ხელოვნება

სტივ ჯობსი: შეიძლება, ყველაფერი ისეა, როგორც ჩართვა–გამორთვის ღილაკი

28 ოქტომბერი, 2011 •
სტივ ჯობსი: შეიძლება, ყველაფერი ისეა, როგორც ჩართვა–გამორთვის ღილაკი

როცა სტივ ჯობსი 6 წლის იყო, მისმა მეზობელმა ბავშვმა გაიგო, რომ სტივი ნაშვილები იყო.

“ეს ნიშნავს, რომ შენმა ნამდვილმა მშობლებმა მიგატოვეს, რადგან არ სჭირდებოდი”, – უთხრა მან სტივ ჯობსს. სტივი მაშინვე სახლში, მშობლებთან გაიქცა, მათ კი უთხრეს: “შენ ყველასგან განსხვავებული ხარ, ამიტომაც ჩვენ შენ ამოგირჩიეთ”.

“ამ სიტყვებმა სტივ ჯობსი დააჯერა, რომ სხვებს არ ჰგავდა და განსხვავებული იყო. ეს განსხვავებულობა მას მთელი ცხოვრების მანძილზე გაჰყვა” – ამბობს სტივ ჯობსის ახლადგამოსული ბიოგრაფიული წიგნის ავტორი უოლტერ ლსაკსონი.

წიგნში მრავლადაა მოთხრობილი მსგავსი პირადული ისტორიები, დაწყებული სტივ ჯობსის ღრმა ბავშვობიდან, რომელიც კალიფორნიაში გაატარა, დამთავრებული მისი რევოლუციური გამოგონებებით.

“მე მახსენდება დრო, როცა მზიან დღეებში, მისი სახლის უკან, ბაღში, ვისხედით. სტივი ძალიან ცუდად იყო და ბევრს მესაუბრებოდა სიკვდილის შემდეგ სხვა სიცოცხლის არსებობაზე”,– იხსენებს ერთ–ერთ ინტერვიუში წიგნის ავტორი – “ის ამბობდა: ხანდახან ვფიქრობ, რომ 50–50–ზეა, არსებობს თუ არა ღმერთი. ეს დიდი საიდუმლოებაა, რომელსაც ჩვენ ვერასოდეს ამოვიცნობთ, მაგრამ მე მინდა, რომ მჯეროდეს სხვა ცხოვრების”.

“აქ სტივი ცოტა ხნით შეჩერდა,” – იხსენებს ლსაკსონი – “და შემდეგ მან თქვა: მაგრამ შეიძლება, ყველაფერი ისეა,  როგორც ჩართვა–გამორთვის ღილაკი, დააჭერ – და უკვე აღარ ხარ”.

სტივ ჯობსის ბიოგრაფიული წიგნი საზღვარგარეთ უკვე გაყიდვაშია. ხალხი საათობით დგას რიგში წიგნის შესაძენად.

კომპანია Apple-ის დამფუძნებელი და ყოფილი ხელმძღვანელი სტივ ჯობსი მძიმე ავადმყოფობის შემდეგ, 5 ოქტომბერს, 56 წლის ასაკში გარდაიცვალა.

სტივ ჯობსს კუჭქვეშა ჯირკვლის ავთვისებიანი სიმსინვის დიაგნოზი რამდენიმე წლის წინ დაუსვეს. ავადმყოფობის გამო მან 2011 წლის აგვისტოში Apple-ის ხელმძღვანელის პოსტი ამ სიტყვებით დატოვა: „მე მწამს, რომ Apple-ს ყველაზე ნათელი და ინოვაციური დღეები წინ აქვს. მე დავაკვირდები და გავიზიარებ ამ წარმატებას ახალ ამპლუაში.“

მასალების გადაბეჭდვის წესი