
ბათუმის კულტურის ცენტრი, რომელიც გასულ კვირას პომპეზურად გაიხსნა, საპრემიერო ჩვენებებს აგრძელებს. ახალი მიუზიკლი “ქეთო და კოტე”, რომლის პრემიერაც სპეციალურად განახლებული შენობის გახსნას დაამთხვიეს, ნიკა მემანიშვილმა ვიქტორ დოლიძის საოპერო და არჩილ დოლიძის კინომუსიკის არანჟირებით წარუდგინა მაყურებელს. დეკორაციებისა და კოსტიუმების მხატვარი თამარ კვესიტაძე, სპექტაკლის რეჟისორი კი დავით დოიაშვილია.
საპრემიერო ჩვენებაზე, რომელსაც მიხეილ სააკაშვილი მეუღლესთან ერთად ესწრებოდა, ცნობილი მომღერლები: ლადო ათანელი, პაატა ბურჭულაძე, ნინო ანანიაშვილი, ნანი ბრეგვაძე, ნინო ქათამაძე და ეკა კახიანი მონაწილეობდნენ. ქეთოს პარტია სოფო ნიჟარაძემ, კოტეს როლი კი ბათუმელმა ნიკა ბერიძემ შეასრულა. შემდეგი ჩვენებებისთვის კი რამდენიმე როლი სხვა შემსრულებლებმა, დუბლიორებმა ჩაანაცვლეს.
გავრცელებული ინფორმაციით, საპრემიერო ჩვენებაზე გახსნის დღეს დარბაზი, ძირითადად, თბილისელმა სტუმრებმა შეავსეს, ბათუმში კი მხოლოდ 40 ბილეთი გაიყიდა, რამაც საზოგადოების გარკვეული ნაწილის გულისწყრომა გამოიწვია.
ცენტრის ხელმძღვანელის, თენგიზ ჯაფარიძის თქმით, “დარბაზი 1200 ადამიანს იტევს და ის არ არის სტადიონი, რომ 1500 შევიდეს. სწორედ ამიტომ გაკეთდა რვა სპექტაკლი, რომ ყველასთვის გახდეს ხელმისაწვდომი. რაც შეეხება დუბლიორების ჩანაცვლებას, ყველა სპექტაკლში მღერის ნანი ბრეგვაძე და მღერიან სხვა ვარსკვლავებიც. ყველა ჩვენებაზე ცეკვავენ “სუხიშვილებიც” და არავითარი ჩანაცვლება არ ხდება. გთხოვთ, ნუ ვიქნებით სნობები, შემდეგი სპექტაკლები გაცილებით უკეთესია”.
კულტურის ცენტრი ბათუმის მუსიკალური ცენტრის ბაზაზე შეიქმნა და სიმფონიურ ორკესტრს, კაპელას, საოპერო სტუდიას, ახალგაზრდულ მუსიკალურ თეატრს და კვარტეტ “ნოტას” აერთიანებს. ამ დროისათვის ბათუმის კულტურის ცენტრში 350-მდე ადამიანია დასაქმებული, ცენტრის დირექტორი თენგიზ ჯაფარიძე არ გამორიცხავს ტექნიკური პერსონალის დამატებასაც.
შენობის არქიტექტურა ვახტანგ ხმალაძეს ეკუთვნის. ცენტრს აქვს დარბაზი თანამედროვე აღჭურვილობით, 1200 ესპანური წითელი სავარძლითა და დიდი იტალიური ჭაღით; მოწესრიგებულია კომუნიკაციებიც; ზაფხულში გამაგრილებელი სისტემა იმუშავებს, ზამთარში კი მაყურებელს თბილი დარბაზი დახვდება; შენობის მეორე სართულზე არის საგამოფენო სივრცე, ადგილი, სადაც საესტრადო და ჯაზ–კონცერტების გამართვა იქნება შესაძლებელი; არის საკონფერენციო სივრცეც, მომავალში კაფეს მოწყობაც იგეგმება.
თენგიზ ჯაფარიძის თქმით, “ყველა პირობა არსებობს იმისათვის, რომ დარბაზმა ზამთარშიც და ზაფხულშიც შეუსვენებლად იფუნქციონიროს”.
ბათუმის კულტურის ცენტრი საჯარო სამართლის იურიდიულ პირად ჩამოყალიბდა და მას გარკვეული კომერციული საქმიანობით (დარბაზის გაქირავება იქნება ეს, თუ რაიმე სხვა სახის ღონისძიება) დამატებითი შემოსავლების მიღებაც შეუძლია. ამ ეტაპზე კი თანხა კულტურის ცენტრის ხარჯებისთვის აჭარის განთლების სამინისტროს ბიუჯეტშია გათვალისწინებული.
აჭარის განათლების მინისტრი გია აბულაძე ამ ცენტრზე დიდ იმედს ამყარებს და ამბობს, რომ “ეს არ არის მარტო ვიზუალურად ლამაზი შენობა. ის შეძლებს დიდი წვლილი შეიტანოს რეგიონის კულტურულ საქმიანობაში, ასევე, ტურიზმის განვითარებაში. გარდა ამისა, ხელოვნების უნივერსიტეტის სტუდენტებს მიეცემათ საშუალება, ეს ინფრასტრუქტურა თავიანთი მიზნებისათვის გამოიყენონ”.
სპექტაკლ “ქეთო და კოტეზე” დასწრება მაყურებელს პარტერში 15-დან 20 ლარამდე უჯდება, ბილეთი ლოჟაში – 25 ლარი ღირს. ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, სპექტაკლის უფასოდ ნახვის საშუალება ცენტრთან ახლოს მცხოვრებ მოსახლეობას რამდენჯერმე მისცეს, მათ შორის ბევრმა გენერალური რეპეტიციის ნახვაც კი შეძლო: “15 აგვისტოს კულტურის ცენტრის წინ ვსეირნობდი, საღამოს ცხრა საათი იქნებოდა, შენობაში შევედი, გენერალური რეპეტიცია მიმდინარეობდა, ადგილობრივ მცხოვრებლებს უფლება მოგვცეს, დავსწრებოდით რეპეტიციას. სპექტაკლი მართლაც შეუდარებელი იყო, კოსტიუმები, სიუჟეტი, ყველაფერი დაუვიწყარი იყო, რეპეტიცია თერთმეტის ნახევრამდე გაგრძელდა,”- ამბობს შორენა ბერძენიშვილი.
ბათუმის კულტურის სახლის შენობის განახლებისთვის აჭარის მთავრობის პროგრამით 32 მილიონი ლარი იყო გამოყოფილი.
ბათუმის კულტურის ცენტრში დაგეგმილი ღონისძიებები:
25 აგვისტო: ფესტივალი “ღამის სერენადები”, გახსნა. ფესტივალის გახსნაზე ლიანა იასაკაძესთან ერთად ბათუმის მუსიკალური ცენტრის სიმფონიური ორკესტრი დაუკრავს;
27 აგვისტო: ცნობილ რუსი მომღერლის, ჯულია ნოვიკოვას კონცერტი;
7-18 სექტემბერი: “ერისიონის” კონცერტი.




