ფესტივალი კინოხელოვნების ცენტრმა “პრომეთემ” 2000 წელს დააარსა და ყოველი წლის დეკემბერში საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, ქალაქ თბილისის მერიისა და საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის ფინანსური მხარდაჭერით ტარდება.
როგორც ფესტივალის ოფიციალურ ვებ–გვერდზე წერია, “ფესტივალის მიზანია, მაყურებელს გააცნოს ახალი, მაღალი მხატვრული ღირებულების მქონე კინოპროდუქცია, მსოფლიო კინოს ახალი ტენდენციები და ხელი შეუწყოს ქართული კინოინდუსტრიის განვითარებას.”
ასევე, ფესტივალის ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია ახალგაზრდა რეჟისორების სადებიუტო და მეორე სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმების კონკურსი.
საერთაშორისო ჟიური (5 წევრი) – გადასცემს პრიზს საუკეთესო ფილმისთვის და საუკეთესო რეჟისურისთვის
ფარაჯანოვის სახელობის ჟიური (3 წევრი) – გადასცემს ფარაჯანოვის სახელობის პრიზს გამორჩეული პოეტური ხედვისათვის
“ფიპრესის” (FIPRESCI) ჟიური (3 წევრი) გადასცემს კინოკრიტიკოსთა საერთაშორისო ფედერაციის პრიზს.
საკონკურსო პროგრამის გარდა, ფესტივალის ძირითადი სექციებია:
-
ევროპული კინოს ფორუმი (ახალი ევროპული ფილმები);
-
ჰორიზონტები (ახალი ფილმები მთელი მსოფლიოდან);
-
ქართული პანორამა (ახალი ქართული ფილმები);
-
დამზადებულია გერმანიაში (ახალი გერმანული ფილმები);
-
პრემიერები, რეტროსპექტივა, სპეციალური ჩვენებები, მასტერკლასები.
წლევანდელ ფესტივალზე შეძლებთ ნახოთ ლეო კარაქსის, ფრანსუა ოზონის, როი ანდერსონის, ლივ ულმანის, ფრენსის ფორდ კოპოლას, მაიკ ლის, ალექსანდრ სოკუროვისა და სხვა ცნობილი რეჟისორების ნამუშევრები.




