ხელოვნება

დიმიტრი ბაშკიროვის საიუბილეო საღამო

7 ნოემბერი, 2011 •
დიმიტრი ბაშკიროვის საიუბილეო საღამო
თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დარბაზი დიმიტრი ბაშკიროვის საიუბილეო საღამოს უმასპინძლებს. საღამოს ორგანიზებას კლასიკური მუსიკის დაცვისა და განვითარების ცენტრი უწევს.
საქართველოში დაბადებულ მუსიკოსს, პიანისტსა და პედაგოგს დიმიტრი ბაშკიროვს 2011 წლის 1 ნოემბერს 80 წელი უსრულდება. კონცერტში მონაწილეობას ბაშკიროვის ორი სხვადასხვა თაობის მოსწავლე– ნიკოლაი დემიდენკო (მონრეალისა და ჩაიკოვსკის სახ. პიანისტთა საერთაშორისო კონკურსების ლაურეატი) და დენის კოჟუხინი– მიიღებს. ისინი მსმენელის წინაშე თითო განყოფილებით წარსდგებიან.
დიმიტრი ბაშკიროვმა თბილისის “ნიჭიერთა ათწლედი” დაამთავრა და სწავლა მოსკოვის სახელმწიფო კონსერვატორიაში განაგრძო. ის პარიზის, მარგარიტა ლონგისა და ჟაკ ტიბოს სახელობის პიანისტთა საერთაშორისო კონკურსის გრანპრის მფლობელია. მას წლების განმავლობაში საბჭოთა კავშირიდან გასვლა აკრძალული ჰქონდა.
არანაკლები პოპულარობა ბაშკიროვს პედაგოგიურმა საქმიანობამ მოუტანა და დღეს მსოფლიოში ერთ–ერთ წამყვან პედაგოგად ითვლება.
8 ნოემბერს, 14:00 საათზე, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის კამერულ დარბაზში მასტერკლასს ჩაატარებს, ხოლო საიუბილეო საღამო 9 ნოემბერს, 19:00სთ–ზე, გაიმართება.

მასალების გადაბეჭდვის წესი