ერთ–ერთი ყველაზე ცნობილი სათავგადასავლო წიგნის, “ჰარი პოტერის” ავტორმა ჯ.კ. როულინგმა ლონდონის სასამართლო დარბაზში აღშფოთება გამოთქვა ბრიტანული ტაბლოიდების ჟურნალისტებთან დაკავშირებით.
“მე ჟურნალისტებისგან ალყაშემოტყმული ვარ, თითქოს მათი მძევალი ვიყო” – განაცხადა როულინგმა. მისი თქმით, ყვითელი პრესის ჟურნალისტების მომაბეზრებელი საქციელის ატანა მას შემდეგ უწევდა, რაც მისი პირველი წიგნი “ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა” გამოქვეყნდა და საზოგადოებაში სენსაცია გამოიწვია.
მას შემდეგ ჰარი პოტერის შვიდი ტომი გამოვიდა, რომლებიც 450 მილიონზე მეტი ტირაჟითაა გაყიდული, გადაიღეს ფილმები ჰარი პოტერის შესახებ და მარტოხელა დედა ბრიტანეთის ყველაზე მდიდარი ადამიანების სიაში მოხვდა.
“მე ყოველთვის ვცდილობდი, დამეცვა ჩემი შვილები მედიისგან”, განაცხადა როულინგმა, თუმცა მისმა აღშფოთებამ პიკს მიაღწია, როდესაც მისი ერთ–ერთი შვილი სკოლიდან დაბრუნდა და ზურგჩანთაში ჟურნალისტის წერილი ედო: “მე ვერ აღგიწერთ, როგორ გავბრაზდი, როცა მივხვდი, რომ ჩემი 5 წლის ქალიშვილის სკოლა აღარ იყო ის ადგილი, სადაც იგი სრულიად დაცული იქნებოდა ჟურნალისტებისგან”.
როულინგმა ასევე გაიხსენა ფაქტი, როდესაც მის მეუღლეს პერსონალური ინფორმაციის გამჟღავნება მოუწია ტელეფონზე, რადგან ერთ–ერთმა ჟურნალისტმა საგადასახადო სამსახურის წევრის სახელით დაურეკა და ეს ინფორმაცია მოითხოვა.
“მგონია, რომ რომელიღაც ვიდეოთამაშის წევრი ვარ” – განუცხადა როულინგმა გამოძიებას.
მწერალმა აღნიშნა, რომ ის პრესის თავისუფლებას ემხრობა, თუმცა ზოგიერთ საკითხზე ცვლილებები აუცილებელია.
მისი გამოსვლიდან გამომდინარე, გამოძიება, რომელსაც ბრაიან ლევსონი უძღვებოდა, მომავალ წელს ანგარიშის გამოშვებს გეგმავს, რომელშიც საუბარი იქნება ძირეულ ცვლილებებზე ბრიტანეთის მედიის თვითრეგულირებასთან დაკავშირებით.
მისი გამოსვლიდან გამომდინარე, გამოძიება, რომელსაც ბრაიან ლევსონი უძღვებოდა, მომავალ წელს ანგარიშის გამოშვებს გეგმავს, რომელშიც საუბარი იქნება ძირეულ ცვლილებებზე ბრიტანეთის მედიის თვითრეგულირებასთან დაკავშირებით.