ხელოვნება

ბრედ მელდაუ თბილისში კონცერტს გამართავს

10 ოქტომბერი, 2011 • 1703
ბრედ მელდაუ თბილისში კონცერტს გამართავს

ამერიკელი ჯაზ–შემსრულებელი ბრედ მელდაუ 18 დეკემბერს კონსერვატორიის დიდ დარბაზში დაუკრავს. ჯაზ–პიანისტის საქართველოში ჩამოყვანა ამერიკის საელჩოს დაფინანსებით ხორციელდება, ის მხოლოდ ერთ კონცერტს გამართავს და ბილეთის ღირებულება 20–დან 100 ლარამდე იქნება.
ბრედ მელდაუს ჩამოყვანა 2008 წლის მარტშიც იგეგმებოდა, თუმცა შეთანხმება ვერ შედგა. როგორც კონსერვატორიის დიდი დარბაზის კონცერტების კოორდინატორი ნანა სტრაჟევსკაია აღნიშნავს: “მაშინ ფორსმაჟორული მდგომარეობა იყო, სიტუაცია შეიცვალა 2008 წლის ომთან დაკავშირებით და ვერ მოხერხდა კონცერტის გამართვა, ამჯერად კი კონტრაქტზე ხელი პრაქტიკულად მოწერილია და მსგავსი საფრთხე აღარ არსებობს.”
მუსიკოსის ოფიციალურ ვებ–გვერდზე საქართველო უკვე ჩასმულია დაგეგმილი ტურნეების სიაში.
ბრედ მელდაუს პოპულარობა 1990–ან წლებში იწყება. 1996 წლიდან მოყოლებული მისი 5 ალბომი ჩაიწერა Warner Brothers-ის სტუდიაში, თუმცა, მრავალი კრიტიკოსის მოსაზრებით, ის სწორედ ახლა იმყოფება პოპულარობის ზენიტში.
ამერიკელი ჯაზ–პიანისტი 1970 წელს ფლორიდის შტატში დაიბადა, თუმცა მალე მისი ოჯახი საცხოვრებლად კონექტიკუტში გადავიდა, სადაც ბავშვობა გაატარა. სწორედ აქ დაინტერესდა ჯაზით და ჯილდოც კი მიიღო ბერკლის მუსიკალურ კოლეჯში – Best All-Around Musician Award.
1988 წელს კი ნიუ იორკში გადადის საცხოვრებლად, სადაც სწავლას განაგრძობს და რამდენიმე წელიწადში საკუთარ ტრიოსაც აყალიბებს– სახელად Brad Mehldau Trio. ტრიოს წევრები არიან: Larry Grenadier (ბას გიტარა) და Jeff Ballard (დასარტყამი ინსტრუმენტები).
ბრედ მელდაუს, ტრიოს გარდა, სოლო ალბომებიც აქვს გამოშვებული. იგი საქართველოსაც მარტო ესტუმრება.
მელდაუ ცნობილია თავისი ქავერებით, ხშირად უკრავს პოპულარულ მუსიკას ჯაზის სტილში, უმეტესად კი როკ–მუსიკას. განსაკუთრებით ცნობილია მის მიერ შესრულებული the beatles–ის, radiohead-ის და ცნობილი სხვა ჯგუფების ქავერები.
მისი მუსიკა ჟღერს სტენლი კუბრიკის ცნობილ ფილმში “ფართოდ დახუჭული თვალები”, ასევე, ფილმებში “მონა ლიზას ღიმილი”, “სახლი ტბასთან” და ა.შ.
2010 წლის იანვრის ბოლოს კარნეგი ჰოლმა გამოაცხადა, რომ მელდოუ დაიკავებდა 2010-2011 წლის სეზონის რიჩარდ და ბარბარა დებსის კომპოზიტორთა თამჯდომარის პოსტს კარნეგი ჰოლში. ის პირველი ჯაზ–შემსრულებელი იქნება ამ პოზიციაზე.
მისი ერთ–ერთი ყველაზე ცნობილი ალბომია “Largo”, ხოლო უკანაკსნელი ყველაზე საინტერესო ნამუშევარია 2011 წლის ალბომი “Modern Music”, რომელიც
პიანისტ – Kevin Hays და კომპოზიტორ/არანჟირების ავტორ Patrick Zimmerli–თან ერთად ჩაწერა.
მელდაუ დაქორწინებულია ჰოლანდიელ ჯაზ ვოკალისტზე ფლორინზე და უმეტესად მასთან ერთად დადის ტურნეებში. სავარაუდოდ, საქართველოსაც მასთან ერთად ესტუმრება.
ის ამჟამად მსოფლიოს უამრავ ქვეყანაში მოგზაურობს, საქართველოს შემდეგ დაგეგმილ ტურნეებს შორისაა: ნიდერლანდები, საბერძნეთი, თურქეთი, აშშ, ბელგია, საფრანგეთი, იტალია და ა.შ.

მასალების გადაბეჭდვის წესი