ხელოვნება

ზურაბ წერეთელი – სიურპრიზი მთავრობისგან

14 სექტემბერი, 2011
ზურაბ წერეთელი – სიურპრიზი მთავრობისგან
“მიმინოს”, საქართველოს პატრიარქის, ილიკო სუხიშვილისა და ნინო რამიშვილის ქანდაკებები მოსკოვიდან თბილისში უკვე ჩამოიტანეს. ყველა ნამუშევრის ავტორი რუსეთში მოღვაწე მოქანდაკე ზურაბ წერეთელია.
“მიმინო”

გიორგი დანელიას 1977 წელს გადაღებული ფილმის, “მიმინოს” ძეგლის გახსნა  თბილისში, ავლაბრის სკვერში, 14 ოქტომბერსაა დაგეგმილი.  პირველად ეს ინფორმაცია ჟურნალმა “ტაბულამ” გაავრცელა.

ძეგლი რუსეთიდან თბილისში (გაურკვეველია როგორ) ერთი თვის წინ ჩამოიტანეს და უკვე დამონტაჟებულია და შეფუთული. ბოლო სამუშაოები აქ  13 სექტემბერს დასრულდა.  

ვა­ლი­კო მიზანდარის, რუ­ბი­კა ხა­ჩი­კი­ა­ნის და ივან ვო­ლო­ხო­ვის პერ­სო­ნა­ჟებს სა­ზო­გა­დო­ე­ბა 14 ოქ­ტომ­ბერს იხილავს. გახსნა თბილისობის დღესასწაულზეა დაგეგმილი. ძეგ­ლის ავ­ტო­რი რუსეთში მოღვაწე ქართველი მოქანდაკე და მხატ­ვა­რი ზუ­რაბ წერეთელია. წერეთელთან დაახლოებული პირების ცნობით, იგი თავადაც  დაესწრება ძეგლის თბილისში გახსნას.

ზურაბ წერეთელმა  “მიმინო” 2007 წელს შექმნა და მის დადგმას მოსკოვში გეგმავდა, თუმცა, რუსული ვებ–გვერდების ცნობით, მოსკოვის მერიამ ამაზე უარი უთხრა. ზაურ კანდელაკმაც, წერეთელის წარმომადგენელმა  თბილისში, “ნეტგაზეთთან” არაოფიციალურ საუბარში აღნიშნა, რომ თბილისში “მიმინოს” ორიგინალია ჩამოტანილი.
თბილისამდე  წერეთლის “მიმინო”  ივლისში სომხეთში დადგეს.

ილიკო სუხიშვილის და ნინო რამიშვილის ძეგლი ზურაბ წერეთელისგან

ილია II-ის ქანდაკება
ილია II-ის ქანდაკება

საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, ილია II-ის ქანდაკება უკვე თბილისშია. ის მოსკოვიდან ჩამოიტანეს. ძეგლის ავტორი ზერაბ წერეთელია.

რუსეთში მოღვაწე ქართველმა მოქანდაკემ ილია II-ის ბრინჯაოს ქანდაკება 2003 წელს შექმნა და აქამდე მოსკოვში, ზურაბ წერეთელის ხელოვნების მუზეუმში იყო განთავსებული.

ამავე წელს წერეთელმა რუსეთის მაშინდელი, აწ უკვე გარდაცვლილი პატრიარქის ალექსი II-ის ძეგლიც დადგა. ორივე ქანდაკება 2.8 მეტრის სიმაღლისაა. ორივე ბრინჯაოსი. ალექსი II-ის ქანდაკება მოსკოვის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმშია განთავსებული.

უცნობია, სად იგეგმება ილია II-ის ძეგლის დადგმა თბილისში. ამჟამად ძეგლი შეფუთულ მდგომარეობაშია.

ვინ მიიღო გადაწყვეტილება წერეთლის ქანდაკებების თბილისში დადგმაზე?

“მიმინოს” სამონტაჟო სამუშაოებს ავლაბარში დიზაინერთა კავშირის ყოფილი თანამშრომლები ასრულებდნენ. დიზაინერთა კავშირი წერეთელმა თბილისში 1999 წელს დააარსა, თუმცა რამდენიმე წელია, ორგანიზაცია აღარ ფუნქციონირებს.  

ვინ და როგორ ჩამოიტანა ბრინჯაოს უზარმაზარი ძეგლები თბილისში ქვეყნიდან, რომელთანაც საქართველოს 2008 წლის ომის შემდეგ დიპლომატიური ურთიერთობები შეწყვეტილი აქვს, უცნობია. წერეთლის წარმომადგენელი თბილისში მხოლოდ იმას ამბობს, ისიც არაოფიციალურ საუბარში, რომ ეს წერეთლის საჩუქარია და საქართველოს მთავრობას ჰონორარი არ გადაუხდია. ზოგადად კი, ზაურ კანდელაკი არ ესაუბრება მედიას არც ერთ საკითხზე და ჟურნალისტებს თბილისის მერიისკენ მიუთითებს.

თბილისის მერიის პრესსამსახურის ცნობით, პატრიარქის ქანდაკების რუსეთიდან ჩამოტანასთან დაკავშირებით მერია ინფორმაციას არ ფლობს და მათთვის არც არავის მიუმართავს პატრიარქის ძეგლისთვის ადგილის გამოყოფის მოთხოვნით. ილია II–ის ძეგლის საკითხის გარდა, “ნეტგაზეთი” დაინტერესდა, მიიღო თუ არა მერიამ გადაწყვეტილება, სად დაიდგმება სუხიშვილის და რამიშვილის ქანდაკებები, რაზეც პრესამსახურში გვიპასუხეს, რომ ჯერ არაა გადაწყვეტილება მიღებული. ხოლო კითხვაზე, საერთოდ, ვინ და რატომ მიიღო გადაწყვეტილება ზურაბ წერეთლის ქანდაკებების თბილისში დადგმაზე, მერიის პრესსამსახურის წარმომადგენელმა 14 სექტემბერს გვითხრა, რომ “გაარკვევს და თავად დაგვიკავშირდება”.

“ნეტგაზეთი” 13 სექტემბერსაც დაუკავშირდა თბილისის მერიის პრესსამსახურს და “მიმინოსთან” დაკავშირებით ჰკითხა. პასუხი ასეთი იყო:  “ესაა სიურპრიზი და ჩვენ ყველა ერთად ვნახავთ, რა იქნება და როგორ. ესაა სიურპრიზი, სხვა დამატებით ინფორმაციას მანამდე არ გავცემთ”.

მასალების გადაბეჭდვის წესი