცვალოს დეტალები და დიალოგები, ყევლაზე ხშირად კი, როგორც წესი, დაბოლოება იცვლება. სცენარის დაწერისას, ჩემი აზრით, დასასრული არასოდეს არ არის კარგი და იქიდან გამომდინარე, თუ როგორ მიდის გადაღება, ხდება ფინალის მოგონებაც”.
როგორც ლეო კარაქსმა აღნიშნა, სხვა რეჟისორების გაცნობა და ფილმების ყურება პატარა ასაკში დაიწყო:
“მე ფილმებს 16–დან 24 წლამდე ვუყურებდი, ბოლო დროს ფილმებს თითქმის არ ვუყურებ. მე მაშინ დავიწყე კინოს გადაღებაც, როდესაც დავიწყე კინოს აღმოჩენა.”
კარაქსის თქმით, იყვნენ რეჟისორები, ვინც მასზე დიდი გავლენა იქონია, თუმცა კონკრეტული გვარების დასახელებისგან მან თავი შეიკავა:
“ის რეჟისორები, რომლებმაც ჩემზე დიდი გავლენა მოახდინეს, იმ დროისთვის უკვე გარდაცვლილები იყვნენ, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ დღეს არ არიან რეჟისორები, რომლებიც მე მიყვარს, მაგრამ ის, რომ რომელიმეს კონკრეტულად ჩემი მასწავლებელი ვუწოდო, ალბათ, სწორი არ იქნება”.
ლეო კარაქსმა მსახიობ დენი ლავანის შესახებაც ისაუბრა, რომელიც ერთის გარდა მის ყველა ფილმში მონაწილეობს:
“მე რომ მაშინ არ გამეცნო დენი ლავანი, ან მას ჩემთვის უარი ეთქვა მონაწილეობაზე, არც ვიცი, როგორ ფილმებს გადავიღებდი, ის ჩემთვის შეუცვლელია,”– განაცხადა რეჟისორმა.
მაყურებლებმა შეკითხვების დასმის გარდა თავიანთი დამოკიდებულებაც გამოხატეს ლეო კარაქსისა და მისი ფილმების მიმართ:
“მე დავამთავრე სარეჟისორო, რადგან მომინდა რეჟისორობა სწორედ თქვენი ფილმების ხილვის შემდეგ, თუმცა ახლა სრულიად სხვა სფეროში ვმოღვაწეობ, რადგან მივხვდი, რომ მე ასეთ ფილმებს ვერასოდეს გადავიღებ”, – ერთ–ერთი მაყურებლის ამ რეპლიკაზე ლეო კარაქსმა უპასუხა:
“მეც სწორედ ამიტომ აღარ ვიღებდი ბოლო წლებში ფილმებს, მივხვდი, რომ უკეთესს ვეღარ გადავიღებდი”.
ლეო კარაქსს ბოლო წლების მანძილზე საკმაოდ დიდი შემოქმედებითი წყვეტა ჰქონდა. ბოლო 20 წლის განმავლობაში მან მხოლოდ 2 ფილმი გადაიღო, ერთ–ერთზე მუშაობა ახლაც მიმდინარეობს. იმ ფილმის ხილვა კი, რომელსაც რეჟისორი თავის საუკეთესო ნამუშევრად მიიჩნევს, ქართველ მაყურებელს დღეს შეეძლება.
ფილმი სახელწოდებით “შეყვარებულები ხიდზე” 1991 წელსაა გადაღებული. ჩვენება კინოთეატრ ამირანის დიდ დარბაზში დღეს, 19:00 საათზე დაიწყება.




