ამ წუთებში კინოთეატრ ამირანში თბილისის მე-12 საერთაშორისო კინოფესტივალის სპეციალური სტუმრის, ამერიკელი პროდიუსერისა და სცენარისტის, ჯიმ სტარკის მასტერკლასი მიმდინარეობს თემაზე “პროდიუსერის შემოქმედებითი როლი დამოუკიდებელ კინოში.
ჯიმ სტარკი 22 ფილმის პროდიუსერია, მათ შორისაა ცნობილი რეჟისორის ჯიმ ჯარმუშის ფილმები: “Mystery Train”, “Down by Law”, “Coffee and Cigarets”, “Night on Earth”.
როგორც პროდიუსერი ამბობს, ჯარმუში შემთხვევით გაიცნო: “თქვენ პირველი ადამიანი ხართ, ვინც მკითხა, თუ როგორ შევხვდი ჯიმ ჯარმუშს. ეს ძალიან სახალისო ისტორიაა. მე ერთ-ერთ ლიტერატურულ საღამოზე ვიყავი და ვცდილობდი, ერთი მიმზიდველი გოგო მომეხიბლა. მე მას ვუხთარი, რომ ვიყავი ადვოკატი სარეკლამო საკითხებში, რაც არ იყო მართალი. მე უბრალოდ მისი მოხიბვლა მინდოდა. რამდენიმე ხნის შემდეგ ეს გოგო დამიკავშირდა და მითხრა, რომ მისი მეგობარი იღებდა ფილმს და სჭირდებოდა ადვოკატი. ეს მეგობარი ჯიმ ჯარმუში აღმოჩნდა, ფილმი კი– “სამოთხეზე უცნაური”(Stranger Paradice). ჯიმთან მუშაობა ძალიან სასიამოვნოა, ძალიან საინტერესო და სასაცილო ადამიანია. მოხარული ვარ, რომ ჩემი ერთ-ერთი ნამუშევარი ქართველმა მაყურებელმაც იხილა. ფესტივალი ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს კულტურული ცხოვრებისთვის.”
კინოთეატრ ამირანში ფილმის “ცივი ცხელება” ჩვენება 15:00 საათზე შედგა, ფილმის პროდიუსერი ჯიმ სტარკია, ხოლო რეჟისორი– ფრიდრიკ თორ ფრიდრიკსონი.
2006 წელს თბილისის მე-7 საერთაშორისო ფესტივალზე ერთხელ უკვე აჩვენეს ჯიმ სტარკის საპროდიუსერო ნამუშევარი, ბენტ ჰამერის “ფაქტოტუმი”, რომელიც ჩარლზ ბუკოვსკის ნაწარმოების მიხედვითა გადაღებული.
ჯიმ სტარკის საქართველოში ვიზიტის ორგანიზება კინოხელოვნების ცენტრმა “პრომეთემ” ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მხარდაჭერით მოახერხა.




