ხელოვნება

ლაშა ბუღაძე საერთაშორისო რადიოპიესების კონკურსის გამარჯვებულია

12 აგვისტო, 2011 • 2025
ლაშა ბუღაძე საერთაშორისო რადიოპიესების კონკურსის გამარჯვებულია

„ბიბისის“ და ბრიტანეთის საბჭოს რადიო პიესების საერთაშორისო კონკურსის მთავარი პრიზის მფლობელი გახდა ქართველი მწერალი ლაშა ბუღაძე პიესისთვის „ნავიგატორი“.

ამის თაობაზე ინფორმაციას „ბიბისი“ დღეს აქვეყნებს, თავად ლაშა ბუღაძემ კი ინფორმაცია რამდენი დღის წინ მიიღო:

„ამ კონკურსის შესახებ გავიგე ბრიტანეთის საბჭოს თბილისის ოფისიდან და პიესა ამ ოთხი– ხუთი თვის წინ გავაგზავნე. დაახლოებით ერთი თვის წინ  ჩემი პიესა  „შორთ ლისტში აღმოჩნდა.  ძალიან გახარებული ვიყავი და მართალი რომ გითხრათ, არ მოველოდი, რომ გავიმარჯვებდი. რამდენიმე დღის წინ მომწერეს წერილი და მთხოვეს ტელეფონის ნომერი.  და ვიეჭვე,  რაკი ტელეფონის ნომერი მთხოვეს, ალბათ არ არის მთლად ჩვეულებრივად მეთქი“.

ამის შემდეგ მწერალს  „ბიბისიდან“ დაუკავშირდნენ და ინტერვიუც ჩაწერეს. ლაშა ბუღაძე „ნეტგაზეთთანაც“ იმავეს ამბობს, რაც „ბიბისის“ უთხრა:

„არა მხოლოდ ჩემთვის, არამედ, ცხადია, ჩემი კოლეგებისთვისაც და ქვეყნისთვისაც კარგია“.

გამარჯვებული პიესის ინგლისური თარგმანის ავტორი მაია ყიასაშვილია. პიესას რადიო „ბიბისი“ ჩაწერს და ეთერში გაუშვებს. რეპეტიციებს და ჩაწერას, როგორც ბუღაძე ამბობს, თავადაც დაესწრება.

მანამდე კი ლონდონში შექსპირის გლობუსის თეატრში დაჯილდოვების ცერემონიალს დაესწრება, რომელიც 8 ოქტომბერსაა დაგეგმილი.

ამას ბუღაძე „ამაღელვებელს“  და „ძალიან სასიხარულოს“უწოდებს.

„ესაა მოსასმენი პიესა, თუმცა შეიძლება სცენაზეც განხორციელდეს, მაგრამ მას შემდეგ, რაც „ბიბისიზე“ გავა. მანამდე მე არც გამოქვეყნების უფლება მაქვს და არც წარმოდგენის“, – ამბობს გამარჯვებული პიესის ავტორი და   „ნეტგაზეთს“ მოკლედ უყვება რის შესახებაა პიესა:

„ეს არის ადამიანზე,  რომელსაც ყავს  მანქანა ნავიგატორით.  მოგეხსენებათ,   მანქანებში არის ნავიგაციის საშუალება, ნავიგატორი, რომელსაც შეუძლია ლაპარაკი შენთან და რომელიც მიგითითებს გზას –მარცხნივ გაუხვიე, მარჯვნივ და ასე შემდეგ. რამდენჯერმე ვიყავი უცხოეთში და ერთი ჩემი მეგობარი ისეთ მოწყენილ ქალაქში ცხოვრობს, რომ ერთდარეთი მისი მეგობარი ეს მანქანის ნავიგატორი იყო.

და გადავწყვიტე, რომ დამეწერა ასეთ რაღაცაზე პიესა,  სადაც რეალურად ადამიანის ერთადერთი და რეალური მეგობარი  ნავიგატორია. რომანიც კი უჩნდებათ მათ ერთმანეთთან–  მანქანის პატრონსა და ნავიგატორს.  აი, ამაზეა პიესა, თუმცა მხოლოდ ამაზე არა.

ესაა პიესა ადამიანზე, რომელსაც გარკვეული კომპლექსები აქვს, ფუნქცია აქვს დაკარგული და ეს „ადამიანი“, ეს ხმა, რომელიც  ესმის  ამ მანქანში და უთითებს მას გზის მიმართულების შესახებ, არა მხოლოდ გზაზე უთითებს, არამედ ცხოვრებაზეც. ორი სიტყვით, ბანალურად ასეა.  ძალიან რთულია ასე მოყოლა“.

„ბიბისი“ „შავ კომედიას“ უწოდებს ლაშა ბუღაძის გამარჯვებულ პიესას.

მეორე ავტორი, რომელმაც წელს „ბიბისის“ კონკურსის მთავარი პრიზი მიიღო, ჩინელი ფერნანდა ჯაბერია.

მასალების გადაბეჭდვის წესი