ქართველი ფილოსოფოსის, მეცნიერებათა დოქტორისა და პროფესორის, მერაბ მამარდაშვილის წიგნის პრეზენტაცია დღეს საქართველოს ეროვნულ მუზეუმში შედგა. წიგნის სახელწოდებაა “ცნობიერებათა ტოპოლოგია”, რომელიც მამარდაშვილის ლექციებს, მოხსენებებს, ინტერვიუებსა და სტატიებს მოიცავს.
წიგნის თანარედაქტორის, ფილოსოფოს ზაზა შათირიშვილის განცხადებით, წიგნი, ძირითადად, სამი ნაწილისგან შედგება. პირველი, ეს არის 7 ლექციის ჩანაწერი, რომელიც მერაბ მამარდაშვილმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 1984–1985 წლებში წაიკითხა და რომელსაც პირობითად ლექციები პრუსტის შესახებ ეწოდება. მეორე ნაწილი არის ექსკლუზივი მერაბ მამარდაშვილის ფრანგული არქივიდან, მისი ლექციები და მოხსენებები, რომელიც პარიზსა და ბარსელონაში წაიკითხა 1990 წელს. მესამე ნაწილი კი არის სამეცნიერო სტატიები და მისი მოხსენებები.
“1992 წლის შემდეგ ეს არის პირველი გამოცემა, რომელიც მამარდაშვილის შემოქმედებას ქართველ მკითხველს ფართოდ აცნობს. წიგნში შესულია რამდენიმე ტექსტი, რომელიც არც ქართულად და არც რუსულად არ ყოფილა ნათარგმნი,” – განაცხადა ზაზა შათირიშვილმა.
წიგნზე მუშაობა 8 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და თარგმანები რუსული და ფრანგული ენებიდან კეთდებოდა. თარგმანზე დოდო ლაბუჩიძე, გაგა ლომიძე და ანა ჯეგნარაძე მუშაობდნენ.
წიგნის გამოცემა ფონდმა “ღია საზოგადოება საქართველომ” დააფინანსა.
“ეს იყო მოაზროვნე, რომელიც თავის თავში ქართულ, რუსულ და ევროპულ კულტურებს აერთიანებდა. საოცარი ადამიანი. ის არც თუ ისე დაფასებული წავიდა ქართული საზოგადოებიდან, მაგრამ, ალბათ, ასეც უნდა მომხდარიყო, რადგან ასეთი ადამიანები თავის დროს ხშირად ვერ უგებენ. ამხელა ინტერესი იმის ნიშანია, რომ მერაბ მამარდაშვილის როლი ქართულ კულტურაში კიდევ უფრო გაიზრდება. ჩვენ მოხარულები ვართ, რომ ამ პროექტს ვახორციელებთ,” – განაცხადა ფონდ “ღია საზოგადოება საქართველოს” დირექტორმა ქეთი ხუციშვილმა.
პოლიტიკოსი და ფილოლოგი ლევან ბერძენიშვილი თვლის, რომ მერაბ მამარდაშვილის სახელი ჯერ კიდევ ახლა იკრებს ძალას და დარწმუნებულია, რომ თანდათან ყველა მიხვდება და დააფასებს მის მოღვაწეობას:
“ჩვენ, ვინც მის დროს ვიყავით, ვიცით მისი ძალა, მაგრამ ახალგაზრდები ახლა აღმოაჩენენ, რომ მსოფლიო ფილოსოფიის მწვერვალი ამ ქვეყანაში ყოფილა, ამ ენაზე, ამ გარემოში, ამ ადამიანებთან ერთად იქმნებოდა. ფრანგებმა ქართველი სოკრატე უწოდეს, მე მგონი, ყველაზე სამართლიანად, იმიტომ, რომ მას არ უყვარდა წერა, მას უყვარდა ზეპირად საუბარი. მადლობა ღმერთს, იყვნენ მოსწავლეები, ვინც ამ ყველაფერს იწერდა. ჩემი აზრით, ცოცხალი სიტყვა, რომელიც მან დატოვა, სრულიად საკმარისია იმის გასაგებად, თუ რა პრობლემებს ხედავდა იგი საერთოდ და განსაკუთრებით – ჩვენს საზოგადოებაში,” – განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.

წიგნი, პრეზენტაციაზე შეკრებილ საზოგადოებას უფასოდ დაურიგდა, მათ წიგნის მისაღებად გრძელ რიგში უწევდათ დგომა.
“ძალიან დიდ რიგში მომიწია დგომა. ცოტა სასაცილო იყო, ადამიანები ისე არ იქცეოდნენ, როგორც მამარდაშვილის მკითხველი უნდა იქცეოდეს, ყოველგვარი რიგის დაცვის გარეშე, პირდაპირ ყუთიდან იღებდნენ წიგნს, თუმცა რიგში დგომა ღირდა,” – ამბობს ანა თოფურიძე, რომელიც სხვებთან ერთად დიდი ხანი იდგა რიგში.
წიგნების ყუთებთან ამხელა რიგები იმიტომაც იდგა, რომ მერაბ მამარდაშვილის “ცნობიერების ტოპოლოგია” წიგნის მაღაზიებში არ გაიყიდება. თუმცა, როგორც ზაზა შათირიშვილი აღნიშნავს, წიგნი აუცილებლად დაიდება ფონდში “ღია საზოგადოება საქართველო”, სტრატეგიული გამოკვლევების ცენტრში და სხვა ადგილებში.
მერაბ მამარდაშვილმა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი დაამთავრა . 1968-1987 წლებში სამეცნიერო ჟურნალის “ვოპროსი ფილოსოფიი” მთავარი რედაქტორის მოადგილე, მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი და რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის მოსკოვის ფილოსოფიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ– თანამშრომელი იყო.
1987-1990 წლებში მამარდაშვილი საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ს. წერეთლის სახელობის ფილოსოფიის ინსტიტუტის ბუნებისმეტყველების ფილოსოფიის განყოფილების გამგეა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი. სხვადასხვა დროს ლექციებს კითხულობდა გერმანიაში, საფრანგეთსა და სხვა ქვეყნებში. გამოქვეყნებული აქვს მარსელ პრუსტის შემოქმედების კვლევები. მამარდაშვილი 1990 წელს გარდაიცვალა.




