ხელოვნება

სტივ უელტმანისა და “ლოკომოტივ პრომოუშენის” ორი პროექტი

13 ოქტომბერი, 2011 •
სტივ უელტმანისა და “ლოკომოტივ პრომოუშენის” ორი პროექტი

თბილისში 5–დღიანი ვიზიტით როკ–მუსიკის სფეროში მოღვაწე ცნობილი მენეჯერი და პროდიუსერი სტივ უელტმანი იმყოფება. ის საქართველოში “ლოკომოტივ პრომოუშენის” მოწვევით ჩამოვიდა და მათთან ერთად ორი პროექტის განხორციელებას აპირებს.
პროექტების შესახებ სტივმა და “ლოკომოტივ პრომოუშენის” წარმომადგენლებმა დღეს კაფე “ქარავანში” გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრეს.
სტივ უელტმანის დახმარებით თბილისში 5 ნოემბერს Uriah Heep-ის წევრის, როკ–კლავიშისა და გიტარისტის კენ ჰენსლის კონცერტი გაიმართება. კონცერტის ჩატარების ადგილი ჯერ ცნობილი არაა, თუმცა, როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, კონცერტი მყუდრო გარემოში ჩატარდება. აკუსტიკურ კონცერტზე კენ ჰენსლი Uriah Heep-ის ცნობილ ჰიტებს შეასრულებს, ხოლო შუალედებში მსმენელს მისთვის კითხვების დასმის საშუალება მიეცემა.
“რაც შეეხება მეორე პროექტს, ჩვენ ვგეგმავთ უპრეცედენტო მასშტაბის ღონისძიების მოწყობას. როკ–კონცერტი, რომელშიც მონაწილეობას მსოფლიოში ცნობილი შემსრულებლები მიიღებენ, მომავალი წლის მეორე ნახევარში გაიმართება”, – განაცხადა “ლოკომოტივ პრომოუშენის” პრესცენტრის ხელმძღვანელმა, გიორგი კიკონიშვილმა.
ორგანიზატორების განცხადებით, კონცერტი 3–დღიანი იქნება და რომელიმე რეგიონში ჩატარდება. კონცერტისთვის ადგილის შესარჩევად მათ სტივთან ერთად რამდენიმე რეგიონი მოინახულეს და ადგილები მონიშნეს.
“საქართველო მომავალ წელს მუსიკალურ რუკაზე გამოჩნდება”, – ასე შეაფასა დაგეგმილი ფესტივალი თავად სტივ უელტმანმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი