ხელოვნება

„ალი და ნინოს“ თბილისსა და ბათუმში წარმოადგენენ

18 ნოემბერი, 2011 •
„ალი და ნინოს“ თბილისსა და ბათუმში წარმოადგენენ

შარშან ბაქოს ერთადერთმა მუნიციპალურმა თეატრმა აზერბაიჯანის მთავარ აკადემიური დრამატული თეატრის სცენაზე ყურბან საიდის პოპულარული რომანის „ალი და ნინო“ ახალი სცენური რედაქცია წარმოადგინა. პირველად რომანი თავად ყურბან საიდმა ემიგრანტობის დროს ვენის დრამატული თეატრის სცენაზე ასადბეკის ფსევდონიმით დადგა. 75 წლის წინ დადგმულმა სპექტაკლმა ევროპაში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია და ეთნოფობიის დაძლევის  საუკეთესო ნიმუშად მიიჩნიეს. მას შემდეგ „ალი და ნინოს“ დადგმა არავის უცდია, რომანის მთავარი გმირების სამშობლოშიც კი.

მხოლოდ 2010 წელს ახალგაზრდა აზერბაიჯანელმა რეჟისორმა ელვინ მირზოევმა ცნობილი მსახიობის, აზერბაიჯანის სახალხო არტისტის და ბაქოს მუნიციპალური თეატრის ხელმძღვანელის ამალია პანახოვას მიწვევით გადაწყდა აზიასა და ევროპაში ბესტსელერად ქცეული რომანის სცენური რედაქციის შექმნა.  სპექტაკლისთვის თეატრი განსაკუთრებულად მოემზადა. მთავარი როლების შესრულებაზე გამოცხადდა მსახიობების ქასთინგი, მხოლოდ მონოლოგების მომზადებას ერთი თვე დასჭირდა, სპექტაკლი კი სამ თვეზე მეტ ხანს იდგმებოდა. ალის როლი თავად რეჟისორმა ელვინ მირზაევმა შეასრულა, ნინოს როლი კი, რომელიც სპექტაკლში რუსულად საუბრობს, ნიგარ ჰასანზადემ.
სპექტაკლს დიდი წარმატება ხვდა აზერბაიჯანში. „როცა გავიგეთ, რომ საქართველოში ძეგლიც კი დაუდგეს ჩვენი საყვარელი მწერლის პერსონაჟებს, ძალიან ბედნიერები ვიყავით. ეს სასიამოვნო სიურპრიზი იყო ჩვენთვის, თითოეული აზერბაიჯანელისათვის – გვითხრა თეატრის ხელმძღვანელმა ამალია პანახოვამ –  შარშან ბაქოში უზარმაზარი სიმპოზიუმი ჩატარდა თეატრმცოდნეების, მსოფლიოს ორმოცამდე ქვეყნიდან სამოცდაათზე მეტი თეატრმცოდნე ესწრებოდა მას. სიმპოზიუმის შემდეგ სტუმრები ჩვენს სპექტაკლზე „ალი და ნინო“ მივიწვიეთ. ისინი ძალიან კმაყოფილები დარჩნენ, ყველას მოეწონა. არც ვიცოდი, ეს რომანი ასეთი პოპულარული თუ იყო არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ევროპაში. ძალიან გვინდა საქართველოში ამ სპექტაკლის ჩამოტანა და მისი ფართო ქართველი მაყურებლისთვის ჩვენება. ჩვენ ძალიან გვაინტერესებს ქართველი მაყურებლის აზრი და დამოკიდებულება კონკრეტულად ამ სპექტაკლისადმი.“
ამალია ხანუმის (ასე მიმართავენ მოკრძალებით ქალბატონებს აზერბაიჯანში) აზრით, საქართველოში სპექტაკლის წარმოდგენა ისეთივე საპასუხისმგებლოა, როგორც ცენტრალური ევროპის დიდ დრამატულ სცენებზე. მას მიაჩნია, რომ საქართველო უდიდესი თეატრალური ტრადიციების ქვეყანაა.  ბედნიერია, რომ თავად არაერთხელ წარმატებით გამოსულა ქართულ სცენაზე. „გასული საუკუნის 80–იანი წლების დასაწყისში გასტროლები გვქონდა მარჯანიშვილის თეატრში.  წარმოვადგინეთ სპექტაკლი „მედეა“, სადაც მედეას როლს მე ვასრულებდი. როცა გავიგე, რომ ამ სცენაზე ეს როლი შესრულებული ჰქონდა უდიდეს მსახიობს ვერიკო ანჯაფარიძეს, შიშისგან დიდხანს ვერ დავმშვიდდი, რომ სცენაზე გავსულიყავი. როცა სპექტაკლი დავამთავრე, ჩემს საგრიმიოროში ქალბატონი ვერიკო და სოფიკო ჭიაურელი შემოვიდნენ, მომილოცეს წარმატება. ეს დიდი ბედნიერება და პატივი იყო ჩემთვის, მათი სიტყვები ჩემ მიმართ თქმული კი, ძალიან ძვირფასი.“
ბაქოს მუნიციპალური თეატრის მოქმედ რეპერტუარში ყურბან საიდის „ალი და ნინოს“ გამორჩეული ადგილი უჭირავს არა მხოლოდ თემატიკის თვალსაზრისით, არამედ საინტერესო ფორმის გამოც. რეჟისორი იყენებს თანამედროვე თეატრისთვის დამახასიათებელ ხერხებს და საშუალებებს. სპექტაკლი საუკეთესო მაგალითია ფსიქოლოგიური თეატრის და თანამედროვე მულტიმედიური თეატრალური ფორმის სინთეზით. სპექტაკლის საქართველოში ჩვენებაზე უკვე დაწყებულია მოლაპარაკებები და მისი ნახვის საშუალება ქართველ მაყურებელს 2012 წლის დასაწყისში მიეცემა.

 სულხან სალაძის ფოტო

მასალების გადაბეჭდვის წესი