ხელოვნება

მესხების გრძელი გზა შინისკენ

4 დეკემბერი, 2011 •
მესხების გრძელი გზა შინისკენ

არ-აღთქმული მიწა – მესხების გრძელი გზა შინისკენ, ამ სახელწოდების ფოტოგამოფენა ლიტერატურის მუზეუმში გაიხსნა.

გამოფენის ავტორი ქართველი ჟურნალისტი და ფოტოგრაფი თემო ბარძიმაშვილია:

“პროექტს შეიძლება ეთნოგრაფიულიც ვუწოდოთ, ის მესხებზე, მათ კულტურულ ასპექტზე მოგვითხრობს. ყოველგვარი პოლიტიკის გარეშე ვცდილობდი, რომ გამეშუქებინა კულტურული ასპექტი და ტრადიციები იმ ხალხისა, ვის შესახებაც საქართველოში ბევრმა არაფერი არ იცის.”

10 000 დეპორტირებული მესხიდან, რომლებიც სტალინის იძულებითი გადასახლებების მსხვერპლი გახდნენ, საქართველოში დაბრუნება მხოლოდ რამდენიმე ასეულმა შეძლო. ამჟამად მესხები ცხრა ძირითად ქვეყანაში არიან დასახლებული: ყაზახეთი, ყირგიზეთი, უზბეკეთი, აზერბაიჯანი, რუსეთი, უკრაინა, საქართველო, თურქეთი და ამერიკის შეერთებული შტატები.

როგორც თემო ბარძიმაშვილი ამბობს, პირველად ამ საკითხზე მუშაობის სურვილი მას შემდეგ გაუჩნდა, რაც აბასთუმანში რამდენიმე ფოტო გადაიღო მესხების შესახებ:

“ჟურნალისტთან ერთად, როგორც ფოტოგრაფი ვმუშაობდი რაღაც სტატიაზე და მომიწია აბასთუმანში ჩასვლა, იქ გადავიღე რამდენიმე ფოტო მესხების შესახებ. მერე დავინტერესდი, სტატიები და მულტიმედია პროექტი გავაკეთე უცხოური პრესისთვის და ვიფიქრე, რომ იმდენად ღრმა თემაა და იმდენად გაუშუქებელი, რომ კარგი იქნებოდა ამის გაგრძელება და ამ ხალხის სხვადასხვა კუთხით აღწერა.”

ამის შემდეგ პროექტზე მუშაობა დაიწყო, რომლის ფარგლებშიც ოთხი ქვეყანა– საქართველო, აზერბაიჯანი, თურქეთი და ყირგიზეთი მოიარა.
მესხების პოვნა ძნელი არ აღმოჩნდა:

“ მიუხედავად იმისა, რომ ისინი სხვადასხვა ქვეყანაში არიან მიმოფანტულნი, ერთმანეთს ძალიან კარგად იცნობენ, შეიძლება არ შეხვედრიან, მაგრამ იციან ერთმანეთის შესახებ და საკმაოდ კარგი კავშირები აქვთ”

ნახევარი წლის წინ თემო ბარძიმაშვილს ორგანიზაცია ეროვნულ უმცირესობათა საკითხების ეროვნული ცენტრი დაუკავშირდა. ისინი ჩართული არიან მესხების რეპატრიაციის პროექტში და გამოფენის მოწყობა შესთავაზეს:

“მე,  რა თქმა უნდა, მალევე დავთანხმდი, იმიტომ, რომ ძალიან ახლოს იყო იმ თემატიკასთან, რომელზეც ვმუშაობ – სოციალური პრობლემები, ეთნოგრაფია, ტრადიციები და ანთროპოლოგიური კვლევები. თან ჩემი სახსრებით ვერ მოვახერხებდი, ამდენ ქვეყანაში მევლო. ეს მაბრკოლებდა და ცოტა მაღელვებდა კიდევაც. ამის შემდეგ საშუალება მომეცა, რომ სხვადასხვა ქვეყანაში უფრო ადვილად გადავსულიყავი, რაც კარგი იყო იმიტომ, რომ უფრო სხვადასხვა კუთხით გავაშუქებდი ამ ხალხს. მე ვფიქრობ, რომ ყველაფერი გამოვიდა.”

გამოფენის პარალელურად დამთვალიერებელს წიგნი “მესხები: გზა შინისკენ…” უფასოდ დაურიგდათ, წიგნიც პროექტის ნაწილია, რომელსაც ორგანიზაციები “უმცირესობების საკითხთა ევროპული ცენტრი – კავკასია”(ECMI) და “მოძრაობა შიმშილის წინააღმდეგ”(ACF) ახორციელებენ. წიგნის ავტორები არიან:ტომ ტრიერი, გიორგი თარხან-მოურავი და ფორესტ კილიმნიკი.

მასალების გადაბეჭდვის წესი