ხელოვნება

“იავნანას” რვა წელიწადი

29 ნოემბერი, 2011 •
“იავნანას” რვა წელიწადი
თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში გამართულ პრესკონფერენციაზე ფონდ “იავნანას” ხელმძღვანელმა, პაატა ბურჭულაძემ 8 წლის მანძილზე ფონდის მოღვაწეობის ანგარიში წარმოადგინა.

“3 მარტს ჩვენ ფონდ “იავნანას” დაარსების 8 წლისთავს აღვნიშნავთ, ამ ხნის მანძილზე გაჭირვებულ ოჯახებს ვეხმარებოდით. 64 ოჯახს გადაეცა სახლის გასაღები. ეს ნიშნავს იმას, რომ 64–მა ოჯახმა დაიბრუნა ბავშვები. სამწუხაროა, რომ ოჯახების არჩევა რიცხვების მიხედვით ხდება. ბინები გადაეცათ გაჭირვებულ ოჯახებს, ვისაც ბევრი შვილი ჰყავს, ყველაზე მცირე 5– შვილიანი და ყველაზე მეტი – 14 –შვილიანი ოჯახები გვყავს.”

დღეს საღამოს დაგეგმილ ლექსო თორაძის კონცერტზე პაატა ბურჭულაძე სახლის გასაღებს 65–ე ოჯახს გადასცემს:

“ფონდ იავნანას საქველმოქმედო კონცერტში ლექსო თორაძემ ერთხელ უკვე მიიღო მონაწილეობა, მადრიდში. დღეს და ხვალ ჩატარდება 2 საქველმოქმედო საღამო და კიდევ ერთი 9– შვილიანი ოჯახი მიიღებს გასაღებს,” – განაცხადა პაატა ბურჭულაძემ. მისივე თქმით, ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი არის ის, რომ ომში დაღუპული მებრძოლების შვილები, რომლებიც აქამდე 70– ლარიან დახმარებას იღებდნენ, ხვალიდან 100 ლარს მიიღებენ თვეში:

“ ომში დაღუპულთა შვილებს ეს დახმარება მანამდე ექნებათ, სანამ 18 წლისანი შესრულდებიან, დღეს ასეთ 130 ბავშვს ვეხმარებით”.


ფონდ “იავნანას” დახმარებით სწავლის გადასახადი ჩაერიცხა 113 ბავშვს და ჩამოყალიბდა 46 სამეგობრო. თითო სამეგობროს თითო ბავშვზე აქვს პასუხისმგებლობა აღებული. სამეგობროებში გაწევრიანება შეუძლიათ როგორც ორგანიზაციებს, ასევე მოქალაქეებს. დღეს არსებული სამეგობროების წევრები სხვადასხვა სფეროს ცნობილი წარმომადგენლებიც არიან, მათ შორის – ნატო მეტონიძე, ბასა ფოცხიშვილი, ლიზა ბაგრატიონი, სანდრო ასათიანი და ა.შ. ასევე, ის ხალხი, ვინც საზოგადოების ფართო მასებისთვის ცნობილი არაა. პაატა ბურჭულაძემ მათთან ერთად მადლობა პრესის და ტელევიზიის წარმომადგენლებსაც გადაუხადა.

პრესკონფერენციას UNICEF-ის წარმომადგენელი საქართველოში რულანდ მონაშიც ესწრებოდა:

“პაატა კარგად აცნობიერებს იმას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, ბავშვი გაიზარდოს ოჯახში და არა ბავშვთა სახლში. კვლევებით დასტურდება, რომ ბავშვის აღზრდას სამზრუნველო დაწესებულებაში ძალიან ცუდი შედეგები მოაქვს. უპირველეს ყოვლისა ეს იწვევს როგორც ფიზიკური ჯანმრთელობის გაუარესებას, ასევე შეიძლება ბავშვს ფსიქოლოგიური ზიანი მიაყენოს. ფონდი “იავნანა” კი ცდილობს დაეხმაროს იმ ბავშვებს, ვინც მსგავსი საფრთხის წინაშე დგას” – განაცხადა რულანდ მონაშიმ. მისი თქმით, ეს სახელმწიფოს ინტერესებშიც შედის, რომ ქვეყანაში ბავშვთა სახლები აღარ იყოს.

პრესკონფერენციაზე იმყოფებოდა  “ვითიბი” ბანკის დირექტორი არჩილ კონცელიძეც. ბანკი ლექსო თორაძის კონცერტის გენერალური სპონსორია:

“ჩვენ ათამდე ღონისძიებაში მივიღეთ მონაწილეობა. ეს ერთ–ერთი უმნიშვნელოვანესია, რადგან ამ ქველმოქმედებაში ჩვენი კლიენტებიც ჩავრთეთ. ეს იყო ანაბარი, საიდანაც მინიმუმ 1% გადაირიცხებოდა “იავნანაში”. პირველივე თვეში 100–ზე მეტი ანაბარი გაიხსნა,” – განაცხადა არჩილ კონცელიძემ.

“ვითიბი” ბანკი 2008 წლიდან ფონდ “იავნანას” პარტნიორია.

ფონდმა საზოგადოებას კიდევ ერთი სიახლის შესახებ ამცნო. დღეიდან თბილისის ჯანმრთელობის ცენტრის დირექტორის ლალი გუჯაბიძის ინიციატივით თვეში 50 ბავშვს ცენტრში უფასო მკურნალობა ჩაუტარდება.

ანგარიშთან ერთად თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში ფონდმა “იავნანამ” მოღვაწეობის ამსახველი ფოტომასალაც წარმოადგინა.

მასალების გადაბეჭდვის წესი