“ანოს და ვანოს თავგადასავალი” -ამ სახელწოდების ახალი ქართულ ფილმს თბილისის კინოეთეატრებში 22 დეკემბრიდან აჩვენებენ. ფილმში მონაწილეობენ ცნობილი ტელესახეები – ნიკა გრიგოლია, ვანო თარხნიშვილი, ნანუკა ჟორჟოლიანი და სხვები.
საქართვლოში მსოფლიო ზღაპრების ჯადოსნური წიგნი ჩამოაქვთ, რომელშიც მსოფლიოს ყველა ზღაპარია შესული. იმისთვის, რომ ყველა ბავშვმა ნახოს, წიგნი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, მუზეუმიდან მუზეუმში მოგზაურობს, თუმცა უცებ ირკვევა, რომ საქართველოში ჩამოტანილი ზღაპრების წიგნი მუზეუმიდან გაქრა. საინფორმაციო გამოშვებაში გასულ კადრებში სათვალთვალო კამერით დაფიქსირებული უცნაური სილუეტი ჩანს, რომელიც მეკობრეს წააგავს. ყველაზე მთავარი კი ამის შემდეგ ხდება, წიგნის გაქრობასთან ერთად, მსოფლიოს სხვადასხვა ზღაპრებიდან პერსონაჟები, ნახატები და წარწერები ქრებიან. ანომ და ვანომ ზღაპრის გმირები უნდა გადაარჩინონ და ჯადოსნური მოგზაურობაც იწყება.
ეს ახალი ქართული სათავგადასავლო ფილმის “ანოს და ვანოს თავგადასავლი” მოკლე შინაარსია. ფილმი რეჟისორებმა ჯაბა მელქაძემ და ლევან დაბრუნდაშვილმა გადაიღეს, ფილმის სცენარიც ლევან დაბრუნდაშვილს ეკუთვნის.
მთავარი გმირები ანო – ნიტა ლომიძე და ვანო – ზუკა ძამუნაშვილი არიან. ერთ–ერთი რეჟისორის, ჯაბა მელქაძის განცხადებით, პერსონაჟების შერჩევისას სპეციალური ქასთინგი არ გამოცხადებულა, მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე პერსონაჟის შერჩევაზე დიდხანს იფიქრეს:
“ოჩოპინტრე – გოგა ბარბაქაძე, პეპი გრძელი წინდა – რუსკა მაყაშვილი, ფილმში ისეთი პერსონაჟები არიან, რომ თავიდანვე ადვილად მოვარგეთ მსახიობები. თუმცა, მაგალითად, ვანოს როლის შემსრულებელზე დიდხანს ვიფიქრეთ, ვიხსენებდით, ვინ შეიძლებოდა მორგებოდა როლს და საბოლოოდ ზუკა შევარჩიეთ. ასევე ბევრი ვიფიქრეთ ანოს და ვანოს ბაბუის როლის შემსრულებელზე, თუმცა საბოლოოდ ვფიქრობ, ყველა მსახიობმა ძალიან კარგი და დასამახსოვრებელი პერსონაჟი შექმნა.”
ფილმში ასევე მონაწილეობენ: ნიკა გრიგოლია, ნანუკა ჟორჟოლიანი, კახა კინწურაშვილი, ვანო თარხნიშვილი და სხვა, საზოგადოებისთვის უკვე კარგად ნაცნობი სახეები. პერსონაჟებიდან და იუმორიდან გამომდინარე ავტორები თვლიან, რომ ფილმი ქართველი მაყურებლისთვის უფრო საინტერესო და ადვილად აღსაქმელი იქნება, თუმცა არ გამორიცხავენ იმასაც, რომ ფილმი სხვა ქვეყნებშიც აჩვენონ:
“დაახლოებით სამ ქვეყანაზე მიდის საუბარი. გვინდა, რომ ფილმი იქაც ვაჩვენოთ, თუმცა ჯერ გადაწყვეტილი არაა. ამიტომ ქვეყნების დასახელებისგან ჯერჯერობით თავს შევიკავებ” – ამბობს ჯაბა მელქაძე.
რეჟისორის აზრით, მიუხედავად იმისა, რომ ფილმის მსახიობებს განსაკუთრებით ბოლო დროს გადაღებულ ქართულ სერიალებში საკმაოდ დასამახსოვრებელი როლები აქვთ შექმნილი, ამ ფილმში ისინი სრულიად სხვა კუთხით წარდგებიან მაყურებლის წინაშე:
“არა მგონია, ასოცირება მოხდეს ძველ როლებთან. ეს არის სრულიად ახალი იდეა, განსხვავებული ისტორია, განსხვავებული კოსტიუმები, მსახიობებსაც სრულიად სხვა პერსონაჟები ჰყავთ შექმნილი. ჩემი აზრით, პირველ რიგში ფილმი გამორჩეულია იდეით, რომელიც შეიძლება ცოტა თამამია, მაგრამ ქართველი მაყურებლისთვის მონატრებული და საინტერესო. იდეის და სიუჟეტის გარდა, თვითონ გადაღების პრინციპი, კადრები, მონტაჟი, ამ ყველაფრით, ჩემი აზრით, ყველაზე მიახლოებულია, ასე ვთქვათ, დიდ კინოსთან, ისეთ კინოსთან, რასაც სიამოვნებით ვუყურებთ ხოლმე, სათავგადასავლო, უცხოური ფილმები.”
“ანოს და ვანოს თავგადასავალს” კომპანია “ლაითბენქი” აფინანსებს. ფილმის ბიუეჯეტი 150 000 დოლარია. აქედან გამომდინარე, ჯაბა მელქაძის თქმით, უცხურისგან განსხვავებით ამ ფილმში ნაკლები სპეცეფექტებია:
“სპეცეფექტები ცოტაა, მაგრამ ვფიქრობ, რომ მაყურებელი გადაღების თანამედროვე პრინციპს მაინც დააფასებს, შეიძლება პროფესიონალურად არა, მაგრამ ქვეცნობიერად. როცა ყურებისას დისკონმფორტს არ გიქმნის არანაირი დეტალი, უკვე კმაყოფილი დარჩები”.
ფილმის გადაღებები ზაფხულში დაიწყო და ძირითადად ბათუმში, მწვანე კონცხზე მიმდინარეობდა, სადაც ფილმის ავტორებმა ძირითადი ჯადოსნური სამყარო შექმნეს. ეპიზოდები კი წყნეთში და წოდორეთშია გადაღებული.
“ამჟამად ფილმის ძირითადი ნაწილის გადაღებაც და მონტაჟიც დამთავრებულია, დარჩა მხოლოდ რამდენიმე კადრი და ტექნიკური საკითხები” – ამბობს ჯაბა მელქაძე.
ფილმის პრემიერა ქართულ კინოთეატრებში 22 დეკემბერს შედგება.