საქართველოში უცხოელი ტურისტი ჩამოდის სამოგზაუროდ, რომელსაც სხვადასხვა ოჯახში უწევს ცხოვრება, მათ შორის – აფხაზეთიდან დევნილის ოჯახში. ბევრი რამ უკვირს, ზოგი ტრადიცია მოწონს, ზოგი – არა…
ასეთი შინაარსის სცენარით გახდა კონკურსის – ”ჩვენ ქართველები ვართ” – პირველი ადგილის მფლობელი შ. რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის სტუდენტი გიორგი ბართაია.
გიორგი ბართაიას თქმით, სცენარის წერის დროს იმაზე ფიქრობდა, რომ დადებით თვისებებთან ერთად უარყოფითიც არ გამორჩენოდა, რადგან, მისი აზრით, მხოლოდ ასეა შესაძლებელი ნამდვილი საქართველოს დანახვა. თუმცა ამბობს, რომ ძალიან დაბნეული იყო კონკურსის სახელწოდების გამო.
მოკლემეტრაჟიანი ფილმისთვის დაწერილი სცენარების კონკურსის სახელწოდებამ განსხვავებული ასოციაციები აღძრა ჟიურის წევრებს შორისაც. ჟიურის ერთ-ერთი წევრის, ”გაღმა ნაპირის” რეჟისორის, გიორგი ოვაშვილის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ სათაური ”ჩვენ ქართველები ვართ” საკმაოდ პატრიოტულად ჟღერს, ფილმის არჩევისას შეეცადა მაქსიმალურად აერიდებინა თავი მსგავსი თემატიკისათვის და უფრო მეტი ყურადღება ისეთ სცენარზე გაემახვილებინა, რომელშიც შეკრული და საინტერესო ისტორია იქნებოდა. ჟიურის თავმჯდომარის, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველი მოადგილის, გიორგი ავალიანის თქმით კი, შეფასების დროს მისთვის ამოსავალი წერტილი სწორედაც რომ პატრიოტული ხაზი იყო.
როგორც ჩანს, სწორედ ამ ნიშნით დაუფასდა შრომა თსუ–ს სტუდენტს, ქეთი ნაცვლიშვილს, რომლის სცენარმაც კონკურსში მეორე ადგილი დაიკავა.
”ჩემი აზრით, პატრიოტიზმი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტი იყო. ჩემი სცენარის მიხედვით, საქართველოს სხვადასხვა კუთხის წარმომადგენლები თბილისში ერთად იკრიბებიან. ყველა თავისი კუთხის ცეკვას ასრულებს და საბოლოოდ სუხიშვილების ანსამბლი იკვრება. სხვა აქ მცხოვრებ ადამიანებზე არ დავფიქრებულვარ. აბა, ქართულ ცეკვას სომეხს ხომ არ ვაცეკვებდი?!” – ამბობს ქეთი.
ლაშა ჯაიანი ილიას უნივერსიტეტის სტუდენტია. მისმა სცენარმა პრიზი ვერ მიიღო.
”მოგების იმედი დიდად არც მქონია, რადგან ჩემი ნაწერი პატრიოტიზმით გაჟღენთილი არ ყოფილა. როგორც კი სათაური წავიკითხე, მაშინვე შეგრძნება გამიჩნდა, რომ რაღაც ზედმეტად პატრიოტულ სცენარს ითხოვდნენ. მე კი მგონია, რომ საქართველო მხოლოდ ქართველებისგან არ შედგება. ჩვენ ირგვლივ უამრავი ადამიანი ცხოვრობს, თუნდაც ეთნიკური უმცირესობები. წერისას სწორედ აქედან გამოვედი. ჩემი სცენარიც ასე მთავრდება: საქართველოში მცხოვრები სხვადასხვა ეროვნების ადამიანები ხელჩაკიდებულნი ხტებიან პარაშუტით,” – ამბობს ლაშა ჯაიანი.
მოკლემეტრაჟიანი ფილმისთვის დაწერილი სცენარების კონკურსი – “ჩვენ ქართველები ვართ”, პროექტის –”ევროპა ჩემი სახლია” – ფარგლებში ჩატარდა. კონკურსი დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშემწყობი სტუდია ” ADC”–ისა და ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის ორგანიზებითა და საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და შვედეთის სამეფოს მხარდაჭერით გაიმართა.
კონკურსში თბილისის 5 უმაღლესი სასწავლებლის (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, თსუ, სამხატვრო აკადემია, შ.რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი) სტუდენტები მონაწილეობდნენ.
მრავალრიცხვოვანი ჟიური (რომლის შემადგენლობაში იყვნენ: ქართველი რეჟისორები, ახალგაზრდობის ფონდისა და შვედეთის სამეფოს კინოსტუდია ”ჰალანდის” წარმომადგენლები) ხუთი თვის განმავლობაში არჩევდა სცენარს, რომლის მიხედვითაც 15–წუთიანი ფილმის გადაღებას კინოსტუდია ”ჰალანდი” დააფინანსებს.
კონკურსის პირობის თანახმად, ერთი მთავარი პრიზი – ფულადი ჯილდო 1000 ლარის ოდენობით უნდა გაცემულიყო, მაგრამ ჟიურის გადაწყვეტილებით, ეს პრიზი სამ კონკურსანტზე გადანაწილდა. თუმცა ფილმს გიორგი ბართაიას სცენარის მიხედვით გადაიღებს სტუდენტური კინოფესტივალის ”ამირანის” გამარჯვებული გიორგი ქობალია.
ქობალიაცა და ბართაიაც ფიქრობენ, რომ სცენარი დასახვეწი და გადასაკეთებელია, თუმცა ძირითადი ისტორია იგივე დარჩება.
კონკურსის ორგანიზატორების თქმით, ფილმი სხვადასხვა საერთაშორისო ფესტივალზე გაიგზავნება. მათივე ინფორმაციით, მოკლემეტრაჟიანი ფილმისთვის დაწერილი სცენარების კონკურსი მომავალ წელსაც ჩატარდება.