ხელოვნება

თელავში მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება

12 ოქტომბერი, 2011 •
თელავში მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება

თელავში 16-23 ოქტომბერს მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება.
კონცერტები წელს თელავის სახელმწიფო დრამატულ თეატრში ჩატარდება, ამასთან ერთად თელავის სამუსიკო სასწავლებელში მასტერკლასებიც გაიმართება.
ფესტივალში მონაწილეობას 200–მდე მუსიკოსი მიიღებს, მათ შორის იქნება იტალიიდან ჩამოსული კვარტეტი “კლეზმერატა ფიორენტინა”, ასევე სხვადასხვა ქვეყნებიდან, მათ შორის გერმანიიდან, იაპონიიდან, კანადიდან და ისრაელიდან ჩამოსული 23 სოლისტი. ღონისძიებაში მონაწილეობას ასევე თბილისის სიმფონიური ორკესტრი და ოპერის სიმებიანი კვარტეტი იღებს.
ფესტივალის ჩატარება მუსიკალური და საზოგადოებრივი კულტურული ცხოვრების განვითარებას ემსახურება და საქართველოს პირველი ლედის სანდრა ელისაბედ რულოვსის პატრონაჟითა და კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით ტარდება.
თელავის მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი 2010 წლის ოქტომბერში, თითქმის ოცწლიანი პაუზის შემდეგ აღდგა. ფესტივალი გასული საუკუნის 80-იან წლებში ელისო ვირსალაძემ დააარსა და მას მაშინ “ქება ვაზისა” ერქვა.
ფესტივალის ფარგლებში სულ 6 მასტერკლასისა და 6 კონცერტის გამართვა იგეგმება. 6–დან ერთი კონცერტი სხვადასხვა ქვეყნების ახალგაზრდა, ნიჭიერ მუსიკოსებს დაეთმობათ.

მასალების გადაბეჭდვის წესი