ხელოვნება

ძველი უბნების ახალი იერსახე – “მოზარდ მაყურებელთა დეკორაცია”

27 ოქტომბერი, 2011 •
ძველი უბნების ახალი იერსახე – “მოზარდ მაყურებელთა დეკორაცია”

გოეთეს ინსტიტუტში ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის დაარსებიდან 70 წლისთავთან დაკავშირებით ორდღიანი კონფერენცია მიმდინარეობს. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და აშშ–ს საელჩოს მხარდაჭერით მიმდინარე ღონისძიება “მეხსიერება, ხელოვნება და ხელოვნების ისტორია იდენტობის ძიებაში” დღეს დილიდან დაიწყო.

საქართველოს გარდა, კონფერენციაში მონაწილეობენ მომხსენებლები ამერიკის შეერთებული შტატებიდან, რუსეთიდან, სომხეთიდან და სხვა ქვეყნებიდან, სპეციალისტები სხვადასხვა მუზეუმებიდან და უნივერსიტეტებიდან.

“გამომდინარე იქიდან, რომ პრობლემები ძალიან ბევრია თანამედროვე კულტურასა და ხელოვნებათმცოდნეობაში, გაჩნდა იდეა, ჩაგვეტარებინა კონფერენცია. გამოგვეკვლია იდენტურობის პრობლემები, არა მარტო ქართულ რეალობაში, ქართულ ხელოვნებასა და კულტურაში, არამედ დასავლურ ხელოვნებასა და დასავლურ კულტურაშიც, ამიტომ ჩვენ მოვიწვიეთ ჩვენი კოლეგები, ეს არის ინტერდისციპლინარული სიმპოზიუმი და ეძღვნება ლიტერატურის, კინოს, მუსიკასა და სხვა საკითხებს” – აცხადებს კონფერენციის სხდომის თავმჯდომარე მზია ჩიხრაძე.

მისი თქმით, უცხოელი სტუმრები მოხსენებებს ქართულ ხელოვნებასთან დაკავშირებითაც გააკეთებენ:

“ერთ–ერთი გერმანელი სტუმარი მოხსენებას ქართულ კინოზე წაიკითხავს. ჩვენთვის განსაკთრებით საინტერესოა უცხოელების ხედვა ქართულ ხელოვნებაზა და ქართულ კულტურაზე.”

გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნებისა ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევის ცენტრის წარმომადგენელმა მაია მანიამ თბილისის დაკარგული ფასეულობის – ციხისუბნის შესახებ ისაუბრა. მან საზოგადოებას ფოტოები წარუდგინა, რომელიც თავად გადაიღო და რომელზეც აღბეჭდილია ციხისუბნის ძველი და ახალი იერსახე.

“შეიძლება ითქვას, რომ თბილისმა 2011 წელს დაკარგა თავისი უძველესი, უდიდესი სამოსახლო უბნის უმნიშვნელოვანესი ნაწილი. თბილისის ის ნაწილი, რომელზეც მე დღეს ვისაუბრე, უკვე აღარ არსებობს და რაც არსებობს, იმის გადარჩენა აღარ შეიძლება. ეს ის ადგილია, სადაც თბილისის პირველი მოსახლეები გაჩნდნენ, თუმცა, როგორც ჩანს, თბილისი ჯერ ამ ფაქტის მნიშვნელობას კიდევ ვერ ხვდება” – ამბობს მაია მანია.

ძველი უბნების ახალ იერსახესთან დაკავშირებით დარბაზში მცირე დისკუსიაც გაიმართა. ასევე ერთ–ერთმა მომხსენებელმა, ხელოვნების კვლევის ეროვნული ცენტრის წარმომადგენელმა გოგი ხოშტარიამ ძველი უბნების ახალ იერსახეს “ყალბი, მოზარდ მაყურებელთა დეკორაცია” უწოდა.

მისი თქმით, მსგავსი განახლება ძველ უბნებს კულტურულად კლავს. “სიღნაღი, მცხეთა, ბათუმი, ეს ის ადგილებია, სადაც ფსევდოძველებურის შექმნის ტენდენციაა”, – განაცხადა გოგი ხოშტარიამ.

საქართველოს შემდეგ სომხეთის ძველ და ახალ არქიტექტურას შეეხო აშშ–ს ბრენდის უნივერსიტეტის წარმომადგენელი თალინ გრიგორი.

“გაპრანჭული ერევანი” ავანგარდული ურბანიზმი პოსტ–საბჭოთა პოლიტიკაში – ასეთი მოხსენებით წარდგა იგი საზოგადოების წინაშე.

“ჩვენ ამ კონფერენციით გვინდა დავადგინოთ, მოვნიშნოთ და დავიწყოთ მსჯელობა იმ პრობლემებზე, რომლებიც გაჩნდა არა მხოლოდ პოსტსაბჭოთა სივრცეში, არა მარტო დღევანდელ საქართველოში, არამედ ყველგან”, – ამბობს კონფერენციის სხდომის თავმჯდომარე მზია ჩიხრაძე.

ხვალ, დილის 10 საათიდან, კონფერენცია კვლავ ღია იქნება დაინტერესებული საზოგადოებისთვის.

მასალების გადაბეჭდვის წესი