საქართველო ეგვიპტის დღეებს მასპინძლობს. მას შემდეგ რაც 2010 წლის მარტში ეგვიპტეში საქართველოს კულტურის დღეები გაიმართა, გადაწყდა, რომ მსგავსი ღონისძიება საქართველოშიც ჩატარებულიყო.
ეგვიპტის დელეგაცია საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ დავით ცხადაძემ მიიღო:
”ეგვიპტეს საქართველოში იცნობენ, როგორც უძველესი და ძალიან საინტერესო კულტურის მქონე ქვეყანას, მიუხედავად იმ მძიმე სიტუაციისა, რაც ეგვიპტეშია, მათი მხრიდან მაინც ძალიან დიდი სურვილი იყო, რომ ჩამოეტანათ და გაეცნოთ ქართველებისთვის თავიანთი ხელოვნება. ჩემი აზრით, ძალიან საინტერესო დღეები გველის, შესაძლებლობა გვექნება, ვიხილოთ თანამედროვე ეგვიპტური ბალეტი და ფოტოგრაფია, რომელსაც ეგვიპტელები, როგორც აღმოჩნდა, ძალიან აფასებენ”, – განაცხადა ცხადაძემ.
ეგვიპტის დელეგაციის შემადგენლობაში, საერთაშორისო ფესტივალებისა და პროგრამების დირექტორთან და კულტურული დოკუმენტაციის დირექტორთან ერთად, ეგვიპტის კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე საგარეო კულტურული ურთიერთობების საკითხებში ჰოსამ საად ზაღლულ ნასარიც სტუმრობს:
”ჩვენთვის ძალიან დიდი პატივია აქ ყოფნა, ეგვიპტეში საშუალება გვქონდა გავცნობოდით საქართველოს კულტურის ნაწილს, რამაც ჩვენზე ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. საქართველო ერთ-ერთი უძვლესი ქვეყანაა, ისევე, როგორც ეგვიპტე და ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნებმა ერთმანეთის კულტურა კარგად გაიცნონ.”
ეგვიპტის დღეების ფარგლებში პირველი გამოფენა შალვა ამირანაშვილის სახელობის საქართველოს ხელოვნების მუზეუმში გაიმართა. მუზეუმი ეგვიპტელი ფოტოგრაფების ჯგუფურ გამოფენას მასპინძლობს. საქართველოს ეროვნული მუზეუმის გამოფენების კურატორის, ხელოვნებათმცოდნე ლელა წიწუაშვილის განცხადებით, გამოფენაზე 18 ფოტოგრაფის 20-მდე ნამუშევარია წარმოდგენილი. მისი თქმით, ფოტოებზე თანამედროვე ეგვიპტე განსხვავებული კუთხითაა დანახული:
”წარმოდგენილია ძალიან ცნობილი ეგვიპტელი ფოტოხელოვანების ნამუშევრები, რომლებზეც ეგვიპტის ღირსშესანიშნაობებია ასახული, ასევე, მათი კულტურა, ხელოვნება და ქაიროს თანამედროვე ხედები. ჩემი აზრით, ძალიან საინტერესოდაა ასახული ეგვიპტე, როგორც ქვეყანა,” – განაცხადა ლელა წიწუაშვილმა.
ეგვიპტელმა ფოტოგრაფმა, ქემილ მუნიემ გამოფენაზე 3 ფოტო წარმოადგინა: ”ერთ-ერთ ფოტოზე გადაღებული მაქვს წმინდა ბარბარეს სახელობის ეკლესია, რომელიც ეგვიპტეშია და მე ძალიან გამიხარდა, როდესაც გავიგე, რომ ამ წმინდანის შესახებ საქართველოშიც სმენიათ. ჩვენთან ეს ეკლესია ძველ ქაიროში მდებარეობს. გამოფენა აჩვენებს იმას, რომ ეგვიპტე ძალიან ლამაზი ქვეყანაა. ჩვენ გვინდა, რომ ხალხმა ამის შესახებ გაიგოს და ჩვენს ქვეყანას უფრო მეტი ქართველი ესტუმროს”
ეგვიპტის კულტურის დღეების ფარგლებში, 1 და 2 ნოემბერს, 20:00 საათზე, გრიბოედოვის თეატრში ქაიროს ოპერის საბალეტო დასი წარმოდგენას გამართავს. ისინი პირველ მოქმედებაში წარმოადგენენ ბალეტს ”მალგრე ტოუტ”, ხოლო მეორე მოქმედებაში ნაჩვენები იქნება სუიტა ბალეტიდან ”პირამიდები”. წარმოდგენის ბოლოს კი მაყურებელს ტრადიციული ეგვიპტური ცეკვების ხილვის საშუალება ექნება.
ეგვიპტის კულტურის დღეები საქართველოში წელს პირველად ტარდება.