ხელოვნება

“ინდიანა ჯონსი+მატრიცა+ჩაკ ნორისი”

24 ოქტომბერი, 2011 •
“ინდიანა ჯონსი+მატრიცა+ჩაკ ნორისი”
ალექსანდრე დიუმას ცნობილი ნაწარმოების მიხედვით გადაღებულმა ფილმმა “სამი მუშკეტერი” კრახი განიცადა. საპრემიერო დღეს ფილმის შემოსავალმა 3 მილიონი დოლარიც კი ვერ შეადგინა, მაშინ, როდესაც მთლიანი ბიუჯეტი 75 მილიონი დოლარია.
3D ფორმატში გადაღებული “სამი მუშკეტერის” ერთ–ერთი მთავარი გმირი მილა იოვოვიჩი ფილმის კრახს კომპანია “Summit Entertaiment”-ს აბრალებს. ამის შესახებ მსახიობმა ხმამაღლა განაცხადა და ტექსტი ტვიტერითაც კი გაავრცელა.

უკვე ცნობილია, რომ ფილმმა კრიტიკოსებისგან მართლაც საკმაოდ ცუდი შეფასებები დაიმსახურა. თუმცა მილა იოვოვიჩის განცხადებით, უარყოფითი შეფასებები და საზოგადოების მხრიდან დაბალი ინტერესი ფილმის ცუდად დაგეგმილმა სარეკლამო კამპანიამ გამოიწვია. “Summit Entertaiment”–ს ბრალდებაზე პასუხი ჯერჯერობით არ გაუვრცელებია. ფილმის რეჟისორი მილა იოვოვიჩის მეუღლე პოლ ანდერსონია.

“სამი მუშკეტერი” რამდენიმე დღის წინ ქართულ კინოთეატრებშიც გამოჩნდა. ფილმის საპრემიერო ჩვენება რუსულ ენაზე შედგა, რადგან ქართული თარგმანი ვერ მოესწრო, თუმცა დღეს კინოთეატრებში უკვე ქართულად დუბლირებული “სამი მუშკეტერი” შეგიძლიათ იხილოთ.
შუადღის ჩვენებებზე ფილმის მაყურებელთა რაოდენობა საკმაოდ ცოტაა. მაყურებლები არც თუ ისე კმაყოფილნი ჩანან, თუმცა აღნიშნავენ, რომ ქართული გახმოვანება ტექნიკურადაც და მხატვრულადაც გამოსწორებულია:
“ადრეც მინახავს ფილმები ქართული გახმოვანებით, ეს გაცილებით უკეთესია, თუმცა ფილმს რაც შეეხება, დონით ჩვეულებრივი ჰოლივუდური “პაპსაა”, დაახლოებით “ჩარლის ანგელოზების” და “ჯაშუში ბავშების” დონის, ვარსკვლავები მონაწილეობენ, მაგრამ მაინც დაბალი დონის ზღაპარია”, – ამბობს ერთ–ერთი მაყურებელი გელა სამსონაძე, რომელიც თავს მოყვარულ კინემატოგრაფისტს უწოდებს.
ნიკა სამუშიას აზრით, “სამი მუშკეტერი” ერთი ჩვეულებრივი საპოპკორნე ფილმია: “მთლიანობაში ფილმი დიუმას “სამი მუშკეტერის” და თანამედროვე “ექშენის” ნაზავია. კარგი იყო ის, რომ ფილმის სიუჟეტი მეტნაკლებად წიგნის სიუჟეტს მიჰყვება. თუმცა ფილმი ზედმეტად დახუნძლულია სპეცეფექტებით და და ვინჩის ნახაზებზე დაყრდნობით აგებული მფრინავი ხომალდებით. არ ვიცი, დიუმა რომ ჩვენი ეპოქის მწერალი იყოს, იქნებ მასაც ჩაერთო რაღაც მსგავსი თავის ნაწარმოებებში”.
მიუხედავად ამისა, კინოთეატრ “რუსთაველისა” და “ამირანის” საზოგადოებასთან ურთიერთბის სამსახურის უფროსი ირინა კილოსანიძე თვლის, რომ საქართველოში ფილმი არ ჩავარდნილა. ის აცხადებს, რომ მათ ფილმის მიმართ დიდი მოლოდინი არც ჰქონიათ:
“რა თქმა უნდა, “კარიბის ზღვის მეკობრეებს” ბევრად მეტი მაყურებელი ჰყავს, თუმცა ამ ფილმისგან ბევრს არც ველოდებოდით, ამიტომ მოლოდინის 80% შეასრულა. ხალხი შედარებით ნაკლებია, უფრო ახალგაზრდები და ბავშვები ინტერესდებიან, ალბათ, იქიდან გამომდინარე, რომ ნაწარმოებია ძალიან ცნობილი”, – აცხადებს ირინა კილოსანიძე.
კინო “რუსთაველისა” და “ამირანის” ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე კი “სამი მუშკეტერი” ასე შეაფასეს – “ინდიანა ჯონსი+მატრიცა+შერეკილები+ჩაკ ნორისი”.

მასალების გადაბეჭდვის წესი