ხელოვნება

„ქაღალდის წვიმას“ სომხეთში და ლიტვაში წარმოდგენენ

5 ოქტომბერი, 2011 • 1172
„ქაღალდის წვიმას“ სომხეთში და  ლიტვაში წარმოდგენენ

7 ოქტომბერს  ახალი თეატრის დასი ერევანში  საერთაშორისო თეატრალურ  ფესტივალზე მონაწილეობის  მისაღებად მიემგზავრება. 8 ოქტომბერს ახალი თეატრი  „ქაღალდის წვიმას“ ერევნის  დიდი თოჯინების თეატრის  სცენაზე წარმაოდგენს. ფესტივალში  სხვადასხვა ქვეყნის 14 დასი  მონაწილეობს, როგორც ევროპის,  ასევე აზიის ქვეყნებიდან.  მანამდე კი სპექტაკლი  ახალმა თეატრმა თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ფარგლებში  უცხოელი ექსპერტების მოთხოვნით  მეორედ წარმოადგინა და  2012 წელს ლიტვაში გასტროლიც დაიგეგმა.

სპექტაკლის განმეორებით ჩვენებას ესწრებოდნენ:  ლიტვის კულტურის მინისტრის  მაოდგილე დევიდას სტაპონკუსი, ევროპის კულტურის ფორუმის პრეზიდენტი  დიტერ ტოპი, ევროპის კულტურის ფონდის საგრანტო კომიტეტის კოორდინატორი სარა მაჩადო, ლიტველი თეატრმცოდნე და კულტურის მიმოხილველი პრესაში ვილმანტას ჯუსკენასი, ომანის კულტურის მინისტრის მრჩეველი, რეჟისორი აბდულჰარიმ ალი ჯაკადი, დიფათის ეროვნული ლიტერატურული თეატრის გენერალური მენეჯერი აუსტრა ჯოლანტა, კანადის თეატრ „Jeu“ ხელმძღვანელი მაიკლ ვაისი, თეატრ „Nothingham playhouse“ ხელმძღვანელი სტეფან სირი და სხვები.

ლიტვის კულტურის მინისტრის მაოდგილე დევიდას სტაპონკუსმა სპექტაკლის შემდეგ აღნიშნა, რომ „ძალიან მოეწონა“: „ კარგა  ხანია, ამდენი არ მიცანია, მსახიობები არაჩვეულებრივად  მუშაობენ, ეს უმაღლესი ოსტატობაა…“

თეატრმცოდნე   ვილმანტას ჯუსკენასმა კი სპექტაკლს „იმპროვიზაციის ზღვა უწოდა“– სპექტაკლმა ძალიან მომხიბლა და პირველივე  წუთიდანვე ჩამრთო მოქმედებაში. ჩემთვის ყველაზე საინტერესო მსახიობთა იმპროვიზაციის  უნარი და მათი მაყურებელთან ურთიერთობაა. კლოუნდა, რომელიც  დღეს ვნახე, ყველა ასაკის მაყურებლისთვისაა საინტერესო და სიხარულის მომტანი. ამ პატარა სცენიდან დღეს მსახიობთა  იმპროვიზაციის ზღვა მოედინებოდა“

ევროპის კულტურის ფორუმის პრეზიდენტი  დიტერ  ტოპი: მე ყოველთვის მხარს  ვუჭერ ყოველგვარ კრიატიულს  და განსხვავებულს. მიხარია, როცა საქართველოში კალსიკური დრამატული თეატრის ფორმის პარალელურად საშუალება მომეცა, მენახა სპექტაკლი, რომელსაც  ენობრივი ბარიერი არ აქვს. პერსონაჟები, რომლებიც ნიკა საბაშვილის მსახიობებმა გააცოცხლეს ჩვენი თანამედროვენი არიან. სპექტაკლმა ძალიან კარგ განწყობაზე დამაყენა.

ნიკა საბაშვილის სპექტაკლით უკვე დაინტერესდნენ  ექსპერტები ლიტვიდან. 2012 წელს დაგეგმილია „ქაღალდის წვიმის“  ტურნე ლიტვაში.

ნიკა საბაშვილის სპექტაკლში „ქაღალდის წვიმა“ სულ ოთხი მსახიობი მონაწილეობს: ირაკლი გოგოლაძე, გიორგი სახამბერიძე, ირაკლი ცქიფურიშვილი, გიორგი ტატიშვილი. სპექტაკლი სიტყვის  გარეშე ოთხი კლოუნის ცხოვრებისეულ ისტორიას მოგვითხრობს. სპექტაკლი  ოთხი დამოუკიდებელი ნოველისაგან  შედგება.

მასალების გადაბეჭდვის წესი