ხელოვნება

ქართული კულტურული მემკვიდრეობის კონფლიქტური იდენტობა

28 ოქტომბერი, 2011 •
ქართული კულტურული მემკვიდრეობის კონფლიქტური იდენტობა

გოეთეს ცენტრში ახალი და თანამედროვე ხელოვნების საკითხებისადმი მიძღვნილი კონფერენციის ყველაზე მნიშვნელოვანი მოხსენება თანამედროვე და ახალი არქიტექტურის დამოუკიდებელმა ექსპერტმა, ამერიკელმა მერი ქეი ჯუდმა გააკეთა.
“ქართული კულტურული მემკვიდრეობის კონფლიქტური იდენტობა, წარმოდგენილი ეროვნულ წინადადებებში ევროკავშირისა და ნატოს წევრობისთვის” – ასეთი იყო მოხსენების სათაური.
მერ ქეი ჯუდი საქართველოში რამოდენიმეჯერ იყო ჩამოსული, მათ შორის აგვისტოს ომამდე და ომის შემდეგ. ის საქართველოში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების აღდგენასა და ახალ მშენებლობებს აკვირდებოდა. 2008 წელს ამ თემაზე მოხსენებაც გააკეთა.

მისი თქმით, ქართულ მთავრობას კულტურული ძეგლები ან დავიწყებული აქვს, ან უკანა პლანზე გადააქვს.

“დღეს საქართველოში უამრავი ფული იდება მშენებლობასა და რესტავრაციაში, ქვეყნის პოზიცია ისეთია, თითქოს ეს ყველაფერი ტურისტებისა და ინვესტორების მისაზიდად კეთდება, სინამდვილეში ეს ყველაფერი ნატოსა და ევროკავშირისთვის შთაბეჭდილების მოხდენისათვის ხდება. ნატოში შესვლისათვის ქვეყნის ადმინისტრაცია თითქოს მარკეტინგულად ყველაფერს კარგად ფუთავს, სინამდვილეში კი იშლება ის, რაც უძველესი და ქართულია”, – განაცხადა მერი ქეი ჯუდმა.

მისი თქმით, ძველი მთავრობისა და ედუარდ შევარდნაძის პრეზიდენტობის დროსაც უნდოდა საქართველოს ევროპაში ინტეგრაცია, თუმცა თანამედროვე მთავრობას გაცილებით აგრესიული პოლიტიკა აქვს, რაც გამოიხატება, თუნდაც უამრავ დაპირებაში ევროკავშირისა და ნატოს მიმართ.

მოხსენებაში ამერიკელი ექსპერტი ამბობს, რომ საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომმა უამრავი საშუალება მისცა, რათა მოეთხოვა ფულადი დახმარება კულტურული მემკვიდრეობის აღსადგენად. საქართველოს ევროპამ მართლაც გამოუყო სოლიდური თანხა, მაგალითისთვის მერი ქეი ჯუდმა დაასახელა 55 მილიონი, რომელიც კალაუბნის აღსადგენად იყო გამოყოფილი.

“რეალურად, არავინ არ აკონტროლებს, სად იხარჯება ეს ფული, რაც კორუფციის ეჭვებს ბადებს, თუმცა არ ვიტყვი, რომ აუცილებლად ასეა”, – განაცხადა მან.

მერი ქეი ჯუდის განცხადებაში ისიც იყო აღნიშნული, რომ ცუდი არ არის ახალ შენობებში ფულის ხარჯვა, თუმცა, მისი თქმით, ახალ არქიტექტურაში სტილური აღრევა ხდება, რაც საბოლოო ჯამში ქალაქების იერსახეს ამახინჯებს. ამის საილუსტრაციოდ მან ბათუმში ახლადაგებული რამდენიმე შენობა მოიყვანა. ასევე,  თბილისში პირველი სკოლის უკან აშენებული მრავალსართულიანი ნაგებობა. მან ასევე ყურადღება გაამახვილა ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციისა და წმინდა გიორგის ქანდაკების შეუფერებლობაზე თბილისის არქიტექტურასთან.

“თუკი იტალიას არ ჩავთვლით, ჩემი აზრით, საქართველო ერთ–ერთ ყველაზე გამორჩეულია არქიტექტურული ძეგლების მხრივ. 1998 წელს მსოფლიო ბანკმა სწორედ ამიტომ გამოუყო თქვენს სახელმწიფოს თანხა კულტურული მემკვიდრეობის აღსადგენად. მე ვფიქრობ, ამას უფრო დიდი ყურადღება უნდა დაეთმოს”, – განაცხადა ამერიკელმა ექსპერტმა.

მერი ქეი ჯუდმა წარმოადგინა სტატისტიკა, რომლის მიხედვითაც ნებისმიერ ქვეყანაში ჩასულ ტურისტებს ორჯერ მეტად აინტერესებთ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დათვალიერება, ვიდრე ცურვა, თხილამურებით სრიალი და გართობის სხვა საშუალებები, რომლებსაც მათ ქვეყნები სთავაზობენ.

მისი თქმით, ნიუ იორკში შეიმუშავეს კანონი, რომლის მიხედვითაც, 8 000–მდე ძეგლი შევიდა იმ შენობა–ნაგებობების სიაში, რომელთა დანგრევა და ხელის ხლებაც არ შეიძლება. მისი განცხადებით, მსგავსი რამ აუცილებლად უნდა გაკეთდეს საქართველოში, რომელიც ბევრად ძველი ქვეყანაა და სადაც ბევრად მეტი და მნიშვნელოვანი კულტურული ძეგლია.

მერი ქეი ჯუდის მოხსენებას კონფერენციის სხდომის თავმჯდომარე ლალი ანდრონიკაშვილი გამოეხმაურა:

“ჩვენ საქმის კურსში ვართ ყველა იმ პრობლემასთან დაკავშირებით, რომლებზეც თქვენ ისაუბრეთ, თუმცა ეს პრობლემები ხელისუფლებამდე ვერ მიგვაქვს”, – განაცხადა ლალი ანდრონიკაშვილმა. მან ამერიკელ ექსპერტს დახმარება სთხოვა ამ პრობლემის ხელისუფლებამდე მიტანასა და მოგვარებაში. მისი თქმით, თუკი ხელისუფლება დაინახავს, რომ უცხოელებიც იგივე პრობლემებს ხედავენ საქართველოს კულტურული ძეგლებისა და ქალაქის იერსახესთან დაკავშირებით, შეიძლება ამ პრობლემას მეტი ყურადღება დაუთმონ.

მასალების გადაბეჭდვის წესი