ხელოვნება

“ნამუშევრებსაც შეუძლიათ განაწყენება” – სიგმარ პოლკე

17 ნოემბერი, 2011 •
“ნამუშევრებსაც შეუძლიათ განაწყენება” – სიგმარ პოლკე
“ის, ვინც განსაკუთრებით კეთილშობილად ითვლება, თავის სურნელს მხოლოდ რამოდენიმე სანტიმეტრით აფრქვევს და მხოლოდ უშუალო შეხებისას შეიგრძნობა” – ეს ერთ–ერთი წარწერაა ცნობილი გერმანელი მხატვრის სიგმარ პოლკეს ნახატზე. მსგავსი წარწერები მის ყველა ნახატს ახლავს. მხატვარ სიგმარ პოლკეს ნამუშევრების გამოფენა თბილისის ისტორიის მუზეუმ “ქარვასლაში” გაიხსნა.

მუზეუმში მხატვრის მიერ 1996 წელს სპეციალურად საზღვარგარეთისთვის გაკეთებული აბსტრაქციული ნამუშევრებია წარმოდგენილი. როგორც მუზეუმის გამოფენების კურატორი ლიკა მამაცაშვილი ამბობს, გამოფენილი ორმოცივე ნახატი ორიგინალია და გუაშშია შესრულებული. მისივე თქმით, გამოფენის გახსნას უამრავი ხალხი დაესწრო, თუმცა მას შემდეგ ექსპოზიცია არც თუ ისე ბევრმა ადამიანმა მოინახულა:

“დამთვალიერებლების უმეტესობას სტუდენტები წარმოადგენენ. პოლკე ისეთი დონის მხატვარია,  წესით, რიგი უნდა იდგეს მუზეუმთან, თუმცა ჩვენთან ასე არ ხდება. ალბათ იმიტომ, რომ პოლკეს საქართველოში საზოგადოების მცირე ნაწილი იცნობს”

თბილისში სიგმარ პოლკეს გამოფენის ერთ–ერთი მხარდამჭერი გოეთეს ინსტიტუტია. ინსტიტუტმა ნამუშევრების ტრანსპორტირება დააფინანსა. თავად გამოფენა უფასოა და მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში მოგზაურობს, ექსპოზიციაზე შესვლა კი სტუდენტებისთვის ერთი ლარი, ხოლო დანარჩენი დამთვალიერებლებისთვის სამი ლარი ღირს.

სიგმარ პოლკე 1941 წელს დაიბადა გერმანიის აღმოსავლეთ ნაწილში, შემდეგ კი დასავლეთ ნაწილში გადავიდა საცხოვრებლად. პირველი გამოფენა თავის ჯგუფელთან, ასევე ცნობილ მხატვართან, გერჰარდ რიხტერთან ერთად მოაწყო. გამოფენას, რომელსაც “კაპიტალისტური რეალიზმი” ერქვა, დიდი გამოხმაურება მოჰყვა და ამის შემდეგ ისინი ძალიან ძვირადღირებულ მხატვრებად ითვლებოდნენ.

“ჩვენ ბედნიერები ვართ, რომ წინა წლებში რიხტერის გამოფენას ვუმასპინძლეთ, ახლა კი დამთვალიერებელს უკვე პოლკეს ნამუშევრებს წარვუდგენთ” – ამბობს ლიკა მამაცაშვილი.

სიგმარ პოლკე ერთი წლის განმავლობაში მინაზე ხატვას სწავლობდა, შემდეგ კი ხელოვნების აკადემიაში ჩააბარა. ცნობილი მხატვარი და ფოტოგრაფი ცხოვრების მანძილზე უამრავ ექსპერიმენტს ატარებდა შემოქმედებითი კუთხით. სხვადასხვა საღებავებისა თუ მასალის გამოყენებით ნამუშევრებს ძირითადად საკუთარ სტუდიაში ქმნიდა. პოლკე ხატავდა, წერდა, ჭრიდა, აკეთებდა კოლაჟებს, მუშაობდა ყველანაირ მასალაზე, ქაღალდით დაწყებული, მინით დამთავერბული.  ხელოვნებათმცოდნეების შეფასებით, მისი ნახატები ყოველთვის ანარქისტული იყო. მისი ნამუშევრები სავსეა ფარული სიმბოლოებით და ნიშნებით.

სიგმარ პოლკე საკუთარ შემოქმედებაში სრულიად განსხვავებულ მეთოდებს იყენებდა და შეეძლო კლასიკური ოფორტის ულტრათანამედროვე ტექნოლოგიებთან ერთად გამოყენება. ხშირად ალქიმიკოსსაც კი უწოდებდნენ, რადგან აინტერესებდა სრულიად განსხვავებული ნივთიერებების შერწყმა. მისი ნახატები ხშირად კომიქსებსა და საგაზეთო სურათებს მოგაგონებთ, რომლებიც ირონიული ციტატებითაა გაჯერებული, მაგალითად, ასეთით:

“კოჭებამდე ფეხსაცმელის ჩაცმა შეიძლება სადილის კოვზის დახმარებითაც, თუ სპეციალური მაშველი არ გაქვთ ხელთ”

დღესდღეობით სიგმარ პოლკე XX საუკუნის გერმანული პოსტმოდერნიზმის ერთ–ერთი ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენლად ითვლება.

1986 წელს ვენეციაში, ხელოვნების ერთ–ერთ ყველაზე დიდ გამოფენაზე, პოლკემ სრულიად გასაოცარი კომპოზიცია შექმნა. ნამუშევარი, რომელიც პავილიონში იყო განთავსებული, სხვადასხვა გარემოებების მიხედვით ფერებს იცვლიდა. მაგალითად, თუ პავილიონი სავსე იყო, ნამუშევარი ცისფერი ხდებოდა, თუკი ღრუბლიანი ამინდი, ნახატი ვარდისფერს იღებდა. ნამუშევარს “ალქიმიკოსის საქვაბე” ერქვა, რომლისთვისაც პოლკემ ფესტივალის ჯილდო ოქროს ლომი დაიმსახურა.

სიგმარ პოლკე 2010 წელს გარდაიცვალა. მას არასოდეს ჰყოლია ოჯახი, თუმცა, როგორც ამბობდნენ, ყოველთვის უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავდა.

“ნახატებსაც შეუძლიათ განაწყენება, თუკი მათ არავინ უყურებს” – ამბობდა პოლკე. მისი ნამუშევრები საქართველოს ეროვნული მუზეუმის ი. გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმ “ქარვასლაში” დამთვალიერებელს 16 დეკემბრამდე დაელოდება.



მასალების გადაბეჭდვის წესი