ხელოვნება

myvideo.ge საავტორო ჰონორარებს გადაიხდის

11 ნოემბერი, 2011 •
myvideo.ge საავტორო ჰონორარებს გადაიხდის
Image 5176
Image 5176

დღეს myvideo.ge-მ საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციასთან სალიცენზიო შეთანხმება გააფორმა. დღეიდან ინტერნეტ– პორტალზე განთავსებული მუსიკის, ფილმებისა და სხვა პროდუქციის საავტორო უფლებები ოფიციალურად იქნება დაცული, myvideo.ge საავტორო ჰონორარს გადაიხდის, რომელსაც შემდეგ ასოციაციის დახმარებით ავტორები მიიღებენ.

“ინტერნეტი სივრცეა, სადაც საავტორო უფლებების კონტროლი ცოტა რთული საქმეა, თუმცა ჩვენ უკვე 2 წელია დაწყებული გვაქვს ამ კუთხით მუშაობა. გვყავს ავტორები, ვინც უკვე დიდი ხანია ლიცენზირებულად ათავსებს თავის პროდუქციას ჩვენს საიტზე. ამ ექსპერიმენტმა გაამართლა და გადავწყვიტეთ, უფრო აქტიურად გავაგრძელოთ ამ კუთხით მუშაობა. ჩვენს საიტს მრავალი ფუნქცია აქვს– ინტერაქტიული სერვისი, სატელევიზიო სტრიმინგი, მომხმარებლების მიერ გენერირებული მასალა, ფილმები. ამიტომ ჩვენი და საავტორო უფლებების ასოციაციის ერთობლივი სურვილი იყო, რომ გაგვეფორმებინა სალიცენზიო შეთანხმება.” – აცხადებს myvideo.ge-ს მფლობელი კომპანია ITDC-ს გენერალური დირექტორი მამუკა მონავარდისაშვილი.
მისივე განმარტებით, დღეიდან ნებისმიერ ავტორს, რომელიც ხელშეკრულებას გააფორმებს ინტერნეტ– პორტალთან, ექნება საშუალება, თავადვე აკონტროლოს განთავსებული პროდუქტი.
საავტორო უფლებების ასოციაციის თავმჯდომარის, გიგა კობალაძის განცხადებით, ასოციაცია ლიცენზიას ყველა იმ მოსარგებლეზე გასცემს, ვინც საავტორო უფლებებით დაცულ პროდუქტს იყენებს, მათ შორის ინტერნეტ– სივრცის მომხმარებლებზეც:
myvideo.ge პირველია მათ შორის, ვინც შეიძინა ლიცენზია. დღეიდან საიტი განათავსებს მხოლოდ ლიცენზირებულ პროდუქციას და იმედია, ეს იქნება მაგალითი სხვა საიტებისთვისაც. ჩვენი მიზანი არის ერთი, რომ ქართული ინტერნეტ–სივრცე გახდეს ლეგალური”.
გიგა კობალაძის განცხადებით, საავტორო უფლებებთან დაკავშირებული პრობლემები საკმაოდ ხშირად იჩენს თავს, განსაკუთრებით ისეთ არაკონტროლირებად სივრცეში, როგორც ინტერნეტია:
“მომხმარებლები ხშირად ჩივიან. ბოლოს, ასეთი შემთხვევის შემდეგ, 11 საიტიდან მოვხსენით განთავსებული მასალა”.
საავტორო უფლებების დარღვევის შედეგად ზარალის გამო კინოთეატრებმა ინტერნეტ– პორტალებს სასამართლოში მიმდინარე წლის ოქტომბერში უჩივლეს.
საავტორო უფლებების დარღვევის გამო პრობლემები შეექმნა და ზარალი ნახა ფილმმა “გაღმა ნაპირი”.  ფილმის რეჟისორი გიორგი ოვაშვილი აღნიშნავს, რომ მიესალმება საავტორო უფლებების დარეგულირების ნებისმიერ ინიციატივას:
“მე, როგორც რეჟისორს, პირადად შემეხო ეს პრობლემა. ფილმ “გაღმა ნაპირის” გამოსვლის წინა ღამეს დაიდო ფილმის პირატული ვერსია, რომელიც 150 000–ზე მეტმა ადამიანმა ჩამოტვირთა. ეს ფაქტობრივად იმას ნიშნავდა, რომ სერიოზული ზიანი მიადგა ჩვენი ფილმის გაყიდვებს. თუკი ეს სიტუაცია მოწესრიგდება საქართველოში, მხოლოდ და მხოლოდ მივესალმებით.”

საქართველოში ავტორთა უფლებები “საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ კანონით” რეგულირდება. მომიჯნავე და საავტორო უფლებების დარღვევასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს 1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი, 2. სისხლის სამართლის კოდექსი, 3. “ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებულ სასაზღვრო ღონისძიებათა შესახებ” საქართველოს კანონი არეგულირებს, რომლითაც განსაზღვრულია სპეციალური მექანიზმები კონტრაფაქციული საქონლის იმპორტისა და ექსპორტის აღკვეთის მიზნით. სწორედ ამ კანონების საფუძველზე შეიქმნა და ფუნქციონირებს საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაცია, რომელიც 1999 წელს ჩამოყალიბდა საქართველოს ავტორთა და შემსრულებელთა საზოგადოების სახელით და ხელახლა დარეგისტრირდა 2006 წელს.

მომღერალ დავით ჟორჟოლაძის (ჟორა) განცხადებით, ავტორთა საზოგადოება და მისი ხელმძღვანელი ელგუჯა შაფათავა ნაკლებად იმსახურებდა ნდობას, ამიტომ მათთან ხელშეკრულება არ გაუფორმებია:

“განახლებულ საზოგადოება “საქპატენტთან” ვაპირებ თანამშრომლობას. სავარაუდოდ, myvide.ge-ზეც განვათავსებ ჩემს სიმღერებს. იყო შემთხვევა, როცა ჩემი სიმღერის არალიცენზირებული, პირატული ვარიანტი გავრცელდა, “მგზავრების” სიმღერების კრებულში ჩემი ერთ–ერთი სიმღერა “ცხელი შოკოლადი” იყო შესული, სავარაუდოდ, ავტორის სახელის მითითების გარეშე გავრცელდა და შემდეგ მიაწერეს “მგზავრებს”, – ამბობს დავით ჟორჟოლაძე.

საავტორო უფლებების ასოციაციის თავმჯდომარე გიგა კობალაძე და myvideo.ge-ს მფლობელი მამუკა მონავარდისაშვილი იმედოვნებენ, რომ სხვა ინტერნეტ–პორტალებიც მიიღებენ მსგავს გადაწყვეტილებას და საქართველოში ჯანსაღი გარემო შეიქმნება ამ კუთხით, რაც თავის მხრივ ავტორებისთვისაც წამახალისებელი იქნება.

მასალების გადაბეჭდვის წესი