ხელოვნება

“ყვითელი მთვარის” პრემიერა დღეს შედგება

6 დეკემბერი, 2011 •
“ყვითელი მთვარის” პრემიერა დღეს შედგება

დღეს რუსთაველის თეატრის ექსპერიმენტულ სცენაზე სპექტაკლის პრემიერაა. “ყვითელი მთვარე”, ასე ჰქვია სპექტაკლს, რომელიც ბრიტანელმა რეჟისორმა როშინ მაკბრინმა დადგა.

ბალადა ლეილასა და ლიზე თანამედროვე ბონისა და კლაიდის ისტორიას ჰგავს, ორი ახალგაზრდის ცხოვრება ერთმანეთს შემთხვევით გადაეჯაჭვება.

ლეილას ძალიან იტაცებს ჟურნალების კითხვა, საკუთარ თავში ჩაკეტილი მუსულმანი გოგოს როლს მსახიობი ნინუცა მაყაშვილი თამაშობს:

“ჩემი გმირი ცოტა უცნაურია, ერთ დღესაც გადაწყვეტს და გაჩუმდება, ხმას აღარ იღებს. მიუხედავად იმისა, რომ მუნჯს ვთამაშობ, ყველაზე მეტს მე ვლაპარაკობ, მთხრობელი და პერსონაჟი ერთდროულად ვარ. ძალიან საინტერესო გადასვლებია, არის მომენტი, როცა უცებ გამოდიხარ სპექტაკლიდან და ჩვეულებრივ ყოფით სიტუაციაში ხვდები, ხანდახან –პირიქით.”

ლეილა სკოლაში სრულიად შემთხვევით ლის გაიცნობს. ლი პატარა ქალაქის მიყრუებულ რაიონში ცხოვრობს და მუდამ ხიფათის ძიებაშია. სტეგ ლი მაკალინდენის როლს ბაჩო ჩაჩიბაია ასრულებს:

“ჩემი გმირი ადამიანია, რომელიც მინუსებს ეძებს სხვაში, ალბათ, ასეთი ადამიანი ძალიან ბევრია. ხანდახან საკუთარ თავში ვერ ვამჩნევთ რაღაცებს, ან ამას ხმამაღლა ვერ ვამბობთ. ლის  ყველასთან პრობლემა აქვს, უნდა რომ ძალიან,  ძალიან მაგარი იყოს. პრობლემები შეექმნება დედამისის საყვარელთანაც. ერთ დღესაც ძალიან მაგრად იჩხუბებენ, ისე, რომ ბიჭი დანას დაარტყამს და მოკლავს”.

ლეილა და ლი სახიფათო ამბავში გახვევას არ გეგმავდნენ, თავის გადასარჩენად თინეიჯერები შოტლანდიის მაღალ მთებში გადაწყვეტენ გაქცევას. თუმცა, როდესაც თავი უკვე უსაფრთხოდ ჰგონიათ, სწორედ მაშინ ჩნდება დაუპატიჟებელი სტუმარი.

დაუპატიჟებელი სტუმარი მსახიობი დავით დარჩიაა. თუმცა სპექტაკლში მას მხოლოდ ერთი როლი არ აქვს:

“სპექტაკლში ორ განსხვავებულ ადამიანს ვთამაშობ. ჩემი პერსონაჟები არიან– ბილი როგანი, რომელიც მოკრივეა და ცოტა ბრექია კაცია და ფრენკი, რომელმაც ადამიანი მოკლა და მთებშია გახიზნული. თავისი მსოფლმხედველობით ორივე სრულიად განსხვავებული ადამიანია. ფრენკი ცოტა ტრაგიკული პიროვნებაა, რომელიც ბოლოს თავს იკლავს. მგონია, რომ კარგია, როცა ერთ სპექტაკლში ორ განსხვავებულ როლს თამაშობ და ერთი ხაზით არ მიდიხარ, ძალიან იხვეწები. სპექტაკლზე მუშაობის მანძილზე ბევრი რამ შევიძინე, როგორც მსახიობმა და როგორც ადამიანმა”.

როგორც მსახიობები ამბობენ, ბრიტანელ რეჟისორს მუშაობის სრულიად სხვა სპეციფიკა აქვს. როგორც ბაჩო ჩაჩიბაია ამბობს, ენობრივი ბარიერის გარდა მუშაობის პრინციპიც სრულიად განსხვავებულია:

“რეჟისორთან მუშაობა ცოტა გამიჭირდა. ჩემი თავიდან გამომდინარე რომ ვიმსჯელო, როცა ქართულ სცენაზე სპექტაკლს ვთამაშობ, მართლა განვიცდი, მართლა ვტირი, თვალებზე ხელს კი არ ვიჭერ, რომ ცრემლი წამომივიდეს. იმ საათნახევრის განმავლობაში, როცა მე სცენაზე ვთამაშობ, მავიწყდება ბაჩო ჩაჩიბაიას პრობლემები. უცხოელები მაქსიმალურად გაურბიან ამას, ამათთვის პრინციპი ისაა, რომ უბრალოდ ინფორმაცია მვიაწოდოთ მაყურებელს და მაყურებლის გადასაწყვეტია, რა ემოცია ექნება. რაღაც სცენები იყო, რომლებთან დაკავშირებითაც ვიკამათეთ, მე ყველანირად ვცდილობ და იმედია, აკრგი გამოვა”.

მსახიობებს სპექტაკლისთვის მოსამზადებლად ერთი თვე ჰქონდათ. როგორც ამბობენ, პიესა, რომელიც დათო გაბუნიამ თარგმნა, საკმაოდ რთულია, ამიტომ ერთი თვე თავდაუზოგავად მუშაობდნენ:

“ძალიან ცოტა დრო იყო, მაგრამ როცა მაყურებელი დაჯდება, იმას არაფერი არ აინტერესებს– არც ის, რამდენი დრო გქონდა, რეპეტიცია რამდენი ხანი მიდიოდა და არც ის, რეჟისორთან როგორ მუშაობდი,” – ამბობს ბაჩო ჩაჩიბაია. იგი იმედოვნებს,  რომ მაყურებელი კმაყოფილი დარჩება და სპექტაკლს ექსპერიმენტულ სცენაზე კიდევ დიდხანს ითამაშებენ.

დავით დარჩიას თქმით, ერთმა თვემ სწრაფად, მაგრამ ნაყოფიერად ჩაიარა:
“იმედია, ფუჭად არ ჩაუვლია ჩვენს შრომას და მაყურებელიც კმაყოფილი დარჩება”.

როგორც ნინუცა მაყაშვილი ამბობს, რეჟისორი ნამუშევრით კმაყოფილია, თავად კი მაყურებელს პატარა ინტრიგას უტოვებს:
“საბოლოოდ მოხდება ისე, რომ ჩემი გმირი ალაპარაკდება და ის, თუ რა იქნება მისი პირველი სიტყვები, ჯობია მოხვიდეთ და თავად ნახოთ”.

“ყვითელი მთვარის” პრემიერა დღეს, 19:00 საათზე, შედგება. სპექტაკლი, რომელიც პირველად 2006 წლის სექტემბერში გლაზგოში, Citizens Circle Studio-ში დაიდგა, სეზონის ყველაზე მნიშვნელოვან ნაწარმოებად ითვლებოდა. რუსთაველის თეატრის მსახიობებს იმედი აქვთ, რომ სპექტაკლის ქართული ვარიანტიც მალე გასცდება საქართველოს საზღვრებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი