ხელოვნება

გამქრალი თბილისი

24 ნოემბერი, 2011 •
გამქრალი თბილისი
პურის მოედანი, მეტეხის კლდე, ელბაქიძის დაღმართი, რუსთაველის გამზირი, თავისუფლების მოედანი, ფუნიკულიორი, ჩახრუხაძის, ამაღლების, ასათიანის, შავთელის, ლეონიძის და  მირზა შაფის ქუჩები. ეს იმ ისტორიული ადგილების არასრული ჩამონათვალია, რომელიც თბილისმა დაკარგა.
“გამქრალი თბილისი”– ამ სახელწოდების გამოფენა განახლებული აღმაშენებლის გამზირის გახსნის პარალელურად  ფონდ ღია საზოგადოება საქართველოს საგამოფენო დარბაზში მოეწყო. გამოფენის მოწყობის იდეა ორგანიზაცია “ტფილისის ჰამქარს” ეკუთვნის.
ფოტოგამოფენა თბილისის ურბანულ მემკვიდრეობას, იმ ღირებულ ობიექტებს ეძღვნება, რომლებიც 2003 – 2011 წლებში, როგორც “ჰამქრის” განცხადებაშია ნათქვამი, თბილისმა “ხელისუფლების გაუაზრებელი თუ მიზანმიმართული პოლიტიკის შედეგად დაკარგა.”
გამოფენაზე 16 ფოტოა წარმოდგენილი, რომლებზეც ასახულია ისტორიული ადგილების ძველი და დღევანდელი მდგომარეობა. შენობების უმეტესობა ან მთლიანადაა შეცვლილი, ან საერთოდ აღარ არსებობს.
როგორც “ჰამქრის” წევრი, არქიტექტორი ალექსანდრე სარალიძე ამბობს, ორგანიზაცია მსგავსი ფაქტების წინააღმდეგ 2005 წლიდან იბრძვის:
“ჩვენი ნაბიჯები ძალიან თანმიმდევრულია, ჩვენ შეტანილი გვაქვს საჩივრები, მაგრამ სამწუხაროდ რეალურად შედეგი უმნიშვნელოა ნგრევის იმ მასშტაბებთან მიმართებაში, რაც დღეს ხდება ისტორიულ ნაწილში.”
“ტფილისის ჰამქრის” წევრის, ხელოვნებათმცოდნე თამარ ამაშუკელის განცხადებით, მსგავსი მასშტაბის ნგრევა კანონმდებლობით ძალიან მკაცრად უნდა ისჯებოდეს, თუმცა ამ შემთხვევაში რეაგირება თითქმის არ ხდება:
“კანონში 2008 წელს ისეთი ცვლილებები შევიდა, რომ მათ ხელ–ფეხი გახსნილი აქვთ, ცდილობენ, რომ კანონი კი არ დაარღვიონ, არამედ მოირგონ. ცვლილებების შედეგად შესაძლებელია შეცვალონ ძეგლის მოცულობა თუ სხვა დეტალები, თუკი ეს შეცვლა არ აზიანებს მის ინტერპრეტაციას და დაფასებას, ეს კი სრულიად გაურკვეველი განმარტებაა, ვიღაცისთვის ირღვევა დაფასება, ვიღაცისთვის – არა.”
თამარ ამაშუკელი იმ კონკრეტულ შემთხვევებზე საუბრობს, როდესაც დაწერილმა საჩივრებმა და წერილებმა შედეგი არ გამოიღო:
“იმელის შენობას ძეგლის სტატუსი მოუხსნეს, იმიტომ, რომ გაყიდულიყო. ჩვენ შევიტანეთ საჩივარი და ზედამხედველობის სამსახურმა აიღო პასუხისმგებლობა. შედეგი ისაა, რომ იმელის შენობის დემონტაჟის უფლება ვერ მიიღეს, მაგრამ აქ მეორე პრობლემას ვაწყდებით, ახლა ისინი ელოდებიან, შენობა თავისით როდის დაინგრევა და შემდეგ მოახდენენ დემონტაჟს. ჩვენ რამოდენიმე წერილი დავწერეთ ზედამხედველობის სამსახურში, თუმცა ძალიან ხშირად პასუხებს ვერ ვიღებთ, ან სრულებით სხვა რამეს გვპასუხობენ”.

დავა 2009 წლიდან მიმდინარეობს მირზა შაფის ქუჩასთან დაკავშირებითაც. საჩივარი ხელოვნების ისტორიკოსმა, მარინა ხატიაშვილმა პირადად შეიტანა:
“მირზა შაფის ქუჩა ერთ–ერთი უძველესი იყო ქალაქში, აქედან იწყებოდა თბილისი, ეს იყო განჯის კარი და სრულიად მოულოდნელად, 4 ღამეში, ეს ქუჩა გაქრა, გაქრა ყოველგვარი საბუთისა და კანონიერი დასკვნის გარეშე. დღემდე არ არსებობს არც ერთი ოფიციალური დოკუმენტი, რის საფუძველზეც შეიძლებოდა დანგრეულიყო ქუჩა. მე მერიაში ვმუშაობდი. ამის გამო სამსახურიდან წამოვედი და პროკურატურაში 2010 წლის 5 მარტს ორი საჩივარი შევიტანე, ერთი– პროფესიული აზრის გამოთქმის გამო დისკრიმინაციისთვის და მეორე – მირზა შაფის ქუჩის დემონტაჟთან დაკავშირებით. დღემდე ამ საკითხზე პასუხი არ მიმიღია, სასამართლო კი მანამდე ვერ გაიმართება, სანამ პროკურატურა არ გამოიძიებს და ხარვეზებს არ დაადგენს.”
მიუხედავად იმისა, რომ კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგა, მარინა ხატიაშვილი მაინც თვლის, რომ ხელისუფლების მხრიდან უყურადღებობა ხელოვნებათმცოდნეებისა და ამ საქმის პროფესიონალების პასიურობის ბრალია. იგი კოლეგებს რადიკალური ზომების მიღებისკენ მოუწოდებს.
“ტფილისის ჰამქრის” წარმომადგენლების განცხადებით კი, იქიდან გამომდინარე, რომ სასამართლო პროცესების დაწყება დიდ თანხებთანაა დაკავშირებული, ისინი შეეცდებიან, საკითხის სიმწვავე როგორმე საზოგადოებას გააცნონ, რათა შემდეგ ინფორმაცია ხელისუფლებამდეც მივიდეს.
მათ ამ კუთხით რამდენიმე საგანმანათლებლო პროექტი გააკეთეს– ჩატარდა გამოფენები საჯარო ბიბლიოთეკაში და ლექციები სკოლებში. “ტფილისის ჰამქარი” აქტივობების გაგრძელებას კვლავაც აპირებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი