თბილისში უკვე მეორედ ჩატარდა რუსული კინოს ფესტივალი. ფესტივალი ხელოვნებისა და კულტურული დიალოგის საერთაშორისო ფონდის მხარდაჭერით ჩატარდა.
წელსაც, ისევე, როგორც შარშან, მიმდინარეობდა დისკუსიები იმასთან დაკავშირებით, უნდა ტარდებოდეს თუ არა საქართველოში რუსული კინოს ფესტივალი. როგორც ფესტივალის დირექტორი მზია ქუტივაძე ამბობს, ეს ღონისძიება ძალიან მნიშვნელოვნია იმისთვის, რომ ქვეყნებს შორის კულტურული დიალოგი არსებობდეს:
“კულტურა სრულიად განყენებული რამაა, ვისაც მართლა უყვარს ხელოვნება და კულტურა, პულსზე აუცილებლად უნდა ეჭიროს ხელი. იყო დისკუსიები იმასთან დაკავშირებით, უნდა ტარდებოდეს თუ არა რუსული კინოს ფესტივალი საქართველოში, ჩვენ მიგვაჩნია, რომ უნდა იყოს, თუმცა ადამიანი თავისუფალია და ყველა საკუთარი არჩევანის მიხედვით მიიღებს გადაწყვეტილებას”.

კინომცოდნე თეო ხატიაშვილი არც შარშან და არც წელს დასწრებია რუსული კინოს ფესტივალს, მიუხედავად იმისა, რომ, მისი თქმით, პროგრამა საკმაოდ საინტერესო იყო და წარმოდგენილი ფილმებიდან რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვან ფესტივალებზეც იყო ნაჩვენები:
“შარშანაც, როდესაც დააფუძნეს ეს ფესტივალი, მე მივიჩნევდი, რომ, რბილად რომ ვთქვათ, უხერხულია დღეს საქართველოში ტარდებოდეს რუსული კინოს ფესტივალი. თუ მაინცდამაინც გვინდა, რომ ბოლო წლებში გახმაურებული რუსული ფილმები ვაჩვენოთ, კი ბატონო, აჩვენონ და ჩასვან ეს ფილმები უკვე არსებული ფესტივალების პროგრამაში, როგორიცაა უკვე საკმაო გამოცდილების მქონე არაჩვეულებრივი თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი, ასევე, ბათუმის კინოფესტივალი, რომელსაც ჯერ კიდევ ბევრი პრობლემა აქვს და ფორმირების პროცესშია, მაგრამ მაინც იმართება.”
მზია ქუტივაძის თქმით კი, იმის გამო, რომ ბოლო წლების მანძილზე საქართველოში რუსული ფილმების გაცნობის კუთხით სიცარიელე იყო, მათ გადაწყვიტეს, რუსული ფილმები უფრო ფართო სპექტრით, სწორედ რუსული კინოს ფესტივალის სახით წარმოეჩინათ:
“რასაკვირველია, ყველა ფესტივალზე შეიძლება იყოს წარმოდგენილი ეს ფილმები, მაგრამ ჩავთვალეთ, რომ რუსული ფესტივალი შესაძლებლობას იძლევა, უფრო ფართოდ წარმოვაჩინოთ რუსული კინოს ხაზი. წარმოდგენილი ფილმების უმეტესობა იყო შედარებით ახალი თაობის რეჟისორების გადაღებული, ქართული საზოგადოება იცნობდა ძველი პერიოდის რეჟისორებს, მაგრამ ის, რაც ხდებოდა ორიათასი წლის შემდეგ, ქართველი მაყურებლისთვის არ არის ნაცნობი. სწორედ ამ სიცარიელის შევსებასაც ვცდილობთ ახალგაზრდა რეჟისორების ფილმების ჩვენებით, რომლებიც მუშაობენ რუსეთში და ქმნიან ფილმებს”.
ალექსანდრე ხუციშვილი სარეჟისორო ფაკულტეტის სტუდენტია. ის მიესალმება ნებისმიერ კულტურულ ღონისძიებას, რომელიც საქართველოში ჩატარდება: “მნიშვნელობა არ აქვს, რუსული კინოს ფესტივალი იქნება, თუ ტაილანდური, ჩემთვის კინო კინოა და საინტერესოა. ამიტომ რუსული კინოს ფესტივალსაც ვესწრებოდი შეძლებისდაგვარად. ორ ფილმზე მივედი, მათ შორის ერთ–ერთი გახსნის ფილმი იყო. სხვა საკითხია, მომეწონა თუ არა ფილმები. არც ერთ ფილმზე ბოლომდე არ დავრჩენილვარ, რადგან არ მომეწონა, თუმცა, ალბათ, იქნებოდა კარგი ფილმებიც. მთავარი ისაა, რომ ხელოვნებასთან მიმართებაში პოლიტიკა ნაკლებად მაინტერესებს”.
თუმცა სოციალურ ქსელ Facebook-ზე ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, ახალგაზრდების უმეტესმა ნაწილმა აღნიშნა, რომ ისინი არ ყოფილან და არც აპირებენ რუსულ კინოფესტივალზე დასწრებას.
თეო ხატიაშვილის აზრით, “მაშინ, როდესაც საქართველოს პრეზიდენტი საპატიოდ მიდის ნიკიტა მიხალკოვის ქალიშვილის ქორწილში, რეჟისორისა, რომელიც ცნობილია თავისი ანტიქართული განწყობებით, უკვე იმაზე ლაპარაკი, რომ რუსული კინოფესტივალის ჩატარებაა უხერხული, შეიძლება ვიღაცას სასაცილოდაც მოეჩვენოს.”
რუსული კინოს ფესტივალი გუშინ, 6 ნოემბერს დაიხურა. ფესტივალს პაველ ლუნგინი, ანდრეი პროშკინი და სხვა რეჟისორები ესწრებოდნენ. დასასწრებად ვერ ჩამოვიდა დახურვის ფილმის, “ელენას” რეჟისორი ანდრეი ზვიაგინცევი, თუმცა ის მომავალ წელს აპირებს ჩამოსვლას. მზია ქუტივაძის განცხადებით, რუსული კინოს ფესტივალი თავის კალაპოტში ჩადგა და ყოველ წელს ჩატარდება.




