რეჟისორი რობერტ სტურუა მოსკოვშია, ამის შესახებ ინფორმაცია მან საკუთარ facebook გვერდზე გაავრცელა.
“თეატრ “ეტ სეტერას” მოწვეული მთავარი რეჟისორი გახლავართ. არ დაიწყოთ კამათი, მეც ადამიანი ვარ, მეც მჭირდება ხელფასი, ოჯახი რომ ვარჩინო,” – წერს რეჟისორი.
რობერტ სტურუა Facebook გვერდზე, ასევე, აცხადებს, რომ 20 ოქტომბერს თბილისში დაბრუნდება, რადგან 21 და 22 ოქტომბერს რუსთაველის თეატრში სპექტაკლი “ნადირობის სეზონი” დაინიშნა. ხოლო ნოემბერში რეჟისორი ლონდონში მიემგზავრება.
რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობიდან რობერტ სტურუას დათხოვნის შესახებ ინფორმაცია თავად რეჟისორმა 16 აგვისტოს, ასევე, სოციალურ ქსელში გაავრცელა და დაწერა: “მომხსნეს”. მან გამოაქვეყნა კულტურის მინისტრ ნიკა რურუას შესაბამისი ბრძანებაც.
მოგვიანებით მან განაცხადა, რომ შეთავაზება ჰქონდა “ეტ სეტერას” თეატრის ხელმძღვანელისგან და 2 ოქტომბერს მოსკოვში ჩასვლას და ხელშეკრულების გაფორმებას აპირებდა, თუმცა 25 სექტემბერს, სპექტაკლ “ნადირობის სეზონის” შემდეგ, მან განაცხადა, რომ წასვლა გადაიფიქრა და დასში დარჩენა გადაწყვიტა.
საქართველოს კულტურის და ძეგლთა დაცვის მინისტრმა რეჟისორის დათხოვნის მიზეზად ბათუმში 17 აგვისტოს გამართულ პრესკონფერენციაზე რეჟისორის ქსენოფობური განცხადებები დაასახელა.