“And So It Goes”, ასეთია წიგნის სახელწოდება, რომელიც ვონეგუტის ცხოვრებაზე მოგვითხრობს.
ავტორმა წიგნის დასაწერად თანხმობა თავად ვონეგუტისგან მიიღო და მწერალთან საუბარში მისი ცხოვრების უკანასკნელ წელს მრავალი საათი გაატარა.
როგორც ჩარლზ შილდსი ამბობს, კურტ ვონეგუტმა მასთან საუბრის პირველსავე დღეს მშობლების მიმართ საკუთარ პრეტენზიებზე დაიწყო მოყოლა.
“მეგონა, გაცილებით პატარა ასაკის ადამიანს ველაპარაკებოდი,”– წერს შილდსი, თუმცა აღნიშნავს, რომ ალბათ სწორედ ასეთი დამოკიდებულება აძლევდა მწერალს საშუალებას, ადვილად შესულიყო კონტაქტში ყველაფრით უკმაყოფილო ახალგაზრდებთან.
ჩარლზ შილდსი წერს, რომ პერსონა, რომელიც მან გაიცნო, სრულ წინააღმდეგობაში მოდიოდა ისეთ ვონეგუტთან, რომელსაც საზოგადოება იცნობს.
“მე არ მინდა საზოგადოებას ვუთხრა, რომ კურტ ვონეგუტი ცინიკოსი იყო” – ამბობს ავტორი, თუმცა იმასაც აღნიშნავს, რომ წიგნის წერისას განსაკუთრებით გაუსვა ხაზი ვონეგუტის მძიმე ხასიათს.
“ვონეგუტს სჯეროდა ამერიკის, სჯეროდა მისი იდეალების. მას უნდოდა, რომ ბავშვებს ეცხოვრათ გარემოში, სადაც მათზე უკეთესად იზრუნებდნენ და უნდოდა რომ ადამიანები უფრო კეთილ დამოკიდებულებაში ყოფილიყვნენ ერთმანეთთან” – ამ ყველაფერთან ერთად, შილდსის თქმით, ვონეგუტი რთული პიროვნება რომ არ ყოფილიყო, ვერ დაწერდა ნაწარმოებებს ისე, როგორც დაწერა. მისი თქმით, ვონეგუტის პერსონაჟებზე სწორედ მისი ხასიათია ასახული.
კურტ ვონეგუტი მეოცე საუკუნის ერთ–ერთი ყველაზე პოპულარულ მწერლად ითვლება. იგი იუმორისტულ, სატირულ და სამეცნიერო ფანტასტიკის სტილში წერდა. მწერალი 2007 წელს 85 წლის ასაკში გარდაიცვალა.