საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის საგამოფენო დარბაზში წიგნის ”კაფია-გალექსებანის” პრეზენტაცია გაიმართა.
წიგნი ვაჟა-ფშაველას 150 წლისთავს, ასევე, ვახუშტი კოტეტიშვილისა და მისი სახელობის ზეპირსიტყვიერების საღამოების გარდაცვლილ მონაწილეთა ხსოვნას ეძღვნება.
წიგნის შემდგენლები გიგი ხორნაული და ნანა კოტეტიშვილი არიან, ხოლო რედაქტორი ვახუშტი კოტეტიშვილის მეუღლე მზეო გოგოჭურია:
”ვისაც ხუმრობისა და სიცილის განწყობა აქვს, ის ძალიან დიდ სიამოვნებას მიიღებს. მგონია, რომ თანამედროვე თაობა ამ ყველაფერს ცოტა დაშორდა, მაგრამ ვისაც ლექსისა და სიტყვიერების ნიჭი აქვს, ის ნებისმიერ დროს პირველი გადაშლისთანავე იგრძნობს სიახლოვეს იმ ფილოსოფიასთან, რაც აქ დევს. ეს მსოფლმხედველობაა იმ ადამიანებისა, ვინც ამქვეყნიურ გაჭირვებასა და ცხოვრებას ზემოდან უყურებს. ისინი დასცინიან ყველაფერს, რაზეც სხვები დეპრესიაში ვარდებიან.”
წიგნის ერთ-ერთი შემდგენელის, ნანა კოტეტიშვილის თქმით, მასალა ძალიან დიდი იყო, საიდანაც საუკეთესო კაფიები ამოარჩიეს და ერთ წიგნად გააერთიანეს:
”კაფიაობა ფშავური ტრადიციაა. ჭირისა და ლხინის სუფრაზე სხვადასხვა სახის კაფიაობა ხდება ხოლმე, ჩვენ მასალის მოსაპოვებლად ექსპედიციებში დავდიოდით და ასე, თანდათან, შევაგროვეთ ყველაფერი. შემდეგ შევეცადეთ საუკეთესოები ამოგვერჩია, რომ წიგნი ძალიან დიდი არ გამოსულიყო. წიგნში ვახუშტი კოტეტიშვილის ბევრი კაფიაცაა შესული, ზოგიერთი სათქმელად უხერხულია, მაგრამ წასაკითხად ძალიან სასაცილო.”
როგორც ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ზეპირსიტყვიერების მიმართულების ხელმძღვანელი ეთერ თათარაიძე ამბობს, წიგნის პრეზენტაციისთვის საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი შემთხვევით არ შერჩეულა:
”ეს ყველაფერი ქართული ფოლკლორია და ერთმანეთს ეხამება, არც ისაა შემთხვევით, რომ დარბაზში ქართული ფარდაგებია გამოფენილი, როგორც ლექსში არის მოარული სიუჟეტები, ასევეა ფარდაგშიც. ჩვენ შევეცადეთ შეგვექმნა ქართული, თბილი და მეგობრული გარემო”.
1939 წლიდან მოყოლებული კაფია-გალექსებების სამი გამოცემა გამოვიდა, დღევანდელი წიგნი კი მეოთხეა, სადაც ყველა გამოცემიდან ამოკრეფილი საუკეთესო ნიმუშებია შესული.
წიგნი, რომელიც გამომცემლობა ”მწიგნობარის” დახმარებით გამოვიდა, მაღაზია ”პარნასში” გაიყიდება და მისი ფასი 14 ლარი იქნება.