ხელოვნება

“მიმინოს” ძეგლი საპროტესტო აქციის ფონზე გაიხსნება

14 ოქტომბერი, 2011 • 4496
“მიმინოს” ძეგლი საპროტესტო აქციის ფონზე გაიხსნება

დღეს, 17:00სთ–ზე, ავლაბრის სკვერში კინოფილმ “მიმინოს” გმირების ძეგლი ოფიციალურად გაიხსნება.  ავლაბრის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე, დაგეგმილია საპროტესტო აქციის გამართვა. აქციის ერთ–ერთი ორგანიზატორი კინომცოდნე თეო ხატიაშვილია.
“ეს არ არის თანამედროვე ხელოვნება, ზურაბ წერეთელი არ არის კარგი მოქანდაკე, მაგრამ ძეგლი დადგმულია და, არა მგონია, პროტესტით რამე შევცვალოთ. მაგრამ ჩემი ყველაზე დიდი პროტესტი პირადად ზურაბ წერეთლის ფიგურას ეკუთვნის, ადამიანს, რომელიც ერთ–ერთ ყველაზე რეაქციულ რუსულ ძალასთან მეგობრობს. ჩემთვის სრულიად გაუგებარია საქართველოს მთავრობის დამოკიდებულებაც ამ საკითხის მიმართ, ამიტომ, პირველ რიგში, ჩვენი პროტესტი ამ გაურკვევლობას შეეხება”, – აცხადებს თეო ხატიაშვილი“ნეტგაზეთთან” საუბარში.
ძეგლი ბრინჯაოშია შესრულებული და მისი ავტორი რუსეთში მოღვაწე ქართველი მოქანდაკე ზურაბ წერეთელია. ის ამჟამად თბილისში იმყოფება და ძეგლის გახსნასაც დაესწრება. გახსნაზე ასევე თბილისის მერიის წარმომადგენლები და ქართველი მსახიობებიც იქნებიან . ხოლო მომღერალი ბუბა კიკაბიძე ამ ფაქტთან დაკავშირებით 19:00სთ–ზე ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში კონცერტს გამართავს.

ზურაბ წერეთელმა “მიმინო” 2007 წელს შექმნა და მის დადგმას მოსკოვში გეგმავდა, თუმცა, რუსული ვებ–გვერდების ცნობით, მოსკოვის მერიამ ამაზე უარი უთხრა. ზაურ კანდელაკმაც, წერეთელის წარმომადგენელმა თბილისში, “ნეტგაზეთთან” არაოფიციალურ საუბარში აღნიშნა, რომ თბილისში “მიმინოს” ორიგინალია ჩამოტანილი. “მიმინოს” სამონტაჟო სამუშაოებს ავლაბარში დიზაინერთა კავშირის ყოფილი თანამშრომლები ასრულებდნენ.

ძეგლის გახსნასთან დაკავშირებით კულტურის მინისტრმა, ნიკა რურუამ, მოკლე განცხადება გააკეთა, “ეს ძეგლი [მიმინო] ადამიანთა გულწრფელ მეგობრობას უსვამს ხაზს” – განაცხადა რურუამ.

თბილისამდე წერეთლის “მიმინო” ივლისში სომხეთში დადგეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი