სიმღერაზე მუშაობა 2011 წლის ზაფხულში დაიწყო და მალე სტუდიური ჩანაწერიც გაკეთდა:
“როდესაც სიმღერა ჩავწერეთ, აღმოვაჩინე, რომ ცოტა მოკლე იყო და და გადავწყვიტე, ერთ სტროფი დამემატებინა”.
ამის შემდეგ სიმღერის ბოლო სტროფი დაიწერა:
“რამდენი გყავს ქვეყანაში დამშეული ტული?
ამის შემხედვარეს მკერდში როგორ გიძგერს გული?
საით გაუტიე? სხვა გეზი გაქვს არეული,
გვიან ხომ არ გაგახსენდა ვენახი და პური?”
“ერთ–ერთ ტელევიზიაში ვნახე სიუჟეტი ტული გვასალიას შესახებ, იყო ასეთი პიროვნება, უკიდურესად განათლებული და ინტელიგენტი კაცი, რომელიც პოლიგლოტი იყო, 6 თუ 7 ენაზე საუბრობდა და იყო უკიდურეს გაჭირვებაში. მეზობლები აძლევდნენ პურს და წყალს და სიუჟეტის გასვლიდან რამდენიმე დღეში, სამწუხაროდ, გარდაიცვალა. ინტერნეტშიც, სადაც ტექსტები დევს, არასწორი სიტყვები წერია და მინდა ვთქვა, რომ სწორედ ტული გვასალია იგულისხმება”.
გარდა იმისა, რომ სიმღერა youtube-ზე დაიდო, გავიდა რადიო “უცნობის” და “პალიტრას” მეშვეობით:
“მთავრობის მიერ დაფინანსებული რადიოები რომ არ გაუშვებენ, ეს ცხადია, ამიტომ არც მიმიმართავს და არც ვაპირებ მივმართო ასეთ ტელევიზიებს და რადიოებს. თუმცა youtube-ზე სიმღერას საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოჰყვა, ბევრი ნახვა აქვს, რამოდენიმე ადამიანმა თავისი სახელითაც დადო და საბოლოო ჯამში ძალიან ბევრმა ადამიანმა მოისმინა,” – ამბობს ზაზა ხუციშვილი.
საბოლოოდ იგი პოლიტიკურ და სოციალურ თემატიკაზე დაწერილი სიმღერების ალბომის გამოშვებას აპირებს, რომლის სახელწოდებაც იქნება underground. ალბომში ასეთი 10 ნამუშევარი შევა. როგორც მომღერალმა განაცხადა, 4 სიმღერაზე მუშაობა დასრულებულია, დანარჩენ სიმღერებზე კი სტუდიური მუშაობა მიმდინარეობს.




