ხელოვნება

ქართული ზღაპრები ინგლისურად ითარგმნება

28 ნოემბერი, 2011 •
ქართული ზღაპრები ინგლისურად ითარგმნება
საგანმანათლებლო ცენტრი LanGate–ის და “ამერიკის მეგობართა კლუბის” ინიციატივით, ემიგრანტი ბავშვებისთვის ქართული ზღაპრების თარგმნა იწყება.

LanGate–ის პრეს–სამსახურის უფროსის, ქეთი ხოსიტაშვილის განცხადებით, ეს ერთობლივი იდეა იყო. საგანმანათლებლო ცენტრი “ამერიკის მეგობართა კლუბთან” ერთად ემიგრანტების თემაზე მუდმივად მუშაობს:

“ვთვლით, რომ ასეთი აქტივობები თვეში ერთხელ მაინც უნდა ჩატარდეს, რომ ჩვენი როლი ვითამაშოთ ემიგრანტებთან ურთიერთბის საკითხში. ეს ზღაპრების იდეაც აქედან წამოვიდა. პირველ ეტაპზე 9 ზღაპრის გადათარგმნას ვაპირებთ”.
ორგანიზატორების განცხადებით, თვეში ერთხელ, სამი თვის მანძილზე, კონკურსი გამოცხადდება, რომელში მონაწილეობაც ნებისმიერ ადამიანს შეეძლება. თვეში 3 ზღაპარი უნდა ითარგმნოს, საუკეთესო თარგმანებს 6 წევრისგან შემდგარი ჟიური გამოავლენს.
“პირველი სამი ზღაპარია– “ასფურცელა” “კომბლე” და “ნაცარქექია”. ეს ზღაპრები თვის ბოლოს ჯერ ბუკლეტებად გამოიცემა, საბოლოოდ კი ყველა ზღაპარი ერთ წიგნად გაერთიანდება,” – ამბობს ქეთი ხოსიტაშვილი.
პროექტის განხორციელებაში აქტიურად იქნება ჩართული ეროვნული ბიბლიოთეკა და ლიბ.ჯი.
ლიტერატურული პორტალის ლიბ.ჯი. რედაქტორის გიორგი კეკელიძის განცხადებით, თანამშრომლობის ინიციატივა LanGate–ისგან მოდიოდა:
“ჩვენი წვლილი იმაში მდგომარეობს, რომ პოპულარიზაცია გავუწეიოთ ამ თარგმანებს, ისინი განთავსდება ლიბ.ჯის ახალ განყოფილებაში, რომელიც რებრენდინგის შემდეგ ამუშავდება. ყველა ნაწარმოებს თავისი გრაფა ექნება და იქვე მკითხველს შეეძლება, თავისი ფავორიტი დააფიქსიროს. გამოქვეყნდება ე.წ. რეიტინგები.“
მისივე თქმით, ლიბ.ჯი თარგმანების შეფასებაში მონაწილეობას არ მიიღებს.
LanGate თანამშრომლობს გამოყენებითი ხელოვნების სკოლასთანაც, რომლის მოსწავლეებიც წიგნისთვის ილუსტრაციებს გააკეთებენ, ასევე დადგამენ ინგლისურენოვან სპექტაკლებს, რომლებიც DVD–ს სახით წიგნებს თან დაერთვება.
საბოლოოდ  500 მთლიანი წიგნი და 300 ბროშურა საზღვარგარეთ გაიგზავნება და ქართული დიასპორის დახმარებით ემიგრანტ ბავშვებს დაურიგდება.
საქართველოში კი ორენოვანი წიგნი მაღაზიებში გაიყიდება.
“დარწმუნებული ვარ, რომ პროექტი გაამართლებს და ამ მიმართულებით მუშაობას გავაგრძელებთ,” – აცხადებს ქეთი ხოსიტაშვილი.
პროექტის პირველი ეტაპი 1 დეკემბრიდან იწყება.
ემიგრანტებთან ურთიერთობის ფარგლებში რამდენიმე დღის წინ, მადლიერების დღესთან დაკავშირებით ამერიკულმა საგანმანათლებლო ცენტრმა “LanGate”-მა ამერიკაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტების  გამოფენაც მოაწყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი