ხელოვნება

მილიტარიზმი და სექსუალობა ახალ სკულპტურაში

14 ნოემბერი, 2011 •
მილიტარიზმი და სექსუალობა ახალ სკულპტურაში

თეო ხატიაშვილი
თეო ხატიაშვილი

“ნეტგაზეთმა” ბათუმში დადგმული ახალი  სკულპტურის შეფასება  ხელოვნებათმცოდნე თეო ხატიაშვილს სთხოვა:

თეო ხატიაშვილი, ხელოვნებათმცოდნე:
“ვნახე სკულპტურა და ცოტა წინააღმდეგობრივი განცდა გამიჩნდა. იგი არის ძალიან ეკლექტური, თავისი შინაარსით და მნიშვნელობებით. როგორც კი ვნახე, პირველ რიგში ტანკთან გამიჩნდა ასოციაცია. თუმცა არის მასში რაღაც კონოტაციები, რომელიც გაბრუნებს ფროიდთან და სექსუალურ მნიშვნელობებთან, როგორიც კვერცხები და ფეხსაცმელია. ამ შემთხვევაში “შლოპანცია”, მაგრამ მასაც დაახლოებით იგივე დატვირთვა აქვს. თან იგი ადევს კვერცხებს – თითქოს წნეხავს ამ ყველაფერს. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ამ ყველაფერზე საქართველოს დროშაა მიმაგრებული. ალბათ, ამიტომ არ არის შემთხვევითი, რომ პირველი, რაც ამომიტივტივდა, ტანკთან ასოციაცია იყო. სკულპტურა ცოტა მილიტარისტულ, ცოტა ძალაზე და ძალადობაზე დამყარებული ასოციაციებს იწვევს, მაგრამ სწორედ ის, რომ  “შლოპანცია,”  ამას თითქოს გადაჰყავს სხვა სფეროში– საკურორტო, ტურისტულ ზონაში. ითქვა ისიც, რომ საკურორტო ზონა აჩენს ასოციაციას ზღვასთან– შავი ზღვა, რომელიც დაკარგულია და რომელიც შეიძლება ძალით დავიბრუნოთ.

თუმცა შეგვიძლია სკულპტურა ამ ჩვენი ისტორიული ქვეტექსტების გარეშეც განვიხილოთ. ცხოვრება, როგორც სახიფათო მოგზაურობა, ცხოვრება, როგორც ისეთ სათუთ სხეულზე სიარული, როგორიცაა კვერცხი, რომელიც შეიძლება უცებ ჩაგეფშვნას.
თავისთავად, შეიძლება ამ ქანდაკებით არ იყო მოხიბლული, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც იცი, რომ დასავლეთში ძალიან ბევრი მსგავსი სკულპტურაა გაკეთებული, მაგალითად, კედი, რომელიც დევს კვერცხებზე და ა.შ. ორიგინალური ამაში არაფერია, მაგრამ მის მიმართ მაინც შედარებით სიმპათიით განვეწყე, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენთან ქანდაკება ჯერ კიდევ ზურაბ წერეთლის ქანდაკების დონეზეა აღქმული. მაგალითად, ზუსტად უნდა იცოდე, რომ ეს არის წმინდა გიორგი, ესენი არიან მიმინოს პერსონაჟები, ესთეტიკაზე რომ აღარაფერი ვთქვათ. ამ შემთხვევაში ეს სკულპტურა არის იდეის დონეზე და თანაც კონტრავერსული მნიშვნელობების მატარებელი, რომელიც ყველამ სხვადასხვაგვარად შეიძლება აღიქვას. ამიტომ მიმაჩნია, რომ უმჯობესია ასეთი ქანდაკებები დაიდგას. თუმცა ეს  ჩვენს სავალალო მდგომარეობასაც აჩვენებს, რომ მუდმივად გვიწევს შედარება რაღაცასთან. თუ ეს სკულპტურა წერეთლისგან განსხვავდება, კარგია, მაგრამ უფრო მაღალ მოთხოვნილებებს ვეღარ წავუყენებთ.”


Image 5197
Image 5197

მასალების გადაბეჭდვის წესი