თუ ერთ მშვენიერ საღამოს ბათუმის ქუჩებში სეირნობისას პატარა, სახელდახელოდ გამართულ სცენაზე მსახიობები და სცენის წინ სკამების მწკრივები დაინახეთ, ესე იგი თქვენ „არტლაბორატორიის“ ექსპერიმენტში მონაწილეობთ. არ გჭირდებათ ბილეთის შეძენა, თქვენ ამ ექსპერიმენტის მთავარი მონაწილე – მაყურებელი ხართ.
„არტლაბორატორია“ ხელოვანთა მცირე ჯგუფია. მსახიობმა და რეჟისორმა ოთარ ქათამაძემ, ბათუმის დრამატული თეატრის მენეჯერმა მიხეილ გაბაიძემ და მომღერალმა მამუკა კუპრაძემ რამდენიმე თვის წინ ამ სახელწოდებით ოფიციალურად დაარეგისტრირეს არასამთავრობო ორგანიზაცია. მიზანი – არტექსპერიმენტები და ბათუმში ცოცხალი კულტურული პროცესის შექმნაა.
პირველი ექსპერიმენტი პიაცასთან ერთი თვის წინ შედგა, სადაც ღამის ბათუმში თხუთმეტამდე მსახიობმა, რომელთა შორის მოყვარულებიც არიან და პროფესიონალებიც, ქუჩაში, ღია ცისქვეშ კომედია დელ არტე გააცოცხლეს და კარლო გოლდონის „სასეირო ოინი“ წარმოადგინეს. „ათასგვარი ფესტივალები იმართება ამ ქალაქში, ნაყინის ფესტივალზეც კი ვიყავი და თეატრი ამაში რაღაცნაირად არაა ჩაბმული. თან მაყურებელს სიცხეში კი არა, როცა არ ცხელა, მაშინაც ვერ მიიყვან თეატრში, ამიტომ ჩვენ მივდივართ და ვთამაშობთ იქ, სადაც თვითონ იყრიან თავს და სულ არ ვეკითხებით, უნდათ თუ არა ამისი ნახვა!“ – ამბობს მიხეილ გაბაიძე.
როგორც ჩანს, მაყურებელს ეს უნდა. პატარა სცენის წინ ექვსასამდე სკამი დგას და ზოგ წარმოდგენაზე ესეც არ არის საკმარისი, არიან ფეხზე მდგომი მაყურებლებიც. მათ ერთ ნაწილს საგანგებოდ იწვევენ სპექტაკლზე დასასწრებად, ნაწილი კი გამვლელები არიან, ქუჩაში მოსეირნე ადამიანები, რომლებიც მოულოდნელად აღმოჩნდნენ ღია ცისქვეშ გამართულ სპექტაკლზე. „არტლაბორატორიის“ თეატრალური დასი არ იყენებს მიკროფონებსა და ხმის გამაძლიერებლებს, ამიტომ ქუჩის ხმაურში მსახიობების ხმა რომ გაიგონოთ, ყურადღებით უნდა იყოთ, დელ არტეს მთელი მომხიბვლელობაც სწორედ ამაშია, ბუნებრიობა და იმპროვიზაცია. თავის დროზე ეს მიმდინარეობა სწორედ პროვინციაში შეიქმნა, თეატრალურ დასებს არ ჰქონდათ ერთი სამუშაო ადგილი და ქუჩებში მართავდნენ წარმოდგენებს.
„მთელი ევროპა ქუჩაში გამოვიდა და თეატრის გარეთ მართავენ სპექტაკლებს, ადამიანები დაიღალნენ ტრადიციული, აკადემიური წარმოდგენებით. ეს პროცესი პოლონეთში დაიწყო და მთელ ევროპას მოედო. სახალხო თეატრების რეპერტუარიც საკმაოდ სპეციფიკურია, სოციალურ თემებზე შექმნილი კომედიები“ – ამბობს თეატრმცოდნე ლაშა ჩხარტიშვილი და დასძენს, რომ „არტლაბორატორიისგან“ კიდევ მეტს ელის. „მე მინდა, რომ მხოლოდ ქუჩაში კი არ ითამაშონ, არამედ პლაჟზე, მოედონ მიტოვებულ შენობებს და ის ადგილები გადააქციონ კულტურული ინდუსტრიის ნაწილად. უფრო პროვოკაციულებიც უნდა იყვნენ“.
ლაშა ჩხარტიშვილს თანამედროვე ქუჩის თეატრის ყველაზე წარმატებულ მაგალითად პოლონელი რეჟისორი იან კლატა მოჰყავს, რომელმაც ფაქტობრივად ახალი პოლონური თეატრი შექმნა და სპექტაკლებში თანამედროვე სამყაროს ყველაზე მწვავე პრობლემები გადმოიტანა.
რამდენად შეძლებს „არტლაბორატორია“, შექმნას ახალი კულტურული სივრცე ბათუმში და გასცდება თუ არა მათი ექსპერიმენტები პროვინციული ქალაქის ჩარჩოებს? „არტლაბორატორიის“ თეატრალური დასის რეჟისორი ოთარ ქათამაძე საკმაოდ წარმატებული რეჟისორი და მსახიობია, რომელმაც დრამატურგიაშიც მოსინჯა შესაძლებლობები. 2010 წელს მსახიობი მიხეილ თუმანიშვილის სახელობის თეატრალური ხელოვნების განვითარების ფონდის – „ახალი ქართული პიესის“ კონკურსის მესამე ადგილის მფლობელი გახდა, ასევე გაიმარჯვა კონკურსში – „ახალი ტალღა” და მისი პიესა, „აივანი” რუსთაველის თეატრის ექსპერიმენტულ სცენასა და ახალციხის თეატრში დაიდგა. იყო ბათუმის უნივერსიტეტის სტუდენტური თეატრის რეჟისორი და როცა სტუდენტურმა თეატრმა არსებობა შეწყვიტა, ახალი დასი ჩამოაყალიბა მოყვარული და პროფესიონალი მსახიობებისაგან. ახლა, ალბათ, ყველაზე მთავარი „არტლაბორატორიის“ დასის ექსპერიმენტების ხარისხი, ადეკვატური პუბლიკა და სასიცოცხლოდ აუცილებელი დაფინანსების მოძიებაა.
„არტლაბორატორიის“ პირველი პროექტი – ზაფხულის ღია ახალგაზრდული თეატრი, ბათუმის მერიის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა, მაგრამ ტურისტული სეზონი უკვე იწურება, 28 სექტემბერს დასი ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკასთან ბოლო სპეკტაკლს გამართავს, თუმცა „არტლაბორატორიელები“ ამბობენ, რომ სამთვიანი „კულტურული ხმაური” ბათუმში არ აკმაყოფილებთ და ქუჩაში გამართულ სპექტაკლებს არ დასჯერდებიან. „გვინდა, მთელი წელი ხდებოდეს საინტერესო ამბები ბათუმში, ამიტომ გაჩერებას არ ვაპირებთ, არ გაგიკვირდეთ, თქვენს მეზობლად სხვენში ან სარდაფში რომ დაგპატიჟოთ წარმოდგენაზე.“ – ამბობს მიხეილ გაბაიძე. აქ ბათუმში არსებულ ხელოვანთა და მათ გულშემატკივართა მცირე ჯგუფებისათვის უკვე ტრადიციადქცეული ოცნებაც აქვთ: სახლის, კარვის ან „რკინის თეატრის” (ასე უწოდებდნენ თანამედროვე გორგილაძის ქუჩაზე, მე-20 საუკუნის დასაწყისში არსებულ თეატრს ბათუმში) აგება, სადაც ფილმების ნახვა, ლიტერატურული საღამოების ორგანიზება, მუსიკალური ჯგუფების მოსმენა და სხვა არტექსპერიმენტების ჩატარება იქნება შესაძლებელი. დღემდე ამ ოცნების რეალობად ქცევა ბათუმში ვერავინ მოახერხა. ვნახოთ, შეძლებს თუ არა ამას „არტლაბორატორია“.