ხელოვნება

არა ვარ კარგად – თბილისის სათქმელი, რომელსაც მერიამ სივრცე არ გამოუყო

29 მაისი, 2015 • • 1686
არა ვარ კარგად – თბილისის სათქმელი, რომელსაც მერიამ სივრცე არ გამოუყო

 “უარე ქალაქს” ორგანიზაციის “იარე ფეხით” პროექტია, რომელის ფარგლებში ღია კონკურსი ჩატარდა, 60 აპლიკანტიდან კი გამარჯვებული პროექტი ჟიურიმ გამოავლინა. მისი ავტორი  ფოტოგრაფი, კინოს ფოტოგრაფი და დამწყები დიზაინერი  მარიამ კალანდარიშვილია.

 

კონცეფციის მიხედვით, მესიჯი – არა ვარ კარგად –  ქალაქის სტატუსის განახლება, ერთგვარი “status update”-ია, რომლის განთავსებაც თბილისში, ელიავას მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ფერდობზე ერთი თვით სურდათ პროექტის ორგანიზატორებს, თუმცა თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურისგან უარი მიიღეს. ინსტალაცია, რომელიც ვარდისფერი, მოცულობითი ასოებით უნდა შექმნილიყო, როგორც ორგანიზაციის დირექტორი ელენე მარგველაშვილი ამბობს,  მერიამ ნეგატიური შინაარსის გამო დაიწუნა.

 

“მივიღეთ პასუხი, რომ ნამუშევრის ზომა, ფერი, ადგილმდებარეობა და, რაც მთავარია, შინაარსი იყი ნეგატიური ქალაქისთვის და ისინი ვერ ხედავდნენ მის საჭიროებას. ეს ნამუშევარი განიხილეს არა როგორც არტი, არამედ როგორც პოლიტიკური ან სოციალური მესიჯი.  სადაც ასეთი ნამუშევრები თავსდება, იქ სადისკუსიო სივრცე იქმნება, შემდეგ ადამიანები დაფიქრდებიან, თანამოაზრეები იკრიბებიან. ჩვენ გვინდოდა, რომ  საუბარი დაწყებულიყო, თითოეული ნამუშევარი ეძღვნება საჯარო სივრცის გარდაქმნას”, -ამბობს ელენე მარგველაშვილი “ნეტგაზეთთან” საუბრისას. 

 

არა ვარ კარგად – ეს არის თამაში მესიჯსა და ფერს შორის. როგორც ელენე მარგველაშვილი განმარტავს, წარწერა გამოხატავს იმ მდგომარეობას, რომელშიც თბილისი იმყოფება:

 

“წარწერას მე არ დავარქმევდი ნეგატიურს, ეს არის  არტისტის ხედვა და გამოხატულება, მაგრამ თვითონ წარწერა, რომელიც არის მჭახე და უხეში, ვარდისფერ ფერშია. ზუსტად ამიტომ მოეწონათ ჟიურის წევრებს, რომ ფერსა და წარწერას შორის შეუსაბამო შეხამება იყო და ამით ხდებოდა მოქალაქის ყურადღების მიქცევა, რადგან  არსებობს მოლოდინი, რომ ვარდისფრად უნდა ეწეროს პოზიტიური  წარწერა. რა თქმა უნდა, თბილისი არ არის კარგად,  იმხელა საცობებია ქალაქში, თბილისში არის სამჯერ უფრო დაბინძურებული ჰაერი. ვიდრე ყველაზე დაბალი დასაშვები დონე სხვა ქალაქებში. თბილისი არ არის კარგად განაშენიანების თუ ახალი მშენებლობების  თვალსაზრისით, იპოდრომი იქნება, პანორამა თბილისი თუ სხვა. ქალაქი არ არის კარგად , მას არ ჰყავს პატრონი”,-ამბობს ელენე მარგველაშვილი. 

 

“ნეტგაზეთი” დაუკავშირდა ქალაქ თბილისის მერიასაც, რათა გაერკვია თუ რატომ იყო აღნიშნული ინსტალაცია მიუღებელი მათთვის. მერიისგან ის პასუხი მივიღეთ, რომელიც თავად ინიციატივის ავტორებს გაეგზავნათ უარის ფორმით:

 

“ვინაიდან აღნიშნული სარეკლამო წარწერის (მოცულობითი ასოები) მოწყობა დაგეგმილი გაქვთ ქალაქის ერთ–ერთ მნიშვნელოვან ადგილზე , მდინარე მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, ვახუშტის ხიდის მიმდებარედ, რომელიც წარმოადგენს გზაჯვარედინს, სატრანსპორტო საშუალებათა გადაადგილების საკვანძო მონაკვეთს და ვინაიდან თქვენ მიერ დაგეგმილი სარეკლამო ასოების (ინსტალაციის) მოწყობა წარმოდგენილი გაბარიტული ზომებით გამოიწვევს მძღოლთა თვალთახედვის არეალის გააუარესებას და ასევე  მიუღებელია სარეკლამო ტექსტის შინაარსიც, აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია წარმოდგენილი ფოტომონტაჟის მიხედვით ამ კონკრეტულ ადგილზე თქვენ მიერ დაგეგმილი სამუშაოების განხორციელება  და მოკლებულია შესაძლებლობას დააკმაყოფილოს თქვენი მოთხოვნა”- ვკითხულობთ მერიის არქიტექტურული სამსახურის პასუხში.

 

მიუხედავად ამისა, ინსტალაციისთვის ადგილი თბილისში მაინც გამოინახა. წარწერა “არტარეას” ეზოში განთავსდება და მისი პრეზენტაცია 30 მაისს, 20:00 საათზე შედგება.

 

“იქნება პროექცია, სადაც თბილისი განაახლებს თავის სტატუსს  და განუმარტავს  მოქალაქეებს, თუ რატომ არ არის კარგად,  თვითონ მოქალაქეების მიერ მოწერილი სტატუსები იქნება კედელზე ნაჩვენები”,- ამბობს ელენე მარგველაშვილი.

 

ორგანიზაცია”იარე ფეხით” უკვე 2 წელია მუშაობს ქვეითთა პრობლემატიკაზე. ივნისში კი გაფართოებას გეგმავს და მასში გაწევრიანება ყველა მსურველისთვის შესაძლებელი იქნება.



ინსტალაციაზე მუშაობის პროცესი
ინსტალაციაზე მუშაობის პროცესი

ინსტალაციაზე მუშაობის პროცესი
ინსტალაციაზე მუშაობის პროცესი

ინსტალაციაზე მუშაობის პროცესი
ინსტალაციაზე მუშაობის პროცესი

ინსტალაციაზე მუშაობის პროცესი
ინსტალაციაზე მუშაობის პროცესი

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი